ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2011


საიდუმლო ცრემლები

  მე დედას ვგავარ-ჩვენ არასდროს არავის ვანახებთ ცრემლებს.


  დღეს დედას მივაკითხე ბაზარში (იქ მუშაობს-ბოსტნეულს ყიდის). არ მელოდა. რომ მივედი სავსე ტომარა შემოედო მხარზე და მიათრევდა. ჭიანჭველას ჰგავდა ამ დროს - თავისზე დიდ ტვირთს რომ ეზიდება... აქეთ-იქით იხედებოდა წელში მოხრილი, თითქოს ერიდებაო ნაცნობების თვალს.
    სასწრაფოდ მოვტრიალდი და სახლში წავედი. საძინებელში შევედი, სადაც მამის სურათი კიდია კედელზე. სიბრაზე მახრჩობდა.
  -მაა, რატომ დაგვტოვე? რატომ დაარქვი დედას ქვრივი?- სიმწრით ვიმეორებდი. მერე მამის სურათი ჩამოვხსენი და უჯრაში შევინახე.
  არავინ მხედავდა და ცრემლსაც აღარ ვიკავებდი, მთელი ხმით ვღრიალებდი...


  საღამოს დედა მოვიდა. საჭმელი მოიტანა, გაამზადა, მაჭამა...
  მერე ოთახში შევიდა და დიდხანს აღარ გამოვიდა. გამიკვირდა და მეც შევედი. ის იმ ადგილას იდგა, სადაც დღეს დილით მამიკოს სურათი ეკიდა, და ტიროდა...
  კანკალმა ამიტანა...
  -დღეს რისთვის მომაკითხე?- მკითხა დედამ და მივხვდი, ბაზარში ვენახე და არ შეემჩნია...
    მამიკოს სურათი გადმოვიღე თაროდან და ისევ კედელზე დავკიდე.
  -მაპატიე, მა... -ვბუტბუტებდი და ვტიროდი...


  ...და იმ დღიდან დედიკოსთვის საიდუმლო არ არის ჩემი ცრემლები, არც ჩემთვის -მისი...
  მე დედას ვგავარ-ჩვენ არასდროს არავის ვანახებთ ცრემლებს... ერთურთის გარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები