ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: დაისი
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2011


ნ-ანა-ს (ვუძღვნი ''ჭა"-ს)

-რაც სკოლაში დავიწყეთ სიარული, შენი ნათლული ისე გაცუღლუტდა, მასწავლებელმა უკვე სამჯერ დამიბარა, არადა ბავშვის ცემა ხომ იცი, არ შემიძლია, რა მოვუხერხო, ვერ ვხდები, -მითხრა მეგობარმა ბანალური სატელეფონო მოკითხვისას და ჩემს გასაგონად დააყოლა, ცალი გვერდი ნეტავი, ნათლიას ხომ არ მიუგავსო...-შენ და მასწავლებელმა თქვენს გვერდებს მიხედეთ, მე და ჩემს ნათლულს კი სიცოცხლე გვაცალეთ, - ნიშნის მოგებით გამოვესარჩლე ჩემს ანას და პირობა დავდე, რომ  კვირას მასთან გავჩნდებოდი.
    განა რა უნდა დაეშავებინა ექვსი წლის თვალხატულა, სიფრიფანა ანას? ზოგიერთი ასო რვეულში ლამაზად ვერ გამოუწერია, მასწავლებელს კიდევ იმავე გვერდზე წითელ ფერში და ძახილის ნიშნით მიუჯღაბნია: ანას ცუდი ყოფაქცევის გამო, მშობელს ვთხოვ, ხვალ სკოლაში მობრძანდეს! როგორც ჩანს, ბავშვს შენიშვნაც ამ განცხადების ტონით მისცა, ანუნა დაიზაფრა და შესაფერისი გამოსავალი მოძებნა: რვეულიდან ფურცელი ამოხია, დაჭმუჭნა და თავისივე საწოლის ლეიბის ქვეშ დამალა. მეორე  დილას კი, დედიკო მის საწოლს რომ ალაგებდა, ამ ფურცელს გადააწყდა.
   
      რვეულებით და წიგნებით  „აქოთებულ” მაგიდასთან უხალისოდ იჯდა... წამში თვალები ათასი ვარსკვლავით აენთო, სხარტად შემომეხვია კისერზე, ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული სათამაშო მორიდებით ჩამომართვა და ვიდრე მოკითხვა დავასრულე, იმ ოთახში უკვე აღარ იყო. ჩემი ანა ძალიან სათუთი და კოპწია გოგოა. თამაშიც ისეთივე იცის. სათამაშოს ბრჭყვიალა ქაღალდიც კი ლამაზად დაუკეცია და ისე დაუდია.

        -მასწავლებელი ამ ბავშვს ყოფაქცევას რომ უწუნებს, საინტერესოა, სანაცვლოდ რას ასწავლის, როგორ ამოვხიოთ რვეულიდან ფურცლები? –კითხვა ხმამაღლა დავსვი. ანამ თავი მორხცვად დაღუნა, მე და დედამისმა თვალებით გავისაუბრეთ და მეცადინოებას ჩემი „მეთოდიკით” შევუდექით. ქართულში ლექსი გვქონია სასწავლი: „ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის, ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად, დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი, პატარა ვარ, მოფერება მინდა”..
      - იცი, ეს ლექსი ვინ დაწერა?
არას ნიშნად ანამ თავი გაიქნია. დედამისს ვკითხე და ისიც დაიბნა. ნახატი რომ მეჩვენებინა, ვიცი, ავტორს იმ წამსვე იცნობდა. 
    -არც მასწავლებელმა გითხრა? –ისევ ანას მივუბრუნდი.
ანამ ისევ თავი გაიქნია. იმ გვერდზე, სადაც ლექსის ეს ნაწყვეტი იყო, ავტორი არც იქ ეწერა. დედიკოს და მასწავლებელს ორიანები დავუწერე. ანამ როგორც კი გაიგო, რომ ლექსის ავტორს მისი სახელი ერქვა, თვალები აუციმციმდა და სკამზე ისე მოსწორდა, ვიგრძენი, მის პატარა გონებაში განწყობის მობილიზაცია გამოცხადდა.
    მეც გამიმართლა. ლექსი თავიდან ბოლომდე გულწრფელი გატაცებით, ზეპირად და უშეცდომოდ „ჩავარაკრაკე”.
    -აუუ, რა მაგარი ხაარ, საიდან იცი, აბა კიდევ თქვი, აქ რომ არ წერია, როგორ წაიკითხე? მეც მასე მინდა, რომ არ წავიკითხო და ვიცოდე, – ანას გაოცებულ-აღტაცებული განწყობა ისე გადამედო, გადავწყვიტე, ლექსი თავიდან ბოლომდე მესწავლებინა.
  - ოროსანო დედიკო, მიდი ახლა, გამოგვიტანე ანა კალანდაძის ლექსების კრებული, მის ძებნაში დრო არ წაგვართვა, მესამე თაროზე გიდევს, თეთრი ყდა აქვს და ახლა ვნახოთ, როგორ გავს ნათლიას ნათლული, ანა ხვალ თავის მასწავლებელს ერთ დიდ ორიანს რომ დაუწერს, მერე დაუჯღაბნოს ბავშვს რვეული, - მხიარულებად გადაგვექცა გაკვეთილი. ანუნას ლექსის სწავლისთვის ზუსტად თხუთმეტი წუთი დასჭირდა. ისეთი ხალისით და მონდომებით იმეორებდა სტრიქონებს, აშკარად იგრძნობოდა, რომ იმ წუთებში მის პატარა გულში რაღაც დიდი მოხდა. თავისებურად, ბავშვურად, როგორც გრძნობდა, ზუსტად ისე იცვლიდა მიმიკას: „როგორ ვანდო, საიდუმლო აშარსა და მსტოვარს? მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო, მეშინია, პაწაწინა რტო ვარ’’...
  წამოსვლისას პაწაწინა რტოსავით მომაძახა: მალე კიდევ ხომ მოხვალო...
  მორიგ შეხვედრამდე, იმ დღის შედეგები ერთი კვირის თავზე დედამისმა ტელეფონით შემატყობინა: ანა კალანდაძის ლექსების კრებული ჩანთაში დედისგან მალულად ჩაუდია და სკოლაში წაუღია. გაკვეთილზე ლექსი თავიდან ბოლომდე რომ უთქვამს, გაოცებულ მასწავლებელს უკითხვს, ვინ გასწავლაო. ჩემმა ნათლიამ უფრო კარგად იცისო, თან წიგნი ამოუღია, გადაუშლია და ყველაფერი აქ წერიაო, მთელი სერიოზულობით აუხსნია. ბავშვის ყოფაქცევის გამო, მშობელი სკოლაში ისევ დაუბარებიათ. ანუნა თურმე, ყველა გაკვეთილზე ამ ლექსების წიგნს ჩანთიდან იღებს, გადაშლის და ხმამაღლა ამბობს, რომ ყველაფერი იმ წიგნში უფრო კარგად წერია.
  --ცეკვის გაკვეთილზე რომ მიმყავდა, პარკი უცნაურად მემძიმა, ჩავიხედე და თან ანა კალანდაძის ლექსების კრებულიც გვქონია წაღებული,  ხომ იცი, არ მიყვარს ბავშვის დასჯა და მოდი ახლა, რამე უთხარიო- შემომჩივლა მეგობარმა.
      ანას ცალი გვერდი ნათლიას მიუგავს და ვიდრე თვითონ არ მოისურვებდა, იმ წიგნს ჩანთიდან მე ვერ ამოვაღებინებდი.
ჩემი ანა უკვე 14 წლისაა და ბევრი რამ იცის. გემოვნებაც და შეხედულბებიც თავისებური აქვს. ამასწინ გავიხსენეთ ეს ამბავი და აღმოჩნდა რომ ის ლექსიახლაც ზეპირად ახსოვს. მერე კიდევ რამდენიმე დავამატეო და ერთმანეთს კიდეც გავეჯიბრეთ.
     
      ანა კალანდაძეს ერთადერთხელ და უკანასკნელად გარემოების მიზეზით შევხვდი. ძალიან უბრალო და ძალიან დიდი ადამიანი მიყურებდა მოხუცებული ქალის თვალებიდან. მახსოვს  რომ ვკითხე, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ერთ რაღაცას მაინც თუ შეცვლიდით, რაც ყველაზე მეტად გინანიათმეთქი. ნახევარი წუთიც არ უფიქრია, ისე მიპასუხა, მთელი ცხოვრება სინანულია, მაგრამ შეცვლად რომ ღირდეს, ისეთი არაფერიო.

ამ ცხოვრებას წუთისოფელი კი არა, სხვა რამ ერქმეოდა სახელად, მისი თავიდან დაწყება რომ შესაძლებელი იყოს, ან თუნდაც საამისოდ ღირდეს. ასე მოკლე დროში მხოლოდ დიდი სიყვარული თუ ჩაეტევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები