ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

აქაც პოეტი ვარ.............

თავის ძიებაში თბილისს შევეხიზნე
და მეს გადავხედე მწარე ირონიით,
ხელზე ჩამოვითვლი ალბათ შემდეგ მიზნებს,
ჩემი ოქროს თევზი გახდა პირანია.

ძველი გამზირები მოვრთე ილუზიით,
უშნო ქანდაკებად დავდგი სტრიქონები,
როგორ მსიამოვნებს სულის დიფუზია,
ისიც დაიშლება და მომიგონებენ,

როგორც გამოქცეულს მუზის საშოვარზე,
ჩემი ცხელი ორთქლი ვერ ცვლის არე-მარეს,
უკვე გადმოდუღდა გრძნობის სამოვარი,
ღამის მლოცველებმა უხმოდ ჩამიარეს.

ღამე დაილექა უკვე სულის სკერზე,
თავი შევითვისე ერთი მომენტიდან,
ვფიქრობ უცნაურად, ვფიქრობ სულ იმ ერთზე,
თბილისს ვეწვიე და აქაც პოეტი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები