ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
4 მარტი, 2011


მოგიწევთ ჩემი ატანა (მე-კალ-მე-ს)

  უზარმაზარი ლურჯი თვალებით და შავი თმით დაიბადა. პალატა ისეთი ცივი იყო (ან იქნებ არც... უბრალოდ დედისსითბონაკლულს სციოდა), გაბუსხული ტუჩები გაულურჯა, თვალები კი აუცრემლიანა.
  ფანჯრიდან მარტი ეჭყანებოდა სასაცილოდ და ენას უყოფდა მტირალს. გაბრაზდა, პაწუკა ხელებიც კი მომუჭა... ამ დღის შემდეგ სხვის დასანახად არ უტირია, სულ ეგონა, რომ ყველა მარტივით დასცინებდა...
  მერე იყო მიტოვება...
  სხვა დედა
  სხვა მამა (სწორედ მათ თანდათან ყველაზე ნაკლებად დაერქვათ “სხვა”)
  ჯუჯღუნა იყო მამის ნებიერა.
  გაჩხირკინებული, მზემოკიდებული, მუდმივად გადატყავებული ხელ-ფეხით...
  -ჭამე რამე, მოკვდები...- ეს სიტყვები ყველაზე ხშირად ესმოდა საყვარელი დედისგან,  ქუჩის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე რომ მისდევდა თეფშით ხელში – აააი, თვითმფრინავი მოფრინააავს, პირი გააღე, გადაყლაპეო.
  თმაზე პირველივე კულულის აღმოჩენისას შეიძულა სავარცხელი და იმ დღიდან, თმის ერთი დავარცხნა სამი ზღაპარი “ღირდა”. დედაც, თითქოს ზღაპრების საბადოდ ქცეულაო, ყოველდღე უვარცხნიდა თმას და უყვებოდა ზღაპრებს კომბლეებზე, წიქარებზე, ფიფქიებზე და მელიაზე, რომლის მოსაკლავად გამზადებული თოფიც (ნუ იტყვით და) მამას ჰქონია, თურმე, სხვენზე შენახული. სწორედ მაგ თოფის ჩამოსატანად ააგზავნა სხვენზე ხუთი წლისამ მეზობლის ბავშვი და კიბე ჩამოუგდო, მერე კი იმავე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასულ კიბეზე ჩამომჯდარი მშვიდად უყვებოდა საწყალ მსხვერპლს, თუ როგორ დაინახა გუშინ გრძელკუდა მელია, უცნაური ფრთებით რომ აფრინდა სხვენზე. სიმშვიდეს ინარჩუნებდა მაშინაც, როცა დედიკო და მეზობლები მოცვივდნენ პატარა ბიჭის ისტერიკულ ჩხავილზე... იგივე ბიჭი დღემდე მას აბრალებს, დიდი ყურები რომ აქვს (ყოველ გვერდით ჩავლაზე სწორედ მაგ ყურებს სწვდებოდა ხოლმე რატომღაც და მერე, ვითომც არაფერი, აგრძელებდა გზას).
  სულ ხეებზე დაძვრებოდა და გადატყავებული მუხლ-მკლავ-მაჯაც ამის ბრალი უნდა ყოფილიყო უთუოდ. მამამ ყველა ხეზე თოკის კიბე ჩამოუკიდა, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებაო, მაგრამ სხვა გამოყენება მოუძებნა კიბეებს – ფეხებით ჩამოეკიდებოდა თავდაღმა და ქანაობდა თავბრუსხევამდე (თავბრუ კი არც არასდროს ეხვეოდა)
  ნათლიამ “მაუგლი” შეარქვა და მერე ყველამ აიტაცა ეგ მეტსახელი...
  სულ პატარამ გაიგო რა დაავადება იყო კიბო – მამიკო ხომ სწორედ ამ დაავადების გამო არ ლაპარაკობდა სხვებივით (სასუნთქი მილი ჰქონდა ამოჭრილი) და ექიმობაც ამიტომ გადაწყვიტა. მამა გახარებული იყო და ხელს აფარებდა, როცა პატარა ვიტვიტებზე, წიწილებზე, ბაყაყებზე, გველებზე, ბუზებზე, ჭიებზე გადიოდა პრაქტიკას. ჭრიდა და კერავდა საბრალოებს, თან “ზედმეტ ორგანოებს” აშორებდა (ზოგსაც პირიქით “ჩაამატებდა” რაღაცას).
  ერთხელ “სულ შემთხვევით” დააბიჯა პატარა ვიტვიტას და დედამ სწორედ მაშინ მოუსწრო, როცა მუცელში ძალითშებრუნებულ ნაწლავებს “ზედმეტს” აშორებდა. გული წაუვიდა ქალს.
  -ნუ გეშინია, დე... გული ტიოდა და კაქათ იქნება სუ მალე – დაამშვიდა დედიკო და “ექიმურად” დაუწყო მობრუნება.
  მამამ მაშინაც გადააფარა ხელი...
  ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებულ მამიკოს "ცხელი სადილი" დაახვედრა - მწვანილ-სარეველა დაკრიფა ბოსტანში, დაჭრა და რადგან დედიკომ ზეთი არ მისცა, უზეთოდ შეწვა (დაანახშირა) ტაფაზე, მერე მარილი მოაყარა ("ცოტა" ზედმეტი მოუვიდა)... მამას ნამცეცი არ დაუტოვებია ტაფაზე. სულ ცრემლებად სდიოდა თვალებიდან კბილებში ახრაჭუნებული მარილი, მაგრამ ნებიერას მომზადებულ "სადილზე" უარს როგორ იტყოდა?
  -შენ შემოგევლე, ჩემი ქალობა, ამაზე გემრიელი ჯერ არაფერი მიჭამია - ეუბნებოდა პატარას და ასე მგონია, არც იტყუებოდა (მთავარი ხომ საჭმლის გემო კი არა, სითბო და მზრუნველობა იყო "წამოსწრებულმა ქალიშვილმა" რომ გამოიჩინა მამიკოს მიმართ), ეგ კი არადა, ვგონებ, არც იმის ეშინოდა, ქებით წაქეზებული პატარა ხვალისთვის ბაყაყის წვნიანის მომზადებას რომ აპირებდა მამიკოსთვის.
  ასე გაგრძელდა ათ წლამდე... მერე ბავშვობა დამთავრდა – მამა გარდაიცვალა (ვერ მოუსწრო ექიმად მამას და... აღარ გახდა ექიმი).


  თორმეტს წუთები დაჰკლებია.
  ავდგები ახლა, შეშას შევუკეთებ ბუხარს და გათბება ოთახი.
  მე აღარასდროს დავიბადები სიცივეში, აღარასდროს მომაკლდება დედის სითბო, აღარასდროს ვიტირებ სხვის დასანახად და...

  ფანჯრებს მიღმა მარტი ტირის. ამჯერად მე ვუყოფ ენას და ვაბრაზებ ჩხავანას...
  მე დავიბადე!
  მოგიწევთ ჩემი ატანა... გაძლებას გისურვებთ!
 

  დაბადების დღეს გილოცავ, მე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები