ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2011


შენს ხმაზე

  როცა დავწექი, თავი საშინლად მტკიოდა (გაცივდიო, ალბათ, -დედიკომ)
  გავიღვიძე და ხმა ჩახლეჩილი მქონდა. ჩიფჩიფით ვლაპარაკობდი (როგორც შენ, სასუნთქი მილის ოპერაციის შემდეგ).
  -ლოგინიდან არ ადგე, წამლებს დაგალევინებ და გაგივლის (იცის, რომ აბებს ვერ ვყლაპავ, მაგრამ მაინც მთხოვს მემილიონედ...)
  -დე, მიყვარხარ... - ეცნო მასაც შენი ხმა. არ თქვა, მაგრამ სევდამ დაასმინა თვალებიდან...
  მერე ცხელი ჩაი მოაქვს ლიმნით. (მიყვარს ჩაი.) ყელზე შალის შარფი მაქვს შემოხვეული, შენ რომ უყიდე დედას დაბადების დღეზე...
  საღამოს ლოგინიდან ადგომის უფლებას მაძლევს დედა.(მე მიხარია პატარა ბავშვივით) უკვე კარგად ვარ და ისევ ჩემი ხმით ვლაპარაკობ...

  დეკემბრის თოვლმა გამაღვიძა, დანისლულ ფანჯარაზე რომ მიხატავდა თითით სასაცილო ფიგურებს. გუშინდელი გაღვიძება მომენატრა და ... შენი ხმა.
  ავდექი. ჩუსტებს გვერდი ავუარე და გარეთ გავედი. ცივია თოვლი. სულ გამიწითლა ფეხისგულები (თეთრია და მიკვირს, როგორ აწითლებს)
  პატარა გუნდა გავაკეთე თოვლისგან. მერე ეს გუნდა მიწაზე დაგორავს და იზრდება... ლამაზი თოვლის პაპა გამომივიდა. ატალახდა თოვლი ეზოში, ჩემი ფეხისგულებიც უკვე მიწისფერია.
  ახლა ლოლუებს ჩამოვკრეფ სახურავიდან, თაიგულად ვაქცევ და ჩავიხუტებ, დავყნოსავ. მიყვარს ზამთრის სურნელი...
  საღამოს ისევ ამტკივდება ყელი, ამიწევს სიცხე და ავლაპარაკდები შენს ხმაზე (ოპერაციის შემდეგ რომ ლაპარაკობდი). მერე დედა ისევ მეტყვის წამალი დალიეო, მე კი ისევ არ დავლევ. განა იმიტომ, რომ მწარეა აბები, უბრალოდ, მინდა ძალიან დიდხანს ვილაპარაკო შენს ხმაზე და არ გამიაროს არასდროს...
  ცხელ ჩაისაც აღარ დავლევ!
  ილაპარაკე ჩემში, მა!
  იცოცხლე ჩემში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები