ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: თარგმანი
6 მარტი, 2011


ადამიანი, რომელიც ა რ ა ვ ი ს მ ო ს წ ო ნ დ ა (კარელ ჩაპეკი)

- კი მაგრამ, რაშია საქმე? - იკითხა კოლდამ.
- ბ-ნო კოლდა- უთხრა პაცოვსკიმ ვახმისტრს- რაღაც მაქვს თქვენთვის.
  პაცოვსკი თავადაც პოლიციელი იყო ავსტრო-უნგრეთის მონარქიული წყობის  დროს,  საცხენოსნოშიც კი მსახურობდა, მაგრამ ომის შემდგომ დადგენილ წესებს ვერაფრით შეეგუა და პენსიაზე გავიდა.
  არენდით მცირე სასტუმრო აიღო... რა თქმა უნდა - მოშორებით ქალაქისგან, მაგრამ ამ ბოლო დროს ადამიანებს სწორედ რომ ეს სოფლის ხედები მოსწონთ, ტბაში ბანაობა, ქალაქგარეთ სეირნობა და სხვა მისთანანი.
- ბ-ნო კოლდა, გონს ვერ მოვსულვარ. ჩემს სასტუმროში კაცი დაბინავდა ერთი, ვინმე როიდლი. ორი კვირაა უკვე ჩვენსას ცხოვრობს... ერთი შეხედვით,ვერაფერში დასდებ ბრალს, საფასურს დროულად იხდის, ალკოჰოლს არ ეტანება, ბანქოს არ თამაშობს, მაგრამ... იქნებ, შემოგევლოთ ჩემთან – თვალს შეავლებდით.
- კი, მაგრამ, რაშია საქმე?- ჩაეკითხა ვახმისტრი.
- მაგაშია საქმეც, თავად ვხვდები თუ?! განსაკუთრებული თითქოს არაფერი უნდა იყოს მაგრამ როგორ გითხრათ?! ეს კაცი უბრალოდ არ მომწონს მე და ბასტა!
-როიდლი...როიდლი-იმეორებდა ვახმისტრი- ეს სახელი არაფერს მეუბნება. ვინ ვარო, რას ამბობს?
-არ ვიცი- ჩაილაპარაკა პაცოვსკიმ - ამბობს, ბანკის თანამშრომელი ვარო, თუმც, ბანკის სახელწოდება ვერაფრით დავაცდენინე. არ მომწონს ეს ყველაფერი. გარეგნულად ისეთი სანდომიანია,მაგრამ... ფოსტა არ მოდის მის სახელზე, მაგალითად. მეჩვენება, რომ ხალხს გაურბის და არც მაგ ფაქტით ვარ მოხიბლული მაინცდამაინც.
- ეგ როგორ?- აშკარა ინტერესი გამოეხატა სახეზე კოლდას.
- აგიხსნით აგერ. მითხარით გეთაყვა, რომელ ჭკუათმყოფელს სიამოვნებს სექტემბერში სოფლად ჯდომა?! ან კიდევ – საკმარისია სასტუმროსთან ავტომანქანა გამოჩნდეს, რომ ეს ჩემი სტუმარი სადილობის დროც რომ იყოს – მაგიდას მიატოვებს და თავის ოთახში უჩინარდება. აი, ასეა საქმე! გელაპარაკებით მე თქვენ, ა რ  მ ო მ წ ო ნ ს ეს კაცი!
ვახმისტრი კოლდა წუთით ფიქრებს მიეცა.
- იცით რა ბ-ნო პაცოვსკი?! მოდით, უთხარით იმ თქვენს სტუმარს, რომ შემოდგომაზე სასტუმროს კეტავთ ხოლმე. გაემგზავროს იმ თავის პრაღაში ან საითაც სურდს და საქმის ბოლოც ეგ იქნება. რისთვის უნდა გვყავდეს აქ, ჩვენთან?!
- - -

მეორე დღეს, კვირას, ახალგაზრდა ჟანდარმი ჰურიხი, ზედმეტსახელად მარინკა, იგივ პანენკა, შემოვლიდან ბრუნდებოდა. გზად სასტუმროში სიტუაციის დასაზვერად შევლა გადაწყვიტა. ტყიდან, მოკლე გზით პირდაპირ ეზოში შეაბიჯა. ჩიბუხის გასაწმენდად მცირე ხნით კართან შეყოვნებულს, ანაზდად მეორე სართულზე სარკმლის გაღების ხმა შემოესმა და თითქმის იმავდროულად, რაღაც არსებამ ჩაუქროლა ცხვირწინ. პანენკა არ დაიბნა, მყისვე მოსწყდა ადგილს, გამოუდგა და მხარში სტაცა ხელი ადამიანს, რომელმაც რატომღაც სასტუმროს მეორე სართულის ფანჯრიდან ინება გადმოხტომა.
- რასაა - რომ სჩადიხართ? -გამომცდელად ჩაეკითხა ჟანდარმი.
კაცს სახე გაჰფითრებოდა.
- რა? გადმოხტომა არ შეიძლება? - სწრაფად მოუჭრა- მე ხომ აქ ვცხოვრობ?!
ჟანდარმს დიდხანს არ უფიქრია.
- შეიძლება ცხოვრობთ კიდეც აქ, მაგრამ არ მომწონს, რომ ფანჯრიდან ხტებით!
- არ ვიცოდი აკრძალული თუ იყო - თავის მხრივ არ ნებდებოდა მამაკაცი - ბ-ნ პაცოვსკის ჰკითხეთ და ის დაგიდასტურებთ, რომ ნამდვილად აქ ვცხოვრობ. მე როიდლი ვარ.
- შეიძლება,- არ ცხრებოდა პანენკა, იგივ მარინკა - მაშინ დოკუმენტები წარმოადგინეთ!
- დოკუმენტები?- უნდობლად ჩაეკიტხა როიდლი - არ მაქვს თან. მოვითხოვ და გადმოვაგზავნინებ.
- ჩვენ თავად გ ა მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ - არც თუ მთლად უკმაყოფილო გამომეტყველებით ჩაუმარცვლა ჟანდარმმა. - გამოყევით, ბ-ნო როიდლ!
- სად?- შეწინააღმდეგება სცადა როიდლმა და სახეზე მიტკლის ფერი დაედო - რა უფლება გაქვთ? რის საფუძველზე გსურთ ჩემი დაპატიმრება?
- იმიტომ, რომ  ა რ  მ ო მ წ ო ნ ხ ა რ თ  მე თქვენ,ბ-ნო როიდლ. საკმარისია ლაყბობა,მომყევით!
- - -
იჯდა ჟანდარმერიაში ვახმისტრი კოლდა საშინაო, თბილი ფაჩუჩებით, გრძელ ჩიბუხს აბოლებდა და ყოველდღიურ გამოცემას კითხულობდა და სწორედ ამიტომ იყო, რომ პანენკასა და როიდლის გამოჩენამ შეაშფოთა:
- ღმერთო ჩემო,მარინკა, რას სჩადით ამას! კვირა დღისითაც არ მაძლევთ მოსვენებას? რაღა მაინცდამაინც კვირაობით მოგყავთ ჩემთან ხალხი?!
-ბ-ნო ვახმისტრო- ურაპორტა პანენკამ,- ეს ადამიანი ა რ  მ ო მ ე წ ო ნ ა მე. სასტუმროსთან მიახლოვებული რომ დამინახა – ფანჯრიდან ისკუპა და ტყეში უნდოდა მიმალვა. დოკუმენტები თან არ აქვს. აი, მოვიყვანე. ვინმე როიდლი.
- აჰა, ესე იგი უკვე ჩავარდით არა, ბ-ნო როიდლ?!
- თქვენ მე ვერ დამაპატიმრებთ - ჩაილუღლუღა როიდლმა.
- ვერ დაგაპატიმრებთ, კი ბატონო, ნამდვილად! მაგრამ თქვენი დაკავება ხომ შეგვიძლია?! მარინკა, სასტუმროში მიირბინეთ, დაკავებულის ოთახი დაათვალიერეთ და მისი ნივთები აქ მომგვარეთ. თქვენ კი, დაბრძანდით,ბ-ნო როიდლ!
- მე... მე უარს ვაცხადებ რაიმე სახის ჩვენების მიცემაზე- ნირწამხდარი ბურდღუნებდა როიდლი - პროტესტს ვაცხადებ. გიჩივლებთ!
- ღმერთო ჩემო, ბ-ნო როიდლ, ა რ  მ ო მ წ ო ნ ხ ა რ თ მე თქვენ! ასე რომ, დაჯექით და დადუმდით!
კოლდა ისევ გაზეთს დასწვდა და კითხვა განაგრძო.
-მისმინეთ, როიდლ, რაღაც მთლად წესრიგში არ უნდა იყოს. თვალებზე გატყობთ პირდაპირ. თქვენს ადგილას მოვყვებოდი მე ყველაფერს და სიმშვიდესაც მოვიპოვებდი. არ გნებავთ და – ნუ ინებებთ! თქვენი საქმეა.
მიტკლისფერი როიდლი ოფლად იღვრებოდა. კოლდამ თვალი - თვალში გაუყარა, ზიზღნარევი გრიმასა მოირგო და ღუმელზე გასაშრობად დაწყობილი სოკოების გვერდშესაქცევად გაემართა.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ ისევ შეეხმიანა “სტუმარს”.
-ყური დამიგდეთ, ბ - ნო როიდლ. სანამ თქვენს პიროვნებას დავადგენთ, მანამ სასამართლოს შენობაში მოგიწევთ ყურყუტი, არც გეყოლებათ ვინმე ხმის გამცემად. ნუ მეწინააღმდეგებით, მეგობარო!
როიდლი ჯიუტად დუმდა. კოლდა კი იმედგაცრუებული ბუზღუნებდა და თან ჩიბუხს წმენდდა.
- მაშ, კარგი,- განაგრძო - აი, მისმინეთ, სანამ თქვენს ვინაობას დავადგენთ და სანამ სასამართლოს შენობაში მოგიწევთ მარტოს ჯდომა, იქნებ მთელი თვეც გავიდეს, მაგრამ ეს თვე სასჯელის საერთო ვადაში არ ჩაგეთვლებათ. განა დასანანი არ არის ტყუილად ჩაჯდეთ მთელი ერთი თვით?
- და თუ გამოვტყდები? - მღელვარება დაეტყო როიდლს და გაუბედავად იკითხა - მაშინ?
- მაშინათვე წინასწარი პატიმრობა შეგეფარდებათ, ხვდებით ხომ?- აუხსნა კოლდამ- ეს თვეც სასჯელის ვადაში ჩაგეთვლებათ. მაგრამ, თქვენ როგორც გენებოთ –ისე მოიქეცით. ა რ რ რ    მ ო მ წ ო ნ ხ ა რ რ რ თ მე თქვენ და მოხარულიც ვიქნები თუკი სამხარეო სასამართლოს გადაგცემენ. აი,  ასეა საქმე, ბ-ნო როიდლ!
როიდლმა ამოიოხრა, მისი არეული მზერა აფორიაქებული და კუთხეში მიმწყვდეული კაცის გამოხედვას დაემსგავსა.
- რააატომ?- აღმოხდა ბოლოს აღელვებულს - რატომ მეუბნება ყველა, რომ  ა რ    მ ო ვ წ ო ნ ვ ა რ!
- იმიტომ, რომ თქვენ რაღაცის გეშინიათ- მტკიცედ განუცხადა კოლდამ- რაღაცას მალავთ, ფარავთ,- ეს კი არავის მოსწონს! მაგალითად, თქვენ, როიდლ -რატომ არავის უსწორებთ მზერას? თქვენ ხომ ვერსად ხართ მშვიდად. აი, სწორედ ამაშია საქმე, ბ –ნო როიდლ!
- როსნერ(ი)- შეუსწორა გაფითრებულმა.
კოლდა ჩაფიქრდა.
-როსნერი... როსნერი, მოითმინეთ. ეგ რომელი? ეს სახელი მეცნობა რატომღაც.
- დიახ, მე ფერდინარდ როსნერი ვარ! - წამოიყვირა კიდევ უფრო მეტად გაფითრებულმა და აღელვებულმა.
- ფერდინარდ როსნერი?-იმეორებდა კოლდა,- ეს უკვე რაღაცას მახსენებს. როსნერ ფერდინანდი...
- სადეპოზიტო ბანკი, ვენაში - მცირე მინიშნება გაუკეთა ვახმისტრს დაკავებულმა.
- აჰა! - სიხარულით შესძახა კოლდამ - გაფლანგვა! გამახსენდა! მეგობარო, აგერ უკვე მესამე წელიწადია თქვენი დაპატიმრების ორდენი გვიდევს განყოფილებაში. ესე იგი, თქვენ ბრძანდებით როსნერი,-კმაყოფილი გამომეტყველებით იმეორებდა- რატომ თავიდანვე არ სთქვით? კინაღამ იყო და არ გაგიშვით?! თქვენ კი – როსნერი ყოფილხართ!მარინკა! – მიუბრუნდა კარში შემოსულ ჟანდარმ ჰურიხს ვახმისტრი,- ეს ხომ როსნერი ყოფილა, გამფლანგველი!
- მოვითხოვ...- შეშფოთებულმა სცადა უკმაყოფილების გამოთქმა და უხერხულად შეიშმუშნა.
- შეეჩვევით ამ ყველაფერს, როსნერ- “დააიმედა” კოლდამ- ახლა თქვენ კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოთ, იმისთვის, რომ ყველაფერი გაირკვა. გვითხარით,ღმერთმანი სად მალავდით თავს მთელი ამ ხნის განმავლობაში?
- ვიმალებოდი- გამოტყდა როსნერი - ხან სამგზავრო ვაგონებში, ხანაც ძვირადღირებულ სასტუმროებში. იქ არავინ გკითხავს ვინაობას და იმას, თუ საიდან მოხვედი!
- დიახ, დიახ. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში. ეს უდაოდ ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული.
- რა თქმა უნდა!- თითქოს გულზე მოეშვა როსნერს - თავად განსაჯეთ, როგორ შემეძლო რომელიმე იაფფასიან სასტუმროში გაჩერება, სადაც პოლიციელთა ალყას ვერ ავცდებოდი?! ღმერთოოო, ღმერთო ჩემო, მთელი სამი წელიწადი იძულებული ვიყავი იმაზე გაცილებით უკეთ მეცხოვრა, ვიდრე ეს ჩემს ფინანსურ მდგომარეობას შეეფერებოდა, იძულებული ვიყავი - ფუფუნებით მეცხოვრა. სამ ღამეზე მეტი არც ერთ სასტუმროში გამითევია. მხოლოდ აქ - თქვენთან და თქვენც “ჩამავლეთ”.
- დიახ, ნამდვილად სამწუხაროა,- ამშვიდებდა კოლდა,- მაგრამ, ისედაც ხომ გამოგელიათ უკვე ფული. ასე არ არის, როსნერ?
-კი,- დაუდასტურა დაკავებულმა, რომელიც ნელ-ნელა ფერზე მოდიოდა,- და სიმართლე გითხრათ, მეტს მაინც ვეღარ გავუძლებდი. ამ სამი უღმერთოდ გაწელილი წლის მანძილზე ერთ ადამიანთანაც კი არ მისაუბრია გულიანად... თუ ამ ჩვენს საუბარს არ ჩავთვლით. სადილობასაც ვერ ვახერხებდი გემოზე. საკმარისია შემომხედოს ვინმემ და ... წამიერად ვორთქლდები ადგილიდან. ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, შესაბრალისად შესჩივლა როსნერმა- თან ყოველ მათგანში პოლიციელს ვხედავდი? წარმოგიდგენიათ? სასტუმროს მეპატრონე პაცოვსკიც კი - ჟანდარმი მეგონა.
- ოჰ, ამ საკითხზე შეგიძლიათ არ იდარდოთ, პაცოვსკი მართლაც ყოფილი პოლიციელია.
-აი, ხომ ხედავთ?! სცადეთ აბა დამალვა! რატომ მიყურებდა ყველა ასე ეჭვის თვალით? ნუთუ მე ვგავარ დამნაშავეს?
კოლდამ გამომცდელი მზერა მიაპყრო.
- აი, რას გეტყვით მე თქვენ, როსნერ. ახლა უკვე – აღარ! ახლა უკვე ჩვეულებრივი ადამიანივით გამოიყურებით. მაგრამ, მანამ მე თქვენ ა რ  მ ო მ წ ო ნ დ ი თ, მეგობარო. ვერც კი გეტყვით ამგვარად ყველა თქვენს საწინააღმდეგოდ რამ განაწყო... მაგრამ,- მტკიცედ დააყოლა კოლდამ,- მარინკა სასამართლოში წაგიყვანთ. ჯერ ექვსიც არ არის, ასე რომ თუ მიუსწრებთ, დღევანდელი დღეც სასჯელში ჩაგეთვლებათ. კვირა რომ არ იყოს - თავადაც წამოგყვებოდით. ეს ისე, რომ იცოდეთ – ჩვენ თქვენი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ყველივე ეს კი იმიტომ მოხდა, რომ გულღია არ იყავით ადამიანებთან ურთიერთობისას, ბ-ნო როსნერ! ახლა კი – ყველაფერი რიგზეა. მარინკა, ბორკილები დაადეთ!
- - -
-იცი,რა?-საღამოს განუცხადა ვახმისტრმა ახალგაზრდა ჟანდარმს - მარინკას,იგივ პანენკას,- გეტყვი აგერ მე შენ, რომ ეგ როსნერი მ ო მ ე წ ო ნ ა! ძალიან სასიამოვნო ადამიანია, არა?! ვფიქრობ, ერთ წელზე მეტს არ მისცემენ.
-მოვითხოვე ორი საბანი მიუტანონ,- თქვა პანენკამ- ის ხომ ციხის ქვეშაგებს მიჩვეული არ არის .
- ჰო??? კარგია,-შენიშნა კოლდამ- მე კი, ზედამხედველს ვთხოვ ჩამოუჯდეს ხოლმე და ესაუბროს. დაე, იმ როსნერმა კვლავ ხალხის გარემოცვაში იგრძნოს თავი.

http://m.lit.kz/books/chapek-karel/chelovek-kotoryi-nikomu-ne-nravilsya



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები