ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2011


"მკურნალობა" ზღაპრებით

პრინცები, პრინცესები,
ბოროტი დედაბრები.
მონატრების სცენებად
ჩამომწკრივდნენ ზღაპრები.
ბროლის ქოში კონკიას
ისევ დარჩა კიბეზე.
მხრებზე ხელი მომხვია
ზღაპრის ბოლოს სიკეთემ...
დევები და ჭინკები,
კვაჭი ხუთკუნჭულები,
ხელს მიქნევენ ზღაპრიდან
ხსოვნას შეყუჟულები.
მოტანტალებს ბავშვობა,
მეც მაქცია დრომ დედად.
რომ მეგონა, დამშორდა,
თურმე, უკან მომდევდა.
ჩამოშლილმა დალალმა
ბროლის მაღალ კოშკიდან
მყისიერად ალაგმა
ჩემი წლების ქოშინი,
ალებო და დალებო,
დინჯო ნაცარქექიავ,
გადმოცალეთ სხვა ნებით
გულში რაც დამლექვია.
მისალბუნეთ ზღაპრებო,
ჩემს დიდობას უწამლეთ,
თორემ, თავგზა წაიღო
ამ ცხოვრების სულსწრაფვამ.
ცაზე მთვარე ნამლევი
თავს ტყუილად იცოდებს.
ზღაპრით ნამკურნალევი
რა თბილია სიცოცხლე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები