ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2011


წარმოდგენა იწყება (XIX ნაწილი)

რეპეტიციდან წამოსული სახლში მარშუტკით ვბრუნდები, ჩანთაში ტელეფონს ვეძებ, ხო არ დამრჩა-მეთქი. სცენართან ერთად რაღაც ფურცელია, გუჩის ნაწერია ეტყობა, ხელს ხო ვცნობ! აბა ვნახოთ, ახალი სცენარია ალბათ, მარშუტკის  ნჯღრევის ფონზე,  სრული იდილია: 
    საკე და ჭაჭა
`დღეს, ადგილობრივი დროით ორ საათზე,
როცა საქართველოში ჯერ კიდევ ბნელა,
შავი კოსტუმით და ტყავის ფეხსაცმლით შემოსილი,
სუფთად წვერგაპარსული ქართველი ოპერატორი,
(რეგლამენტია ასეთი)
წუთნახევრით გადაიღებს...
შავი კოსტუმით და ტყავის ფეხსაცმლით შემოსილ,
სუფთად წვერგაპარსულ იაპონელ იმპერატორს.   
პირველი ქალბატონები  ყვავილებზე საუბრობენ,
იკებანათი უნდა თავი მოიწონოს  დედოფალმა.
დინჯად ყვება როკაკუდოს ტაძრის ერთ-ერთი
ყვავილების მოყვარე მღვდლის ამბავს.
პირველი ლედი პირველი ვარდების რევოლუციას იხსენებს,
თურმე ვარდიც შეიძლება იყოს იარაღი. 
ჩვენი პრეზიდენტი იაპონელ იმპერატორს
ორმოცი წუთი უხსნის
(პროტოკოლის უფროსის ცქმუტვის ფონზე,
თანმხლებ პირთან იაპონური ბაზარით,
`ჯერ დაიგვიანა, ახლა დროს გადააცილაო~, 
ლამის  ჩაიტაროს ხარაკირი - 
ჭერზე მილურსმული რომ არ ჩანს ისე
ხარხარებს ეშმაკი - რატოო, თუ არა კი?)
თუ საქართველო სად არის.
`ქარი უმღერის ნანასაო,~ - დააყოლებს,
იაპონიას ქარით გააკვირვებ?!
`ზღაპარს უამბობს  ჭადარიო...~ -  გააგრძელებს...
იაპონელებს ზღაპრების არ სჯერა,
რუსებს ცრემლების,
ქართველებს  გვჯერა ყველას და ყველაფრის,
მზე ახლა ჩვენთან (ძლივს) აღმოსავლეთიდან ამოდის
(ასეა, კი...).
ტოკიოს სუპერმარკეტებში კი ქართული იოგურტი
იაპონელებს ასი წლის სიცოცხლეს პირდება...
(აბა, კი...). 
ღამით კი, როცა რამდენიმე გეიშა დააგემოვნებს
ქართულ ხასიათსა და ბიუჯეტს...
საპრეზიდენტო დელეგაცია აწყობს სუპერაქციას – არაკი,
სუფრაზე ერთადაა ჭაჭა და საკე, იაპონური არაყი,
მერე აკვარიუმებში თევზები აცეკვდებიან: 
ამომავალი მზის ქვეყანაში მიწისძვრებია...~
ნეტა არ გამიგიჟდებოდეს თანაშემწე, ლექსებსაც წერს თურმე. ისევ ბეჭედი. დარბაზში სულ  დამავიწყდა ეს ამბავი,  კარგია თეატრი გავიწყებს ყველაფერს. დღევანდელ რეპეტიციას გადავავლო თვალი, ისევ ისა სჯობს.
`(მალხაზა) - მარა და ბარა არ ვიცი მე! ბაბუაშენისაა ეს თეატრი, ტიტიკო  თუ იმპერიის?
- (ტიტიკო) იმპერიის მარა...
-  (მალხაზა) ე, კიდო მარა! ხოდა დაიწყეთ ახლავე, ამდენი ლაპარაკის თავი არ მაქვს მე...~ 
არაქათის გამოცლამდე ვათამაშებ ერთი და იმავე ეპიზოდს. ავტომატიზმამდე მინდა ყველაფერი მივიდეს. საკვირველი რა არის, არ ბუზღუნებენ.  ერთი და იმავე ეპიზოდს როცა ხშირად თამაშობ, გბეზრდება... თუ თავიდან სასაცილო და საინტერესო ჩანდა, ახლა უკვე გაკვირვებული ხარ, აქ სასაცილო რა იყოო. მაგრამ ესენი ასრულებენ მაინც, უსიტყვოდ, როგორც ნამდვილი პროფესიონალები. თითქოს ხელშეკრულება ჰქონდეთ გაფორმებულები და დიდი ჰონორარები ელოდნენ.
ეპიზოდებად ვიხსნებ მთელ რეპეტიციას... და უცებ ბრუნდები იმ სხვა სამყაროდან რასაც თეატრი ქვია და გახსენდება რაღაცა რაც გაწვება გულზე და გაფორიაქებს...
გუშინ ტაქსით დავრუნდი სახლში, დღეს მარშუტკით...
ფულს უნდა გავუფრთხილდე... შეიძლება ჩუმად ბეჭედი ვუყიდო ჩემს თავს, რომ ლუკამ არ გაიგოს ბეჭდის დაკარგვა.
ბეჭედი რა არის, არაფერი, პატარა ლითონის ნაჭერი... ბრჭყვიალა... მაგრამ  ეს სხვა იყო. 
ერთად ვიყიდეთ,  უფრო სწორად ფული ლუკას უფროსმა დამ მისცა,  თუ მართლა გიყვარს ბეჭედი უყიდე და დანიშნეო. არ დაუმალია, ხო შეეძლო არ ეთქვა, ჩემი ფულიაო ეთქვა.
მერე ნაცნობ ოქრომჭედელთან ვიყავით, ის თავის ნაცნობ გამყიდველებთან გაგვყვა, არ მოგატყუონო... დიდხანს ვარჩიეთ და ავარჩიეთ. 
მერე გაგვიჩნდა ტატო. ერთ ნაქირავებ ოთახში ვცხოვრობდით
ფული რომ შემოგვაკლდებოდა, დასალომბარდებლადაც არ მემეტებოდა...
ლექსი უყვარდა ამ მათემატიკოს კაცს:
`ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარად დავრჩით,
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა, მე შენ და ბავშვი~.
რაღაA დღეს მოვიხსენი. რა ვუთხრა...
შეიძლება არც DDდღეს მოიკითხოს არც ხვალ და ერთი კვირა არც გაიხსენოს, მაგრამ ერთიც იქნება და  ხო შენიშნავს, რომ  ხელზე არ მაქვს და მკითხავს სად არისო...
მოკლედ ავდგები და ამ სპექტაკლში აღებული ფულით სხვას ვიყიდი...
ეჰ, რა ვაჭრუკანა ვარ, ქვეყნის ოცი პროცენტი დაკარგული გვაქვს, მე ბეჭედს ვდარდობ...
ვდარდობ ვა, ამასაც ვდარდობ და იმასაც, აბა დარდით მაინც არ ვიდარდო?! 
ეს გივი, რექტორი,  რომ არ გამოჩენილიყო რა მეშველებოდა?
ახლა ისევ დღევანდელ რეპეტიციას აღვადგენ გონებაში და გამივლის ეს დარდი.
`- (ტიტიკო) კმარა, ეს უკვე მეტისმეტია...~
მეც კარგი  ტიპი ვარ, აბა ბავშვებს  ორ როლს ერთად ვათამაშებ, შილერის `ვერაგობა და სიყვარულიც~ უნდა ითამაშონ და დოჩანაშვილის დახატული პროვინციული თეატრის ამბავი.
არადა, რომ გამოსდით...
კმაყოფილებას არ ვეძლევი, ღმერთმა დამიფაროს! 
მოიცა სამჯერ დავაკაკუნო – ჩემის წინა სავარძელს ვუკაკუნებ. ვინც წინ ზის, მობრუნდა, მობრძანდითო... – გამიცინა.
უკაცრავად-მეთქი.
ეს კაცი  რა გაკვირვებული მიყურებს... თითქოს მეც მეცნობა... მგონი ის არის - მიბრუნდა ამასობაში. 
მე ხომ მერცხალივით ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს, ერთი თუ ვნახე ადამიანი, ვერ ვივიწყებ - ის არის.
ახლა  ერთი გაცინება ყველაფერს მირჩევნია, ზუსტად ის გამოხედვა, ალბათ ის არის - დაბერებულა ცოტა.
ოთხმოცდაათიანი წლებია, ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობდა  და კბენდა, ყველა მეორეს რომ ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული და დარბოდა,  ის დრო. მაშინაც რეპეტიციიდან ვბრუნდები.
ათამდე მგზავრი ვიჯექით, მერე წინ ადგილი განთავისუფლდა, ჩავიდა ვიღაც  და სხვა ამოვიდა -  ხმაურითა და სიმღერით...
`რა მადლიანად ანათებს..~ - მღერის. ნაყლაპში იყო ეტყობა. უცებ ჩვენ მოგვიბრუნდა – უკან ვინც ვიჯექით, ამყევითო... 
მოგცლია ბიძია შენო, - ერთმა ჭაღარა    კაცმა ჩაილაპარაკა... თუ მომცლიაო და კაცმა,  იმან ვინც წინ იჯდა და ახლა აგერ იყო ჩემს წინ, პისტოლეტი დააძრო, აბა ახლა იმღერეთ ყველამო და გააგრძელა:
`ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო...~ - თან პისტოლეტს დირიჟორის ჯოხივით იქნევს...
პირველი ის კაცი აყვა, ჭაღარა... `ჩემო საშობლო მხარეო...~ თან სხვებსაც შეგვეხვეწა -  დანარჩენებს, ავყვეთ, არ დამღუპოთ, ობოლი შვილიშვილები დამრჩა,  მე ვპატრონობო. ავყევით ნელ-ნელა სხვებიც 
რა საზიზღარი გრძნობაა, იარაღს რომ მოგიშვერენ და გამღერებენ. მღერის  მთელი მარშუტკა, მძღოლიც.  ექსკურსიიდან რომ ბრუნდებიან ერთი ჭკუის თანამშროლები, ისე მოდიოდ-მოიმღეროდა  ჩვენი მარშუტკა.
ახლა კი სიცილით ვიხსენებ, აბა მაშინ მკითხე. გვიყურებს გაკვირვებული ფეხის მოსიარულეები, თუმცა ის დრო იყო, კანტიკუნტად დადიოდა მაშინ ქალაქში ხალხიც და მანქანებიც...
მოვრჩით ბაშიაჩუკის არია. მერე გააჩერებინა პისტოლეტიანმა მძღოლს მანქანა. ეძებს რაღაცას.  ერთ ხელში პისტოლეტი ჰქონდა, მეორე ხელით ჯიბეში ეძებს რაღაცას.  ვფიქრობ ან მეორე პისტოლეტი, ან რეპერტუარს ეძებს ახალს ჯიბეში კიდევ  რომ გვამღეროს-მეთქი, არადა ფული ამოიღო, ხუთლარიანი, გადახდილი იქნება ამ  ხალხისო და შენიცო – მძღოლს  ეუბნება, ახლა მე ჩავდივარ და თქვენ გააგრძელეთ გზა და სიმღერაო  და  ჩავიდა...
ამოვისუნთქეთ, რა თქმა უნდა არავის არ გაუგრძელებია სიმღერა...
ნაწილი იცინოდა მარშუტკაში, ნაწილი ტიროდა - ისე, როგორც ორი თეატრალური ნიღაბია, მომცინარი და მომღიმარი...
მე ხო მაინც თეატრალურ სურათად აღვიქვამ ყველა ფაქტს,  თუმცა მაშინ ვერ მივხვდი, მეცინა თუ მეტირა – ვერც ერთი ნიღაბი ვერ მოვირგე.  ჩემი გაჩერებაც მალე იყო და ჩავედი, მივეცი ორმოცდაათი თეთრი, არ მართმევდა  მძღოლი გადახდილიაო, ჩემი არ გადაუხდიათ-მეთქი.
ავედი სახლში, მაშინ დამემართა ისტერიკა, რაღაც ბედად სინათლე იყო მოსული და ტელევიზორში ბაში-აჩუკი მღეროდა, `რა მადლიანად ანათებსო...~
ხელჩანთა ვესროლე, ბაში-აჩუკს თუ ტელევიზორს, რა მნიშვნელობა აქვს,  გამორთეთ-მეთქი...
რა გჭირსო ლუკამ, სახლში იყო მაშინ...
ავტირდი - დავიღალე-მეთქი... მერე რომ დავმშვიდი ცოტა, მოვუყევი რაც მჭირდა...
იცინა, რას ერჩი იმ კაცსო, ასე არ არის მომღერებლები, მღერიან და ფულს უხდიანო. კაცმა გამღერათ, მერე პატიოსნად ფული გადაუხდიაო. 
პისტოლეტ მოშვერილი არავინ მღერის-მეთქი. 
ეტყობა სადირიჟორო ჯოხი ვერ ნახა იმ კაცმაო - ხუმრობაში გაატარა, ისე შევატყვე დიდად არ გახარებია ეს ამბავი, უბრალოდ ჩემს დაწყნარებას ცდილობდა. 
რა ვუთხრა ახლა ამას, გავახსენო ეს ამბავი? და თვითონ ახსოვს კი?  უცებ მომინდა  მე მქონოდა ჯიბეში პისტოლეტი და მემღერებინა ეს კაცი `რა მადლიანად ანათებს~...
ჩავიდა ამასობაში, ზუსტად იქ სადაც მაშინ – ისევ იქ ცხოვრობს ანუ... ანუ ის არის.
მარშუტკამ გზა გააგრძელა, გამოვხედე ამ კაცს, წარსულს რომ გამოხედავს ადამიანი ისე... მოიცა, ეს ვინ არის... უკან, მოშორებით მომავალი მანქანა გუჩისას  მივამგვანე.  გვერდით მგონი ბარამი უზის, ამათ აქეთ რა უნდათ?!
ჩემი გაჩერებაც მოვიდა. ვაჩერებინებ მძღოლს. მანქანას გავხედე ისევ... იმათაც გაუჩერებიათ, მოშორებით... მახსენდება ბარამმა,  რომ მკითხა სად ცხოვრობო. 
ალბათ ამის გასაგებად გამომყვნენ, არა მგონია გუჩი იმიტომ გამომყოლდა ლექსი გაგყვათ ჩემი დაწერილიო.  ჩემი ბრალია, არ უნდა მეთქვა რეპეტიციაზე არაფერი, ჭორიკანა ქალივით გადმოვაგდე ენა. მაგრამ ადამიანი რომ ვარ მეც, გადმოვღვარე დაგუბებული დარდი.
თუმცა შეიძლება არც არიან ისინი,  ან თუ არიან და საქმე ჰქონდათ აქეთ.  ავდივარ სახლში...


*  *  *

-  დედაა, გეძახიან
-  ვინ არის? -  გუჩი და ბარამია ალბათ.
-  უზბეკაა, რაღაცა სათხოვარი მაქვსო...
-  შემოვიდეს... – ეს უზბეკა ვიცი,  პარალელურ  კლასელია ტატოს,  კარგი ბიჭია, რაღაც შარში გახვეულა და ციხეშიც იყო ორი წელი. ნეტა ამას რაღაA უნდა.
-  არაო, სულ ერთი წამითო, რაღაცა აინტერესებს, მგონი ბილეთი უნდა, შეყვარებულთან ერთად  უნდა წამოსვლა შენ ახალ სპექტაკლზე. პირადად უნდა ვთხოვოო... 
-  უზბეკა და თეატრი, დამცინი?!
-  ხო, არ ვიცი სათხოვარი მაქვსო...
-

*  *  *

-  გამარჯობათ ქალბატონო დალი, როგორ ბრძანდებით?
-  გმადლობთ. შენ როგორ ხარ უზბეკ? რამ შეგაწუხა, შემოდი... 
-  არა ქალბატონო დალი,  თხოვნა მაქვს, მეგობარია ერთი, გაგიჟებულია თეატრზე,  მგონი თქვენს სპექტაკლში უნდა მონაწილების მიღება, თუ ამიყვანსო?! ეს საჩუქარი გამოგიგზავნათ... – პარკს მაწვდის, თან ხელში ჩუმად ქაღალდში გახვეულ რაღაცას მიდებს, ალბათ ტატომ რომ არ შენიშნოს ისე. მოვსინჯე, ბეჭედია. პარკში ალბათ დღეს დაკარგული თეთრეული.
-  ვინ მეგობარი?!
-  არის ერთი, აქ მოსვლაზე ვერ დავითანხმე მორცხვია, ისეთი მორცხვია, სახელი და გვარიც  არ თქვაო, აბა რა მსახიობი დადგება მისგან?!  რას ურჩევთ. როგორ მოიქცეს?
-  რას ვურჩევ იცი, მანქანით ნუ დამედევნება უკან  და თუ აქეთ მოდიოდი, ბარემ წამოგეყვანე თქო, ასე უთხარი...
-  არ ვიცი ვისზე მეუბნებით ქალბატონო დალი,    ხო ერთია კიდევ,  არ იცოდა, აქ თუ თქვენ ცხოვრობდით, არც გიცნობთ საერთოდ. სხვა უბნელია, საერთოდ ჯართს აგროვებს და შემოუვლია, ძველი რადიატორები ხო არ ექნებათ მოსაჭრელიო.
-  რა რადიატორები?
-  არ ვიცი  ქალბატონო დალი, ვერ ვერკვევი ზუსტად მაგ საკითხებში.... არტისტობა უნდა მგონი, მაგრამ არა მგონია რამე გამოუვიდეს.  ხოდა წავედი ახლა მე. კარგად ბრძანდებოდეთ! კარგად ტატო... 
აი ახლა მივხვდი რას ნიშნავს - სახტად დავრჩი... 


XIX ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები