ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2011


წარმოდგენა იწყება (XX ნაწილი)


წინ ორი და უკან სამი  რა არისო,  - გრიშამ...
გრიშა, აქ სკოლა ხო არ გგონია-მეთქი.
არა, საბავშვო ბაღიო... - ხუმრობს.
ედემის ბაღიო, - რამაზა იკრიჭება.
მართლაც და გრიშას ციხეში რა უნდა, სკოლაში უნდა იყოს და გაკვეთილებს ატარებდეს.
ხო მაგრები ხართ და კაჩაობთ (როდის ისწავლა, ხი, ხი, ხი...), აბა თქვენ მითხარითო... – მე და რამაზას გვეუბნება.
წინ ორი და უკან სამი  საიდან მოთხარეო, - რამაზამ. 
არ მომითხრია, ესო კოლეგის ბავშვი გვეუბნებაო, არადა სუფრაა გაშლილი, პირველი ჭიქა ასწია მასპიძელმა და მოვარდა ეს ბავშვი: მამი, მამი, აბა წინ ორი და უკან სამი რა არის, ეკითხებაო...
ამბავს ყვება რა...
ნადირექტორალი მასწავლებელია გრიშა, აბა მასწავლებლის მეტი ვინ იტყვის ციხეში - კოლეგა მეუბნებაო...
ხოდა ვუსმენთ.
ციხეში - გინდა კარანტინში, გინდა ზონაში -  აბა მეტი რა უნდა აკეთო, სვაბოდაზე რომ იყავი იმ ამბებს იხსენებ...
გინდა კი?! ან კარანტინში რა გინდა ან ზონაში...
ციხეში  რომ ხარ, მაშინ ხვდები, რომ თავისუფლებას არაფერი სჯობს...
თუმცა რა, ეს გრიშა ამბობს მთელი დედამიწა ციხეაო, ერთი დიდი ციხეა, ქვაბი, მრგვალი ფსკერით, ოზონის სახურავით, საიდანაც ვერსად გაიქცევიო...
ან და თუ გაქცევა გინდა აკრიფე მაშინ პირველი კოსმოსური სიჩქარე, ლამის რვა კილომეტრია წამში და გადაიქცევი მაშინ დედამიწის თანამგზავრად და სხვას დააკვირდები ზევიდანო.
ხოდა მთლად უკეთესი, თუ გინდა დედამიწასაც დააღწიო თავი, მაშინ სულ რაღაც ერთ მილიარდ ევროდ შეიძინე კოსმოსური ხომალდი, გაფრინდი რეაქტიული ძრავებით თერთმეტ კილომეტრწამში და ცოტა მეტი სიჩქარით და ჰა, მთელი სამყარო შენი იქნება და იფრინე და იყავიო... 
სუფთა ბიძია-ბაბუაა, ნასტუდენტარი ფიზიკოსი.
ახლა კარგი  ქეიფი  მოენატრა გრიშას და იმას იხსენებს, სუფრასთან რაც გადახდა...
ხოდა ყვება, ის პერიოდია, შობა რომ იყო უკვე და ძველით ახალი წლისკენ მიიწევს დღეებიო, ერთ კოლეგა ფიზიკოსს სოფლიდან ახლადაკლული ნახევარი ბურვაკი ჩამოუვიდა, დაგვიძახა, ეგრევე მოახარშინა ცოლს, თათარიახნი, ზოგსაც იქვე  - ბუხარში მაყალი მოაწყო და წალამზე წვავსო...
სუფრაზე სავსეა დედას პურებით, ხაჭაპურებით, ცხელი ჭადებით, გუდის ყველით, კიტრის და წიწაკის მწნილით, ელარჯზე დაყრილით...
გამჭვირვალე გრაფინში კახური, ტანინიანი ღვინოა, ბუხრის შუქზე რომ გახედავ და მზის სხივებს ისვრის ისეთიო...
(არ ვეცოდებით ამ ჩემისას, ხი, ხი, ხი...)
ხოდა მოვარდა ამ დროს ეს ბიჭი, ალბათ მეორე კლასელი, ან ჰა, მესამე  და მამი, მამი, აბა წინ ორი და უკანს სამი რა არისო, - ეკითხება. 
ვააა, ვფიქრობთ არადა სულ მასწავლებლების სასტავი ვართ, ფიზიკოს-მათემატიკოსები,  თან უმაღლეს კატეგორიის, დაველამდით... ჩაგვშხამდა სუფრა, ვერავინ ვპასუხობთო.
აბა თქვენ თუ იცითო, - ახლა ჩვენ  გვეკითხება გრიშა...
ეეე, კარგი რა კაცო,  წინ ორი და უკან სამი კი არა სუფრაზე კიდე რა  იყო ის მოყევიო, - რამაზამ...
არაო, ჯერ ამის  პასუხი მითხარითო...
ახლა გახურებას მოეშვი, თანაც მასწავლებლისთვის ჯერ ხელი არ დამირტყამსო, -  რამაზამ...
კინაღამ ჩხუბი აიწია...
ხო, გვითხარი ახლა ნუ შეგვაღონე კაცო-მეთქი, - მეც ვეუბნები მე.
ზუსტად ასე უთხრა მამამისმა შვილსო,  - გრიშამ.  ხოდა იმ ბავშვმა, ათ-ათი ლარი მოიტათ და გეტყვითო...
სულ ხუთი კაცი ვიყავით, პირველი მამამისმა ამოიღო ათლარიანი მისცა...
ჩვენც მივეცით, დაუგროვდა ორმოცდაათი ლარიო. 
მერე თქვა: ოცდასამიო....
რა ოცდასამიო, - რამაზამ.
აზრზე ხართ,  წინ ორი და უკან სამი ყოფილა ოცდასამიო...
ვაჰ, კაცო – არადა ვფიქრობდიო, - რამაზამ.
ფიქრობდა არა, ბებიამისის ტრაკმა, რომ ეფიქრა, იტყოდა. პროსტა, ვითომ ყველაფერი იცის.
აი, გრიშამ, მართლა  მგონია ყველაფერი იცის.
მარტო იმის გარდა – ციხეში  რატოა.
მერე გრიშა ამბობს, იცი რას ვეჭვობო, ახლა მომივიდა აზრად, მამამისმა ხომ არ ასწავლა, ჰა?! თქვენ როგორ ფიქრობთო.
იასნია, ასე იქნებოდაო - რამაზამ.
ვა, კაცო, მართლა სკოლა გამოდის ციხე, აბა გარეთ ამას როგორ გავიფიქრებდიო...
რამაზასაც გაეცინა... არადა ისეთი ტიპია,  - უღიმილო.

*  *  *

გრიშას  ციხეში რა უნდა...
მე, კარგი, ვთქვათ და ვცემე იმ სპეცრაზმელს და თუ შემხვდა ისევ ვცემ...
ათასჯერ შემხვდება და ათასჯერ ვცემ, იმიტომ რომ პროჭია და ნაბიჭვარი,  მერე ჩამიდებენ ან იარაღს, ან ნარკოტიკებს და ისევ აქ მოვხვდები, მაგრამ გრიშა რისი მცემელია...
არად ამასაც უცემია მოადგილე, რომელიც დირექტორია ახლა სკოლაში, სადაც როგორც გრიშა ამბობს, სისხლი აქვს ჩანთხეული, სულ აგურ-აგურ აქვს აშენებულ-დამშვენებული.
ხოდა ახლა გრიშას  ჩემ გვერდით კოიკაზე ძინავს და იმაზე დარდობს, გარეთ რომ  გავალ ჩემს მოწაფეებს თვალებში როგორ შევხედოო...
ამის მოადგილეს კი მოადგილეობა მობეზრებია და ერთიც კარგად დაუთვრია ეს ჩვენი გრიშა, რომელსაც სულო-ცოდვილო და კაი ქეიფი და კაი ღვინო კი ყვარებია, მაგრამ ზომიერად...
ეს იცოდა მოადგილემ და რაღაცა ჩაუყრია ჭიქაში, გაუთიშია კაცი...
მერე სკოლის ეზოში გამოუყვანია, ხვანჯარი ჩაუხსნია, გამოსაჩენ ადგილას წამოუწვენია კოინდარზე,  ციფრული აპარატით სურათებიც გადაუღია...
მერე ზოგი ფეის ბუკზე დაუდვია, ზოგიც განათლების სამინისტროში გაუგზავნია, გულდათუთქული მშობლები გწერთ, ასეთი და ასეთი  დირექტორი ყავს ამა და ამ სკოლას და გვიშველეოთო...
ჯერ გრიშაA დაუბარებიათ, არ გვჯერა მონტაჟი გვგონია და ეს სურათები და ვის უნდა უნდოდეს ახლა შენი ცუდიო, - უკითხავთ.
როგორ არ გჯერათ ბატონო, მართლა მე ვარო, - გრიშას უთქვია და ისე წამოსულა, არც დამშვიდობებია არავის.
იქედან პირდაპირ სკოლაში მისულა და მოადგილე მომიძებნეთო, განკარგულება გაუცია.
მოადგილე ყოფილა უშიში, ვითარცა უხორცო (ასე თქვა გრიშამ), რა გნებავდათო ისე უკითხავს, თითქოს ნაგავი არ ყოფილიყოს...
გრიშამ თქვა, რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, კაცია ახლა ეს თუ ნაგვის ბუნკერის შიგთავსიო...
ხოდა ზუსტად ეს უკითხავს მოადგილესთვის...
მერე მოადგილე გამოსულა სიტყვით, თუ დამარტყამ, აგერ, აი აგერ ტელეფონი და ნულოცდაორზე ვრეკავ და ჩავასმევინებ შენს თავსო...
თუ დაგარტყი,  ვერსად  ვერ დარეკავო, ჯობია ახლა დარეკო, შეE ნაგავოო, გრიშას უთქვია კარგა ლაზათიანი უთავაზებია ხელით და მერე თავით, ფეხით, ცხვირით  შეტევაზე გადასულა...
დარეკვა ვერ მოუსწრია, ყვირილით გამოვარდნილა მოადგილე გარეთ, მიშველეთო.
გრიშას მანდატური გადაღობებია წინ, ისიც შემოლახვია გრიშას...
აღძრულა საქმე. გრიშასთვის, საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა ვართ, გადაგვიხადე ათი ათასი და გიშვებთო... 
არაფერს არ გიხდითო, გრიშას უთქვამს...
სასამართლოს უთქვია, იჯექი ახლა სამი წელი თუ კაიაო...
და ზის ახლა გრიშაA ჩვენთან, უმეტესად კი დადის...   

*  *  *

საერთოდ ამ ცხოვრების დედაც, როცა ბეღურების შეგშურდება კაცს...
გადმოფრინდებიან ეს ჩემისები ეზოში, მიკენკ-მოკენკავენ და ისევ გაფრინდებიან...
ერთია კია, ბუდეებს არ აშენებენ აქ. 
ანუ ჩიტმა,  იცის ციხეში არ უნდა იბუდო...


*  *  *

წიგნები მოიტანეს...
რამდენიმე კაცი იყო, სხვა და სხვა ორგანიზაციების და ფონდების წარმომადგენლები, ზოგი დავიმახსოვრე:  „სოლიდარობა ყველა  პატიმარს“,  პატიმართა დაცვის საქველმოქმედო ფონდი,  მოძრაობა  „არა“...
ხო ეს მოძრაობა ვის ან რას ეუბნება `არას~, არ უთქვამთ...
არადა რა ჩემ ფეხებად ვიმახსოვრებ ამ ორგანიზაციების სახელებს, გინდაც  სამთავრობო,  გინდაც  არასამთავრობო, ერთი  ჭუჭუაა ყველა.
პატიმრების უფლებათა დაცვის საქმეზე ვართო...
ქალიც ახლდათ რამდენიმე, თორემ  სულ პანჩურის ცემით მინდოდა კამერიდან  გარეთ გამეყარა ყველა, ნადზირატელებთან ერთად.
კიდევ კარგი ახლდენენ, თორემ ხუთ წელს ხო დამიმატებდნენ.
თუ მაგარი ხარ და რამის ტრაკი გაქვს, გარეთ რომ არის კაცი მაშინ დაიცავი, აქ დაცული ხარ, ისე რომ ძალიანაც რომ თხოვო გარეთაც არ გაგიშვებენ -  რომ არ გაცივდე ალბათ...
ისაუბრეს, ილაზღანდარეს და წიგნები დატოვეს...
საჩუქრად.
კამერაში თითოს ორი სამი წიგნი შეგხვდებათო...
თითქოსდა ხელებიდან ვტაცებდით ერთმანეთსO წიგნებს.
პირველი გრიშა მივიდა, აარჩია და ამოიჩარა სამი-ოთხი წიგნი და წამოვიდა თავის კოიკისკენ, - კმაყოფილი. 
მივხვდი სხვებსაც დიდი სიამოვნებით აიღებდა, ისე გულდაწყეტილმა მოატარა წიგნებს მზერა...
რამაზა ისე მივიდა, თითქოს  ნაღმები იყო მაგიდაზე დაწყობილი...
ბოლოს მე დავრჩი და ორი წიგნი...
`აიღე კაცო, გალსტუკი ხო არაა, მოგიჭიროს?~ - მეანგლება გრიშა
`რა ჩემ ფეხებად მინდა!?~ -  ვეუბნები მე, თუმცა მაინც ავიღე.
ერთი ლამაზად გაფორმებული, ალბათ უფრო საბავშვო წიგნი იყო: `ჩემი პირველი სახარება ~ - ეწერა...
მეორე კი სერი ფერისა, ყდაზე უწარწერო, უბრალო ნახატით.
გადავშალე და ეწერა:
`თამარ ხიდაშელის წიგნებიდან
ზესტაფონი, 10 მაისი, 1977 წელი~
კიდევ გადავშალე: თ. მ. დოსტოევსკი
`დანაშაული და სასჯელი~.
გრიშას წარწერა წავაკითხე წიგნზე...
ალბათ ბუკინისტებთან იყიდეს, მაგრამ რაღა მაინცდამაინც .ეს, ეტყობა ჩამოანთვალი ჰქონდათო..
კომუნისტების დროს ყიდულობდნენ წიგნებს, ახლა ყიდიანო... არადა პირიქით უნდა იყოს  - წესითო...
- ზესტაფონშიც ხდება დანაშაული? -  ვეკითხები გრიშას?
-  დანაშაული  რატო, პირიქით -  წიგნი ყვარებიათ ზესტაფონში. 
-  ზესტაფონშიი? – ზესტაფონურად მოვუქციე და ვიცინი...
გრიშაც იცინის...
მერე მოყვა, გორბაჩომა რომ პერესტროიკა დაიწყო ის დროა და მოსკოვში ვარ რაღაც სიმპოზიუმზე. მეტროში ქართველი კაცი გავიცანი. ულვაშა, კაკარდიანი ქუდით, დავინახე თუ არა მივხვდი - ქართველია.  ალბათ თვითონაც იგივეს მიხვდა  და  გამომელაპარაკა. ზესტაფონიდან იყო. მესამე თუ მეოთხე თაობაა მოსკოვში ვართ უკვეო. არ მომეშვა წამიყვანა თავისთან. არბატთან ახლოს ცხოვრობდა, კორპუსში მეშვიდე სართულზე. მთელი ოჯახი ხო რუსულად ლაპარაკობდა, მაგრამ აქცენტი ისევ ისეთი ქონდათ, ზესტაფონურიო...
რომ ვიტყოდი რაღაცას, ესენი - `პრავდუ გავარიიშ?!~, რომ მეტყოდნენ, ზესტაფონურად, კინაღამ ვიფიქრე, გადავხტები ახლა ფანჯრიდან და სადმე გულიანად ვიცინებ, კიდე კარგი  მეშვიდე სართული რომ იყო, მახსოვდაო... 


*  *  *
-  სიცოცხლე რა არის გრიშა...
-  სიცოცხლე ყველაზე დიდი საჩუქარია – შეუფასებელი. 
-  სიკვდილზე გიფიქრია, გრიშა?
-  სიკვდილზე ყველა ნორმალური ადამიანი ფიქრობს.
-  და რა მოიფიქრე,  მერე...
-  ვერაფერი,  ლექსი ვნახე ერთ გაზეთში და ის დავიმახსოვრე...
`სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ,
ერთხელ შენ თავად რად არ მაჰკვდი,
თოვლივით მზეზე რად არ დასდნი~
-  ადვილია სიკვდილი, გრიშა?
-  არაა ადვილი სიკვდილი,  მთავარია ისე იცხოვრე კაცმა, რომ სიცოცხლის არ გრცხვენია...
-  რა გინდა გრიშა შენ ციხეში, სხვის ადგილს იჭერ აქ! - ეს რამაზაა.
-  მინდა, რო! -  იცინის გრიშა იმ დასისხლიანებული  კახელივით, ბუმერანგზე რომ ეკითხებიან, რად გინდაო.
-  გრიშა, სიკვდილის მერე, ვსიო, მორჩა - არაფერი?! - კითხულობს რამაზა ისევ...
-  ენერგიის მუდმივობის კანონის მიხედვით იზოლირებულ ანუ ჩაკეტილ სისტემაში არსებული სრული ენერგია მუდმივია, ის არ შეიძლება არსაიდან შეიქმნას ან გაქრეს, ენერგიას შეუძლია იცვალოს მხოლოდ ფორმა,  ხოდა რომ ვიბადებით, რაღაცას ვაგრძელებთ, ხოდა რომ ვკვდებით, მაშინაც რაღაცა გრძელდება...
-  კაი გრიშა ახლა ძალიანაც ნუ გვაბოლებ! კარგი, ჩვენ ჩაკეტილები ვართ, მაგრამ გარეთ რომ არიან ხალხი, იმათზე რას იტყვი...
- არც არავინ არ არის ღია  და გარეთ, არც არავინ არის ჩაკეტილი, შეიძლება გარეთ იყო და ჩაკეტილი იყო, ან აქ იყო და თავისუფალი. ადამიანს გააჩნია... – ამბობს გრიშა.
-  გამიშვან მერე, უთხარი დაცვას... 
რამაზა სლოტ-კლუბის დაყაჩაღებაზე დაიჭირეს, არადა პირიქით: ადრე იმ სლოტ-კლუბს დაუყაჩაღებია, ერთ დღეში წაუგია ბინის საყიდელი ფული... ცოლი და ორი შვილი დასთან ყავს ახლა შეხიზნული, თვითონ კი აქ იშოვნა უფასო ბინა...
თავის ჩამოხრჩობაც ნდომებია, ძლივე გადაურჩენიათ.
კაზინოს რომ დავინახავ მაკანკალებს, ლომკაში ვვარდებიო, ამბობს... რომ არ შევიდე ცუდათა ვარო... 
თავისებური ნარკომანია...
ამის შემდეგ ერთმა ძმაკაცმა მონასტერშიც კი გააგზავნა, ნაცნობი მამაო იყო იმ მონასტერში, ცოტა ხანს იყავი იქნებ გეშველოს რამეო...
ერთი თვე იყო...
შვიდჯერ ლოცულობდა დღეში, როგორც სხვები...
ერთი თვის მერე, ოჯახი მოენატრა და იმ ნაცნობმა მამაომ მისცა გზის ფული, ხუთი ლარი, ნახე ცოლ-შვილი და თუ ისევ ჩვენსკენ გამოგიწია გულმა, მოდიო...
გზაზე ნაცნობმა წამოიყვანა და ფული არც დახარჯვია...
თბილისში ჩამოსულს ისევ იმ სლოტ-კლუბთან მოუწია გავლა. ღმერთს შეევედრა, ღმერთო აი ახლა ერთს ვითამაშებ ამ ხუთი ლარით და მეტს კაზინოს არ გავეკარებიო...
რამაზა არ ამბობს, ღმერთმა რა უთხრა – დაეთანხმა თუ არა.
უთამაშია ამ ხუთი ლარით და ორასი ლარი მოუგია.
გამოსულა გარეთ, მინდოდა ცოლ-შვილის სანაახავად სახლში წავსულიყავი და რაღაცა ძალამ ისევ შემაბრუნა უკანო...
თან უკან რომ შევბრუნდი,  თითქოს გული მერეოდა, მაგრამ  მაინც დავჯექი აპარატთანო...
ნახევარ საათში ისევ უფულოდ დავრჩიო...
ხოდა გადაფარებია თვალებზე ბინდი...
მოლარე გოგოს შევარდნია დანით, ჩემი ხუთი ლარი დამიბრუნეო...
მაშინ აუყვანია დაცვას...

*  *  *

გრიშას აზრით ყველა დანაშაული სასჯელით მთავრდება...
არავითარი მნიშვნლობა არ აქვს, ეს იყო კეისრის დროინდელი რომი, დოსტოევსი დროინდელი პეტერბურგი, თუ ჩვენი დროის თბილისი...
შენ რა დააშავე გრიშა, - ვეკითხები...
რა დავაშავე და კაცი ვერ ვიცანი, ის დავაშავე რომ ყველა კაცთან არ უნდა დაჯდე და პური არ ჭამოო...
ხო ნათქვამია,  ნუ გეშინია მკვლელების,  ნუ გეშინია, ყაჩაღების,  გეშინოდეს გულგრილთა, მათი  ჩუმი თანხმობით ხდება ყველა დანაშაულიო...
ხვდებოდი რა არაკაცი, იყო მაგრამ  გულგრილი ვიყავი იმიტომ, რომ მე არ მეხებოდა და ესეც დანაშაულიაო...
გრიშაAამხელა წიგნს რა წამაკითხებს, მოკლე შინაარსი მითხარი-მეთქი....
მოყვა, მთავარი გმირი, რასკოლლნიკოვი, თურმე მევახშეს კლავს...
არადა ცუდი ტიპი არ არის, კეთილია, ობლებს ეხმარება, უცნობ ქალს გამვლელისგან იცავს, ნასწავლიცაა, სტატიაც კი დაუწერია დანაშაულზე და  ერთ გაზეთს დაუბეჭდია კიდეც...
მთელი ასოცდახუთი გვერდი (საიდან დაიმახსოვრა, ხი, ხი, ხი) ფიქრობდა თურმე ეს რასკოლნიკოვი, მოეკლა თუ არა მევახშე, ჩვენი დროის ბანკირი...
კლავს და მერე დანარჩენი ექვსასორმოცდაათი გვერდი არის ტანჯვა, რომ დანაშაული ჩაიდინა...
იმდენს მევახშეზე არ დარდობს, საკუთარ თავზე დარდობს თურმე ეს რასკოლნიკოვი, რომ ეშმაკმა ძლია და დანაშაული ჩაადენინა...
მერე თავის მოკვლასაც კი აპირებს და იცი რა გადაარჩენს,  სიყვარული, მეძავის სიყვარული, რომელიც ლამის ანგელოზია საზოგადოების სხვა წევრებთან შედარებითო...
მერე ვიღაც მიკოლკას სვამენ თურმე რასკოლნიკოვის მაგივრად, ის კი გამომძიებელთან დანაშაულს აღიარებს...
რასკოლნიკოვი კატორღაში სახარებას კითხულობს და ასე მთავრდება  `დანაშაული და სასჯელი~...
ხოდა სახარებაც აქა გაქვს, `დანაშაულიც და სასჯელიც~,  დროც ბევრი გაქვს და იკითხეო – იცინის გრიშა.
`მაშინ იესომ პური აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: - მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. მერე აიღო ბარძიმით ღვინო, აკურთხა  და მისცა მოციქულებს და უთხრა: ესე არს  სისხლი ჩემი თქვენთვის და  მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა~.

*  *  *

შენმა მოსწავლეებმა საციხოდ როგორ გაგიმეტეს გრიშა?
ეჰო, - ხელი ჩაიქნია.
გრიშა, მითხარი აბა, სკოლა გენატრება უფრო თუ ოჯახი?
ორივე ერთი არ არისო... - ისევ ხელი ჩაიქნია. 
რომ მენატრება, ეს არაფერი, კაცი რომ ვერ ვიცანი ამაზე მწყდება გულიო.
შევუცვალე თემა, შევატყვე იგრუზებოდა.  გრიშა მართლა ყველაფერი იცი-მეთქი?
ეს ვინ გითხრაო, ყველაფერი არავინ იცისო.
საერთოდ კი თუ გინდა ბავშვის ნდობა მოიპოვო, თავიდანვე უნდა გამოუტყდე, რომ ბოლოდე არავინ არაფერი არ იცისო.
თუ რამე ვიცი, ეს დიდს არაფერს არ ნიშნავს, მთავარია რაც ვიცი, ის ჭეშმარიტებაა თუ არაო, საერთოდ იმ ასაკში კი  ვარ ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდეს, ჰიპოთეზის დონეზე მაინცო.
ჰიპოთეზა რაღა ჯანდაბაა-მეთქი.
აი ის რასაც ამბობ და ვერ ამტკიცებო.
ლამის სკოლა გაგვიხსნას აქ ციხეში.
გრიშამ იცის რომ ბეტელჰეიზე ყველაზე დიდი ვარსკვლავია, ისე დიდია თურმე რომ მზის სისტემის პლანეტებსაც დაიტევდა მარსის ჩათვლით.
და მისგან წამოსული სხივი ექვსას წელიწადში მოდის ჩვენთან.
რამაზა ბრაზობს, რას გვაბრუებს, ვინ გამოყვა იმ სხივს და ვინ იცის, რომ მართლა ექვსას წელიწადში მოვიდა ჩვენამდეო...
ცდებით დაადასტურეს რომ სინათლის სიხივის სიჩქარე სამასი ათასი კილომეტრია წამში.
ვარსკვლავებამდე მანძილს კი პარალაქსის  მეთოდით საზღვრავენ, რომელსაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იყენებდნენ თურმე...
ანუ რომელიმე ვარსკვლავამდე მანძილი რომ გაიგო  ორჯერ იღებენ კუთხის ანათვალს ექვსი თვის ინტერვალით და მართკუთხა სამკუთხედის კათეტის გამოთვლაზე დადის  ვარსკვლავებამდე მანძილის გამოთვლაო...
ანუ მე და რამაზა მეცხრამეტე საუკუნეში  ვართ ისევ, არც მაშინ ვიცოდით ეს მეთოდი და არც ახლა...
გრიშამ გვითხრა, რომ ადრე დედამიწა ერთი მთლიანი ყოფილა და ირგვლივ წყალი ერტყა...
ესეც ჰიპოთეზააა-მეთქი, ვეკითხები...
არა, ამას იოლად დაგიმტკიცებდი რუკა რომ  მქონდესო...
ამოჭერი ატლანტიკის ოკეანე, ნახე როგორ შეეტყუპება სამხრეთ ამერიკა სამხრეთ აფრიკას, ჩრილოეთ აფრიკა და ევროპა კი ჩრდილოეთ ამერიკასო.
ვაჰ კაცო, ეს პარალაქსის მეთოდი, ჯანდაბას არ ვიცით, მაგრამ ახლა რას გვაბოლებსო და რამაზამ საკანის კარებზე ბრახუნი ატეხა. ნადზირატელმა,  თავი შემოყო, რა გინდაო....
კინაღამ თვალები გადმოუცვივდა, რამაზამ რო უთხრა, მსოფლიოს რუკა მინდა და მაკრატელიო.
ნადზირატელს თვალებში შეეტყო, ალბათ დააჟუილა ამ ჩემისამო...
რად გინდაო...
კაცო შენ მოგვიტანეო... – რამაზამ.
კარგი რუკას მოგიტან, მაგრამ მაკრატელს არაო...
მაშინ რუკა მოგვიტანე ოღონდ ატლანტიკის ოკეანე ამოჭერიო, - გრიშამ.
ესენი უკვე  კოლექტიურად აფრენენო, - ვიღაცას გადაულაპარაკა...
ეტყობა დაინტერესდნენ თვითონაც, რუკა რად გვინდოდა და  მოიტანეს... 
ამოუჭრელად და უმაკრატლოდ.
თუმცა რა, ასე – ამოუჭრელადაც ჩანდა, ატლანტიკის ოკეანეს თუ ამოაცლიდი,  როგორ შეეტყუპებოდნენ ერთმანეთს მიწის ნაგლეჯები...


*  *  *

ბარამი იყო დღეს...
ჩემს აქ ციხეში ყოფნაში თვითონაც  მოიხადა...
რომელ ნორმალურ  მამას უნდა შვილი ციხეში ეჯდეს...
ბიჭო, რეებს მიქარავ შეE შობელძაღლო, დედაშენს მე არ ვაკლდი ერთი პატიმარი, შენ რა ციხე მომინდომე-მეთქი, - ვეჩხუბე...
იცინოდა...
რა გაცინებს-მეთქი...
არაფერი, მიხარია რომ გხედავ  და  ჯანზე ხო ხარო...
მე ვუბრაზდები, ის კი იცინის...
ინსტიტუტში ხო დადიხარ-მეთქი.
კიო, დავდივარო...
იცოდე თუ არ ისწავლი, მე გავარიცხინებ შენს თავს იმ ოჩოპინტრეს-მეთქი...
ოჩოპინტრე ვინ არისო, - გაუკვირდა...
გივიას ვეძახდით ბიჭები ოჩოპინტრეს, მაგრამ ახლა არ გამოდიოდა ბავშვობის ძმაკაცის მის სტუდენტთან  დამცირება...
არავის, ისე  ვთქვი-მეთქი...



XX  ნაწილი დასასრული
(გაგრძელება იქნება) 





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები