ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2011


შენი ქვრივი ცოლი

შენი ქვრივი ცოლი
მარტოობის გვირაბით დადის,
და მომუჭულ თითებში ინახავს
ტანის სურნელს.
შენი ქვრივი ცოლი
ბალიშზე ცრემლებად ახატავს და
შლის სახელს გულისფიცარიდან,
შენი ღამეული მშვიდი სუნთქვა კი
სიმყუდროვეს ურღვევს.
მერე კი, ყოველ დილით
გამოდის სახლიდან და ცდილობს
სამუდამოდ ამოგშალოს
ტკივილჩაყენებული თვალებიდან.
ცხოვრობს და სულშესაფარს ეძებს
დიდი სახლის ცარიელ სიმყუდროვეში.
არასოდეს გლოვობს შენს თავს...
როგორ ვერ შეამჩნიე,
შენი ქვრივი ცოლი...
ჯერ კიდევ შენს სიცოცხლეში
რომ ჩააცვი თალხი.
მარტოობის გვირაბში ხელისცეცებით
ეძებს სინათლეს
და გზა და გზა ნაგროვებ სითბოს იზოგავს
უკანასკნელი ლუკმასავით.
ეშინია ნაადრევი ზამთრის
და უცხო კარზე აკაკუნებს..იქნებ გაუღონ.
კარს მიღმა
შეუმჩნევლად იღვიძებს გაზაფხული
და ამ თალხის ვარდისფერად
გადაქცევას ცდილობს.
ცხოვრებაში ხომ თუნდაც ერთხელ
ყველა კართან იჩოქებს ბედნიერება.
შენი ქვრივი ცოლის
მომუჭულ თითებში
ახლა ეს ბედნიერება იბუდებს...
და აღარ ეშინია ნაადრევი ზამთრის...
როგორ ვერ შეამჩნიე შენივე სიკვდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები