ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 თებერვალი, 2011


ქარების სადგური (აპათიას)


ქარი შავ ღრუბლებს აგროვებდა ცაზე.
სერჟეს პეპლების საჭერი ეკავა ხელში და შინ ბრუნდებოდა. თვალწინ მხოლოდ ცოლის ოდნავ გამობერილი მუცელი ედგა. ის ლიანდაგებზე მიდიოდა და ითვლიდა, რამდენი ნაბიჯით მიუახლოვდა სახლს.
ჯერ ადრე იყო მატარებლის მოსვლამდე.
სერჟეს სახლიდან როიალის ხმა ესმოდა.
ის ფანჯარას მიუახლოვდა, მერე ფარდა გადაწია და ოთახში შეიხედა.
მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა კონვერტები, ფოტოები და დილით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები.
როიალთან ბიჭურად თმაშეჭრილი ალისი იჯდა და უკრავდა.
არნი, თეთრი ფუმფულა კატა, ქალის ფეხებთან იწვა თვალებდახუჭული.
სერჟეს პეპლების საჭერი გაუვარდა ხელიდან.
-------
ყვავები ისხდნენ სახლის სახურავზე.
ფანჯარა ღია იყო და ქარს პურის ყანებიდან წამოსული სიმშვიდე შემოჰქონდა ოთახში.
ალის, ეს რატომ გააკეთე? - ხმადაბლა თქვა სერჟემ, ისე, რომ სარკის წინ დაყრილი თმისათვის თვალი არ მოუშორებია.
არნიმ თვალები გაახილა.
ალისს დაკვრა არ შეუწყვეტია, არც ხმა ამოუღია, მხოლოდ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.
ფარდებს აფრიალებდა ქარი.
სერჟემ  ფანჯრიდან გახედა შორეულ დათოვლილ მთებს და ტუჩზე იკბინა.
მატარებლის ხმა გაისმა.
ალისმა დაკვრა შეწყვიტა და მუცელზე დაიწყო ხელები: " ყვავილებს დავკრეფ და დავბრუნდები".
კაცი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ არ უცდია, შეეჩერებინა ცოლი.
ყვავები ხმაურით წამოიშალნენ სახლის სახურავიდან.
-------
იმ დღის შემდეგ, მზის ჩასვლის დროს სერჟე ლიანდაგზე ზის თვალებდახუჭული და იხსენებს იმ მომენტს, როდესაც პირველად ნახა ალისი, თეთრი კაბით და მაღალ ბალახებში გაბლანდული თმით.
ოთახში ისევ დგას როიალი და მაგიდაზეც ისევ ყრია კონვერტები.
ყოველი დღის ბოლოს, როცა მატარებლის ხმა ისმის, სერჟე ხელს იჩრდილავს და უყურებს ცაზე ყვითელ ლაქად დამჩნეულ მზეს. მერე ლიანდაგებს მიმართულებას უცვლის და მატერებლი განაგრძობს გზას ქარების სადგურისაკენ, რომელიც სერჟემ გამოიგონა.
ამ დროს არნი ბალახებში წევს და ჭროღა თვალებით გასცქერის მთებს.
-------
ხორბლის თავთავები მექანიკურად იწყებენ მოძრაობას ქარის მიმართულებით.
არნი კარებთან წევს და თვლემს.
სერჟე როიალზე უკრავს.
ღამდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები