ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2008


საჭმელი ჯერ მზად არ არის

- ო-ჰო-ჰო-ჰო, რა სურნელი ტრიალებს!..
- მოითმინე! ჯერ ყველაფერი მზად არ არის...
- ძალიან მშია, ვეღარ ვითმენ...
- არ შეიძლება! ხომ გითხარი, ჯერ მზად არ არის-მეთქი!..
- ამ სუნმა სულ გადამრია, უკვე კუჭი მეწვის...
- აცალე, ხომ ხედავ როგორ ფუსფუსებენ, სულ ცოტაღა დარჩა და ყველაფერი მზად იქნება...
- ერთ ლუკმას მაინც გავსინჯავ რა...
- არა-მეთქი! არ შეიძლება!.. რა მოუთმენლები ხართ ეს ახალგაზრდები... დაიოკე სურვილი, მალე დაამთავრებენ და მერე ყველანი ერთად შევექცევით საჭმელს...

მინდორზე ბრძოლა გაჩაღებულიყო... მეომრები ხმლებითა და შუბებით ერკინებოდნენ ერთმანეთს... ნაწრთობი ფოლადი მარჯვნივ და მარცხნივ კვეთდა აბჯარს და მასთან ერთად ახალგაზრდა, ნავარჯიშებ სხეულს... ერთი-მეორეს მიყოლებით ეცემოდნენ ნარჩევი ვაჟკაცები მიწაზე... ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელი იყო... არც ერთ მხარეს არ უნდოდა დათმობა... მეომართა გულებიდან სიმამაცე ისევე ჩქეფდა, როგორც სისიხლი მათივე იარებიდან... ყოველ ახალ ჭრილობასთან, ყოველ დაღვრილ სისხლის წვეთთან ერთად იმატებდა მეომრების სიმამაცეც და ბრძოლის სისასტიკეც... ძალები თანაბარი იყო... ბევრი ჩაიხოცა... ცოცხლებს ძალა ეცლებოდათ, მაგრამ სისხლისღვრა მაინც გრძელდებოდა...
უკანასკნელი, გადარჩენილი მეომრები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ... ორივე მხარეს ოც-ოციოდე ჯარისკაციღა იქნებოდა... ისინი იდგნენ და ისე უყურებდნენ მტერს თვალებში, თითქოს მათი აზრების ამოკითხვას ცდილობენო... უყურებდნენ და საბოლოო შერკინებისათვის ემზადებოდნენ... ადამიანის ხმა აღარსაიდან ისმოდა, დაჭრილებსაც კი დაეხოცათ ერთმანეთი... მხოლოდ ისინი... ერთმანეთის პირისპირ... ისინი და სისხლის სუნით გადარეული სვავები, რომლებიც ჯერ ქვევით არ ეშვებოდნენ, დასასრულს ელოდებოდნენ და ამ მოლოდინში ჯგუფ-ჯგუფად დასტრიალებდნენ მეომრებს თავზე...
თითოეულმა მეომარმა იცოდა, რომ ცოცხალი არავინ გადარჩებოდა, იცოდა, რომ ყველა სვავების ლუკმა გახდებოდა, მაგრამ მეგობრების სისხლით მორწყული მიწა მაინც ბრძოლაში ერეკებოდა. და აი, უკანასკნელი შეძახილი... არა, უფრო ღრიალი, გაცხოველებული ბღავილი, უკანასკნელი ძალების მოკრეფა და უკანასკნელი შეჯახება... კვლავ განახლდა ბრძოლა... კვლავ შეეხო სისხლიანი ფოლადი დაკუნთულ სხეულს... კიდევ ერთი უსულო, შუაზე გაჩეხილი ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე... კიდევ ერთი წყვილი თვალი ჩააშტერდა უაზროდ ცას... კიდევ ერთხელ ავარდა ადუღებული სისხლის ოხშივარი ჰაერში...

- ახლა კი დროა, ბიჭებო! ძირს ვეშვებით!..
- ო, რა გემრიელი საჭმელი გველოდება!..
- არ აჩქარდეთ, ყვალას გვეყოფა, ხომ ხედავთ რამდენი საჭმელია?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები