ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
16 მაისი, 2011


რატომ გესლავს კოღო ყველას? (ზღაპარი)

ჯადოქარმა თურმე ტყეში
გამოგზავნა მოადგილე
და საჩუქრად არიგებდა
იგი, ნაირ-ნაირ ცხვირებს.

ზოგი იყო დიდი, მსხვილი,
ზოგი მოკლე, ზოგი სქელი,
ზოგიც ფართო, ზოგიც წვრილი,
ზოგი იყო ძლიერ გრძელი.

რიგში იდგნენ სპილო, მელა,
ტურა, ღორი, თხა და მგელი,
ლომი, ჯიქი, ვეფხვი, შველი,
მობაჯბაჯდა დათვიც ბელით.

ირემ-არჩვი, ნიამორი,
ქურციკი და მარდი ჯიხვი
ხტუნვა-ხტუნვით ისწრაფოდნენ
ყურცანცარა, კვერნა, ციყვი. 

პეპლები და კალიები,
ფუტკარ-ბზიკი, ჭიანჭველა,
ხოჭო, ბუზი, ტარაკანა,
ისწრაფოდნენ ტყისკენ ყველა.

არწივი და შევარდენი,
ჩიტი თითქმის ყველა ჯურის,
მოდიოდნენ, მოფრინავდნენ,
დრო არ იყო ახლა მდურვის.

ჩაეძინა მხოლოდ კოღოს,
პაწია და ფრთებქანქალას,
როდის, როდის წამოფრინდა
მაგრამ ქარმა არ აცალა

დაუქროლა და ხან აღმა,
ხან დაღმა აფრინ-ატარა,
მის კლანჭებს ვეღარ დაუძვრა,
გაბრაზდა კოღო პატარა.

ბოლოს, როგორღაც იმ ტყეში
მიფრინდა ძალაგაცლილი,
ყველა წასული დაუხვდა,
ცხვირების აცმა...დაცლილი.

ეკიდა ნემსი მხოლოდღა
წვეტიანი და პაწია,
გაბრაზებულმა კოღონამ
არც აცხელა და აცია

ნესტრად მოირგო ის ნემსი,
გულში ჩაიდო მან ბოღმა,
იმ ნესტრით ყველა დაგესლა
გზაზე, გაღმა და გამოღმა.

რადგან უცხვიროდ დატოვეს
ყველა სულდგმულზე გაბრაზდა,
დროს იხელთებდა თუ არა,
ნესტარს ასობდა ანაზდად.

და იმ დღის მერე კოღონას
ნესტარი დარჩა ნემსივით,
დაფრენა, უცებ დაგესვლა,
მან გაიხადა წესივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები