ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2011


საკურნებელად სულისა და ხორცისა

  მსოფლიოში ყველაზე საშინელი დაავადება არის სტომატიტი.
  რატომ?
  შენთან მოკარება რომ გაბედა, იმიტომ, ჩემი მომზადებული წვნიანის გასინჯვისას, ყოველ ლუკმაზე ტკივილს რომ მაკითხებს შენი თვალებიდან, იმიტომ...
  ნაკურთხი წყალი დალიე მეთქი და
  ვსვამ, მაგრამ რას მიშველისო.
  ასე არა, რწმენით დალიე მეთქი და პასუხი არ გაგიცია.
  ყოველ დილა-საღამოს პირჯვარს გადამსახავ და შენივე მოგონილ ლოცვას ბუტბუტებ ძალიან უბრალოდ.
  მე კი მინდა ყოველ კვირას ჩემთან ერთად დადიოდე ტაძარში, რომ ღვთისმშობელმა ჩემი რჩეული ხატის თვალებით დაინახოს ჩემი მზერა, ცისოდენა სიყვარულით რომ ეფერება შენს თითოეულ ნაოჭს, მოისმინოს შენი უსათუთესი ლოცვა, ჩემთვის რომ მოიფიქრე, იგრძნოს, როგორ განაპირობებს შენი თითოეული ამოსუნთქვა ჩემს მაჯისცემას...
  რომ გთხოვ, ტაძარში წამოდი-თქო, სამუშაოს იმიზეზებ. არ მცალიაო. რომ აღარ ვიმუშაო, ვინ გარჩენთო...
  და მე ვჩუმდები.
  მინდა, მუშაობა დავიწყო, რომ შევძლო დაგასვენო, ვიზრუნო შენზე, ბედნიერი სიბერე გაჩუქო. მინდა, მალე დადგეს ის დრო, პირველი ზიარების შემდეგ სიხარულით რომ გიჩურჩულებ:
  -საკურნებელად სულისა და ხორცისა...
  და გპირდები, ნაზიარებს არ გაკოცებ, უბრალოდ ჩაგეხუტები და  შენი სუნთქვის მოსმენით ვიბედნიერებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები