ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2011


სასტიკი და არც ისე სერიოზული ორიენტირები

ჩემი საათი  სიჩუმეზე  ოდნავ ხმამაღლა  მუშაობს.....  ამიტომაც  თუ გაისუსები ,გაიგონებ :  ტიკ–ტაკ ..........  ტიკ–ტაკ .......
ეს ხმები მხოლოდ მე მესმოდა იმ ღამეს, რადგან მარტო ვიყავი... მერე მივხვდი თურმე რაა  მარტოობა!... როცა გესმის როგორ მუშაობს საათი.
დილით, ქალაქში რომ გამოვედი კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე ,  რომ  სიყვარული ბრმაა...  მეც არ მიკვირდა ? რატომ ვეჯახებოდი კედლებს, მეტროს კარს, ავტობუსებს, ცარიელ ქუჩაზე შენობებს, ლოტოს ჯიხურებს.....
მერე ამ აღმოჩენით აფორიაქებული დიდხანს ვიჯექი მეტროს სადგურში ქვის ცივ სკამზე და ვუყურებდი როგორ მოდიოდნენ და მერე მიდიოდნენ მატარებლები, ამან ქვეცნობიერად კიდევ ერთი აღმოჩენისკენ მიბიძგა! თურმე ყველაფერი წარმავალია!
და თანაც, აუცილებელი პირობაა--- რომ ჯერ მოვიდეს, სანამ წავა.

                                **                              **                        **
წარსული ----შენს გონებაში ფეთქებული ემოციის ქალაქის ნანგრევი
აწმყოს დაუნდობელი, უხეში  ხელით გაჩეხილი , ემოციების ველური ყვავილების ბაღი
წარსული, მომავლისგან დაშინებული, დევნილი სუბსტანცია.
წარსული სადაც შეიკრა ყველა რგოლი .
წარსული-სადაც ბუნდოვანი და ტლანქი ასეა შერწყმული ფაქიზთან და კონკრეტულთან .
წარსული----ორმო რომელიც ამოავსე სხვა ორმოდან ამოღებული მიწით!...
წარსული რომელიც აღარ არის და მაინც აქაა, გვერდზე, გამოუცნობი და ნოსტალგიური შეგრძნებებით დახუნძლული---საშინელი ძალით გექაჩება და თავის თავში აერთიანებს ყველა ჩახვეულ გორგალს მოგონებების მიერ შეკერილი მოსასხამისა, კიდევ რომ იქსოვება და დროდადრო ამოწმებს კვანძებს და არშიებს, ფერებს, ნახატებს, ყველა გეომეტრიულ ზომას, ფიზიკურ ფორმებს, მერე ისევ აგრძელებს უხილავი ხელებით ამ მარტივ მოძრაობებს----დიახ, მარტივს,( რადგან თავად სამყარო მარტივი საგნებისგან შედგება)... მხოლოდ ჩვენი გონება ართულებს, ამძაფრებს ყველაფერს, და რომ შეიძლებოდეს შეუძახო წარსულს, ბავშვობას, რომელიც ასე შორსაა და მაინც ჩვენი გონების ჩარჩოებშია ჩაკეტილი, რომ შეიძლებოდეს შიგნიდან გახსნა, გამოხრა  კიდევ ერთხელ, როგორც ძვალი, ის აღარ მოგვეჩვენება ასე გემრიელი, რადგან გონება ეწინააღმდეგება ეს დაუშვას, თითქოს თავად ჩვენს არსებაშია ჩაწერილი წარსულის შეუქცევადობა და მუდმივი ლტოლვა კიდევ ერთხელ დაინახოს შეიგრძნოს ის დახვეწილი არომატები განშორებული ბავშვობის მიუწვდომელი მშვენიერებისა...
აწმყო კი მეფობს, მეფობს და ახალ შეგრძნებებს  აშრევებს გონებაში, ახალ სახეებს .ხმებს...  წარსული უკან და უკან გადადის, თმობს პოზიციებს, მაგრამ მაინც აქაა, სადღაც გვერდზე, ის ჩნდება მაინც, როცა რაღაც ერთი დეტალი, მსგავსი, იქნება ეს სხვა ბავშვის ხილვა თუ იმ ადგილების მონახულება, რომლებმაც შეინახეს ის წარსულის რხევები, ვიბრაციები, მუხტი....  ისევ გამოიტყორცნება მეხსიერების სარკოფაგიდან, წამიერედ დომინირებს კიდეც აწმყოზე, მაგრამ მერე ისევ უკან ბრუნდება, როგორც საცეცწაკვეთილი მწერი იხევს უკან, ისევ ნაჭუჭში იკეტება თავისი პერსონაჟებით, შეგრძნებებით, სილუეტებით და პროეცირდება უკვე როგორც სევდა, მიუწვდომელისა და დაკარგულისა
მაგრამ რატომ დაკარგულისა ?.. ის ხომ აქაა  ისევ, არსად არ წასულა თუ დავიძაბებით, ისევ შეგვიძლია გამოვიძახოთ ეს ყველაფერი, ისევ წინა პლანზე დავაყენოთ, სცენაზე, ახლოს, პირველ რიგში დავჯდეთ, ფეხი ფეხზე გადავიდოთ და დავტკბეთ როგორ მოძრაობს , ცახცახებს წარსულის ეს თითქოს შავ-თეთრი კადრები, გაქვავებულნი ყოყმანში...
შემდეგ ეს ყველაფერი მთავრდება, ორაზროვანი აღნიშვნები და მეტაფორები, რჩება ისევ აწმყო, რომელიც ფეთქავს, ისევ ქსოვს წარსულს, ზოგ რამეს სიზმრებისთვის ინახავს რომ მერე გაგვაწვალოს, ან გაგვახაროს, ანდა გაგვაკვირვოს მოულოდნელი სიუჟეტებით... ხანდახან შეუთავსებლის ხილვითაც.
მომავალი ემზადება, მოცოცავს და ჩვენ მისი არ გვეშინია, რადგან აწმყო---ეს შუამავალი,-- ჩურჩულით  გვამცნობს,  დაახლოებით როგორია ის, ის უხილავი აუცილებლად რომ დადგება. და მასში ისევ და ისევ წარსულის ნაწილია ჩაბუდებული....

                                              **                      **                            **
.... ამ ყველაფერმა ისე გამიტაცა რომ ავდექი და რაღაც ქმედებისთვის მოვემზადე, ამ დროს პოლიციელი მომიახლოვდა, თურმე აქ იყო და დიდხანს  მიყურებდა,  ხმაც გავიგონე, კიდევ ერთი მატარებელი შემოდიოდა სადგურში, პოლიციელი ყურადღებით მაკვირდებოდა , მერე მკითხა:
----რას ელოდები ?..
მე არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, არც ვიცი საიდან მოვიდა სიტყვები, თითქოს სადღაც ეწერა და მე უბრალოდ წავიკითხე.
---13 ნომერს....
პოლიციელმა პირი  კი დააღო, მაგრამ ვერაფერის თქმა ვერ მოასწრო, სადგურზე მატარებელი შემოგორდა რომელსაც ... რომელსაც...
რომელსაც..... საოცარია, მაგრამ 13 ნომერი ეწერა.
პოლიციელის თვალებში გაოცება შიშმა შეცვალა , მერე უკან დაიხია
მე ვაგონში შევედი.
ყველაფერი თავის ადგილზე იყო, წარსულმა დაიკავა თავისი ადგილი, აწმყო ისევ ბაქანზე იდგა და მასაც წარსული ყლაპავდა, მომავალი ჯერ არ  დამდგარიყო...
--ფრთხილად, კარები იკეტება, -----გამოაცხადა ავტომატმა----შემდეგი სადგური სოხუმი.....
მატარებელი დაიძრა.
მერე შექანდა.
გამეღვიძა.


10.03.2011. სერგეი  ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები