ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 იანვარი, 2011


ეველინი

დედაჩემს ეველინი ჰქვია და ძალიან უცნაური ქალია.
ყოველ ღამე, როცა მე და იოჰანი დასაძინებლად მივდივართ, ის სკივრიდან პეტერის სურათს იღებს და ეფერება.
პეტერი ჩვენი ძმა იყო, სანამ ერთ დღეს მატარებელს არ გაჰყვა და სულ არ დაგვივიწყა.
იმ დღის შემდეგ, დედა ყოველ დილას შემოდის ჩვენს ოთახში და თმაზე გვკოცნის მე და იოჰანს. მერე ეველინი გადის და ამ დროს ჩვენ ყოველთვის რაღაც გვივარდება თვალში.
მე და იოჰანმა ერთმანეთი დავარწმუნეთ, რომ თუ ოდესმე დედას მივატოვებთ, ღმერთი აღარ გამოგვიგზავნის ვაშლის ნამცხვარს.
ჩვენ პატარა შვედურ სოფელში ვცხოვრობთ და მთელი წლის განმავლობაში ველოდებით, როდის გაიყინება ტბა ტყის პირას, რომ ვისრიალოთ.
------
-იოჰან, ხვალ რა უნდა მაჩუქო?
-ანიკა, ჩვენთან მხოლოდ მდიდრები აღნიშნავენ შობას.
მე სულაც არ მიკვირს იოჰანის პასუხი და ფეხშიშველი გავდივარ სამზარეულოში, თან გრძელი პერანგი მებლანდება ფეხებში.
ეველინს, როგორც ყოველთვის, ლურჯი კაბა აცვია, თმა ოქროსფერი სარჭით მაღლა აქვს აწეული და ბუხრში ცეცხლის ანთებას ცდილობს.
"პეტერ, ხვალ შენი დაბადების დღეა. ნეტა, თუ გამოგიცხობს ვინმე ვაშლის ნაცხვარს..",-დედა კაბის კალთით იწმენდს ცრემლს.
მე ცხვირში რაღაც მეწვება და ისევ ოთახში ვბრუნდები.
იოჰანს ჩასძინებია.
ლოგინის ქვეშ ჩვენი კატა წევს და კრუტუნებს.
-------
დედა ახლა ბუხარს აანთებს. მერე ცხელ შოკოლადს დაგვისხამს უზარმაზარ ჭიქებში და წავა, თან პატარა ხის სკამს წაიღებს.
ის ყოველ დღე ერთსა და იმავე მანძილს გადის.
ეველინი რკინიგზის სადგურთან ახლოს, მინდორში დგამს სკამს და მატარებელს ელოდება.
ხანდახან მე და იოჰანს საჭმელი მიგვაქვს მისთვის. ის ხელებზე გვკოცნის და გვეუბნება, რომ დღეს აუცილებლად დაბრუნდება პეტერი.
როცა მზე ჩასვლას იწყებს, ეველინი მშვიდი სახით ბრუნდება სახლში და ამბობს, რომ პეტერს რაღაც საქმე გამოუჩნდა სტოქჰოლმში.
მერე სამივე ერთად ვვახშმობთ და არასოდეს ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში.
ძილის წინ ეველინი თმას იშლის და ჩელოსთან ჯდება. ის ყოველთვის ერთსა და იმავე მელოდიას უკრავს.
მე და იოჰანი ვიძინებთ.
ქარი ხმაურით აწყდება ფანჯრებს.
------
შობის საღამო.
პეტერი არ დაბრუნებულა, არადა დედამ დილასვე გამოაცხო ვაშლის ნამცხვარი.
ბუხარში ცეცხლი ანთია.
-დედა, იცი, ტბა გაიყინა?- მე და იოჰანი გაყინულები შევცვივდით ოთახში. -დე, ვაშლის ნამცვარი გვაჭამე რა.
ეველინი ტირის და ჩელოზე უკრავს მელოდიას, რომელიც ჯერ  არ მოგვისმენია.
მე და იოჰანი ხელს ვკიდებთ ერთამანეთს  და ვიპარებით ოთახიდან. ისევ რაღაც ჩაგვივარდა თვალში. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ტოვებენ და არც ივიწყებენ.
ეველინი უკრავს.
თოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები