ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2011


ქალწული

  -ეს ერთი ღამე მაჩუქე!მინდა უბრალოდ გულზე თავი დაგადო, შენს სუნთქვას მოვუსმინო და სიყვარულზე გეტიტინო დაუსრულებლად... რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობ, იცი?


  საყვარელი მამაკაცის სუნთქვამ გააღვიძა, ყურის ბიბილოსთან რომ უღიტინებდა. ეს ყველაზე ლამაზი დილა იყო მის ცხოვრებაში.
  აბაზანაში შევიდა. გამოსულს დედამთილი დახვდა აივანზე მდგარი, გზას გაჰყურებდა.
  -დილა მშვიდობის, დედა.
  ქალმა არ უპასუხა.
  ოთახში შევიდა. ლოგინი გასწორებული დახვდა. ეუცხოვა და ცუდად ენიშნა. უნდოდა ქმრისთვის ეკითხა, ვინ იყო ოთახშიო, მაგრამ ის აბაზანაში შესულიყო.
  საუზმის მომზადება დაიწყო. ბოლო თეფშს დებდა მაგიდაზე, ჭიშკართან მამამისის მანქანა რომ გაჩერდა. გაუკვირდა. აივანზე გავიდა სირბილით:
  -რა მოხდა, მა? ასე უთენია რითვის მოხვედით? რა სახეები გაქვთ?
  -მე დავურეკე - შეეპასუხა დედამთილი.
  -რისთვის?-კიდევ უფრო გაოცდა ქალი.
  -რომ შენი თავი ჩავაბარო! სხვისი ნათრევი ქალი რძლად არ ეკადრება ჩემს ოჯახს! ამ დილით ზეწარს დავხედე და სისხლი არ იყო...
  ამ დროს ქმარი სააბაზანოდან გამოვიდა. ქალს იმედი ჩაესახა.
  -გესმის რას ამბობენ? გესმის, დათო? უთხარი, რომ ცდებიან!
  ქმარმა რაღაც ამოილუღლუღა მის დასაცავად, მაგრამ დედამთილმა გააწყვეტინა:
  -თქვენ, ახალგაზრდები, ყველაფერს აიტანთ სიყვარულისთვის, მაგრამ აქ ოჯახია... სახელია...
  მეუღლის უსუსურობისგან გამწარებულს, მამის ხელი მოხვდა მძიმედ სახეზე.
  დაეცა.
  მერე ყველაფერი დატრიალდა გარშემო - ჯერ ზლაზვნით, ტაატით, მერე აჩქარდა და...
  წამოდგა. კიბე სასწრაფოდ ჩაირბინა...
  მირბოდა და გრძნობდა, როგორ წყვეტდა სუნთქვას სამყარო...


  -ქალიშვილი არ ყოფლა და სახლიდან გაუგდიათ, ის უნამუსო - თქვა ღუმელთან მჯდომმა დედაკაცმა და ყავის ჭიქა გადააწოდა იქვე მჯდარ ულვაშებიან შინაბერას - კარგი ჭიქაა, "გული ამოიღე"...


  სწორედ ამ დროს, ჯოჯოხეთის ფარვანას ფრთასავით მსუბუქ კარს მძიმედ აღებდა თავდახრილი ქალწული მხარზე მოკიდებული ერთადერთი ცოდვით - თვითმკვლელობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები