ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


ღამე მცხეთაში

მეტკინა სული ...
მოხუცივით დაღლილმა ეჭვმა,
მტრედებისაკენ  გზა-სავალი
ისე დარაზა,
თითქოს, არაგვთან პომპეუსის
სპამ გადამჯეგა,
ან, ზედაზენზე მიმამსხვრიეს,
როგორც არმაზი.
დღე, ნაფოტივით, აედევნა
მღვრიე ქარტეხილს...
მიმწუხრია და მიულულავს
ფოთლები ჩინარს,
მტევანში დნება შოკოლადის
შავი ნატეხი...
თეთრი ფერიდან ერთი გრამი
გადამირჩინე.
ვარ სილუეტი,
ტანთ უკუნი ღამე მაცვია...
მდუმარება    ქუხს.
(არც ელვაა,არცა მეხია)
თითები დამწვა გამოწვდილმა
ასიგნაციამ
და ნინოს ჯვარზე ნაწნავივით
გადავეხვიე.
ღამის ლანდები სიზმარეთის
ჯურღმულში დავხშე,
დილის ცვარ-ნამმა
იის ფურცლებს მოსტაცა ხილვა,
სისხლის მაგიერ, ხეკორძულა
დამიდის ძარღვში
და სვეტიცხოვლის გალავანში
ცოცხლად ვმარხივარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები