ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2011


ქუჩაში ქუჩა

ზამთრის მენიუს გადახედა,
ეუგემურა...
რა გააღვიძებს ახლა ფიქრებს,
თითქმის მთვლემარეს?
მავთულზე სკუპდა თავშექცევით
ორი ბეღურა,
საკუთარ ფრთის ქვეშ რეალობას
რომ მიემალნენ...
გადმოსცქეროდნენ აივნები
ქუჩის მოციონს,
საუბარი რომ პარალელურ
გზასთან გაება.
ქარი გარდაცვლილ შემოდგომას
წვავდა კოცონზე,
და მერე იქვე, ხის ძირებთან
ასაფლავებდა...
მი-მოდიოდა ქუჩა ვიღაც,
უცხო კაცივით,
თითქოს ეძებდა ძველი სახლის
ახალ მისამართს.
იქნებ წითელზე შეჩერება
უკვე არც ღირდა,
იდგა ქუჩა და არც ახსოვდა,
თუ რა ხნისაა...


  როგორც კინოლოგი

ფიქრებს აყეფებულს, როგორც კინოლოგი
ვცრი და პირზე ვარგებ მსუბუქ ალიკაპებს.
ვუსმენ სიჩუმის ხმამაღალ მონოლოგებს
ხელის სავარძელში ჩამჯდარი ნიკაპით.
ცხოვრება - თითქოს  აშლილი ორღანია,
სტრიქონსაც იგივე უჩანს სიმპტომები.
ვგრძნობ, რომ ვეღარ ვიტან უკვე ორგანულად
კადრებს შეხვედრის და მერე მიტოვების...
შევდივარ ზონაში დიდი გარინდების,
სადაც მთავარი არსია საგანთა.
ახალ პარტნიორად თავს მევე ვჭირდები,
და სიმარტოვეში საკითხავ საგას ვთხზავ...
კითხვაზე პასუხებს ვამრავალწერტილებ,
ფორტუნა რაღაცას ფრუტუნებს ცალი ყბით.
ახლა მე თვითონ ვარ ჩემივე მეწყვილე,
შენ მკლავი მომეცი, მე კი ხელს გაგიყრი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები