ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2011


ციკლიდან - მა (მესამე ლექსი)

პატარა ლამპა (დეკემბრის ბოლო)

ახლა მსოფლიო წაგებული თამაშია,
ხოლო პოეტი - გამოთქმაა ასეთი" - რეზო გეთიაშვილი

"თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდით და ყვითელი სვიტერით" - თორნიკე ჭელიძე

"შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი" - ნიკო სამადაშვილი

თეკლას

მა, ახლა (როგორც უმეტესად) მარტო ვარ, ღამე -
ტკივილს უკბილო მოხუცივით (ღრძილებით) ღეჭავს...
და როცა გვერდით ოთახებში სურვილებს ჭამენ
კედლები, უფრო მეპარება იმაში ეჭვი,
რომ ცა (ჩვენს ზემოთ) აღარ არის ღრუბლებით სავსე
და თითქოს ღია ფანჯარასთან ვიღაცა ყვირის...
გათენებამდე (იატაკზე) ვაგდივარ - ასე,
დილით კი - მკვდარი ვარსკვლავებით მევსება პირი.

ეს სიზმარია... ცხადში დღეებს (ვილაპარაკოთ -
ჩუმად) სუნი აქვთ (ილუზია) ქრიზანთემების...
და დედამიწა, ერთი დიდი, რა ვთქვათ - ბარაკი,
მთქნარებით ხვდება მორიგ დილას. დღესაც ევნება
იესო ჯვარზე და ეს ხალხიც ისევ მთელი ხმით
(ვის ახსოვს - ქრისტე) იღრიალებს ბარაბას - ერთხმად!
მე წაგიკითხავ, მა, მეგობრის - "ადოლფ ეიხმანს"
და პოეზიას ემსხვერპლება სიჩუმე. ეჰ, მა,
ისევ ყალბია ეს ხმაური - ქვაფენილების,
მაღიზიანებს ეს ნაწერიც, შევწყვეტ - ახლავე...
მა, ეს ლექსები - (უკანონო) ჩემი შვილები,
წესს ამიგებენ ამაღამაც და დამმარხავენ.

შენ კი, შენ სხვა ხარ, შენ სიცოცხლის სურნელი მოგაქვს,
შენ სინათლე ხარ, სასაცილო, პატარა ლამპა,
მა, მე ამ წუთებს არასოდეს გამოვიზოგავ,
მიდგეს ცხოვრება საშინელი სისწრაფით ხაპოს
ჩემი დღეები, სისხლში მყავხარ, ნერვებში, ჰოდა -
ამ ღრიანცელში - შენ ერთი ხარ, ვინც ჩემში უსტვენ!
და არაუშავს - მე თუ ახლა რაღაცას ვბოდავ,
მოძებნე გიჟი მამაშენი და ჩაეხუტე. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები