ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2011


1:0 მარტის სასარგებლოდ

  არ მიყვარს თებერვალი - ყველაზე საყვარელი ადამიანი წამართვა თოთხმეტი წლის წინ.
  თითქმის მთელი თვე ოთახიდან არ გავსულვარ. თუ გავდივარ, მხოლოდ რამდენიმე წუთით და ვბრუნდები ისევ.
  ვაგრძნობინებ თებერვალს ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ისიც გრძნობს და ყველა თვეზე ნაკლებ ხანს ჩერდება დედამიწაზე. ასეც მოუხდება! წელს ბოლო - ოცდამეცხრე დღესაც არ შევრჩენ და ოცდარვა დღეში მივაბრძანებ საიდანაც მოსულა.


  მოწყენილობისგან თავის დასაღწევად გაზეთებს ვკითხულობ ხშირად. დღესაც ბუხართან მიყუჟულმა რაღაც საინტერესო განცხადება აღმოვაჩინე ერთ-ერთ გაზეთში: " 21 თებერვალს, საქართველოს ყველა ბაღში გაიმართება გადამწყვეტი ბრძოლა მარტსა და თებერვალს შორის. დასწრება თავისუფალი".
  დადგა ორთაბრძოლის დღეც. უზარმაზარი ზურმუხტისფერი ტრანსფარანტი გავამზადე წარწერით: "მე მიყვარს მარტი! მარტმა სიცოცხლე მაჩუქა 24 წლის წინ" და ბაღში ჩავედი.
  ჰაერი სუფთა იყო და მსუბუქი. ხარბად ვივსებდი ფილტვებს და პირველად, რამოდენიმე სევდიანი დღის შემდეგ, უნებლიედ სიხარულის გრძნობამ აავსო ყველა დამძიმებული უჯრედი ჩემს ნაზამთრალ სხეულში.
  ხეებს შორის  მწვანე ბალახი ამოწვერილიყო და ახალშობილის ჭყლოპინით ამცნობდა სამყაროს დავიბადეო. ბუჩქებიდან რომელიღაც გაზაფხულის მახარობელი ფრინველი გაჰყვიროდა: "ბიჭია! ბიჭიიი!" თხილის ხეზე კვირტებს ორსულებივით გამოებზიკათ მუცლები და ქალურად ჭორაობდნენ ერთურთში. თოვლსაც უცნაური სახელები შეერქმია წვიმაშერეულ ფიფქებად მოვლენილი პირმშოებისთვის და დედაშვილური სითბოთი ჩამოსძახოდა ცის ოდნავ ღია სარკმლიდან:
  -დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, შემოდით სახლში, გეყოფათ ეზოში თამაში. ნუ აბეზრებთ ხალხს თავს, თორემ მეტჯერ აღარ გაგიშვებთ სათამაშოდ!
  ფიფქებიც უკმაყოფილო ჯუჯღუნით აუყვნენ ცის კიბეს, თან ისე სასაცილოდ ამთქნარებდნენ თამაშით დაღლილები, ეტყობოდათ, დიდხანს იძინებდნენ დედის მზრუნველ მკლავებზე თავჩამოდებულები...

  - დღეს 21 თებერვალია. შედგა ორთაბრძოლა, რომელსაც თითოეული თქვენგანი მოუთმენლად ელოდა და მარტმა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა თებერვალი საკუთარ მოედანზე. ვულოცავთ ამ გამარჯვებს მარტის ქომაგებს! - ტელევიზიიდან მოსმენილ ამ ინფორმაციას გამარჯვებულის ღიმილი შევაგებე  ამაყად თავაწეულმა, ჩემს თვალებში აცეკვებულმა გაზაფხულის სხივმა კი წამყვანის მოლოცვას მადლობით უპასუხა.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები