ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
24 მაისი, 2011


გულმავიწყი ბებია

            გულმავიწყი ბებია
- ვაი, ჩემი ბოჩოლა, ჩემი შუბლხატულა... -
შემოგვესმა ბებოს ვიშვიში თამაშში გართულებს. ერთმანეთს შევხედეთ გაკვირვებულებმა, რა უნდა მოსვლოდა ბოჩოლას? თამაში მივატოვეთ და ბებოსკენ გავიქეცით.
ბებო ვაშლის ხის ჩრდილში დამჯდარიყო და ოხრავდა. ჩვენ რომ დაგვინახა, ხელი ლოყაზე შემოირტყა და ცრემლნარევი ხმით შემოგვჩივლა:
- ბოჩოლა და-ი-კარ-გა...ვიღაცას ბაღის კარი დაუტოვებია, ეტყობა იქიდან გადავიდა და...
-ვაიმე, ბოჩოლა...- ცრემლები მომერია მეც – იქნებ მგელმა შეჭამა...
-რა გასაკვირია, მგლები მალე სახლში შემოგვივარდებიან და...-კიდევ უფრო ამოუჯდა გული ბებოს.
-მგელი არა...სადმე ძოვს ალბათ, წამო ლია, მოვძებნოთ- რიხიანად მომმართა გიამ.
-არა, არა, მარტო ვერ გაგიშვებთ – იუარა ბებომ და ისიც აგვედევნა.
ვეძებეთ, ვეძებეთ, მოვიარეთ ახლო ბაღები, ყანები, წიფლნარი, სკოლის ეზოც, მაგრამ ბოჩოლა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არსად ჩანდა.
დაღლილები ძლივს მოვლასლასდით სახლამდე. ჭიშკარში შესვლისას ბებომ ისევ წამოიტირა:
- აწი რაღას დაუძახო მოო ბოჩოლა, მოო..
უცებ საიდანღაც ხბომ დაიზმუილა. ბებომ უფრო ენერგიულად მოუხმო:
- მოო ბოჩოლა, მოო შუბლხატულა!
ხბომაც უფრო ხმამაღლა უპასუხა და იცით საიდან? ჩვენი სახბორიდან.
-უი! მე გამოშტერებულს, ეტყობა დილით ხბო სულ არ გამიშვია - თავში ხელი შემოირტყა ბებიამ - სკლეროზი მეტაკა, სკლეროზი...
ბებო სახბორისკენ გაიქცა, ჩვენ კი მდელოზე დავეყარენით და სიცილი აგვიტყდა, თან იმ სკლეროზზეც ვბრაზობდით, რომელიც ბებოს ეტაკა, ხბოს გაშვება დაავიწყა, ჩვენ თამაში მიგვატოვებინა და უაზროდ დაგვღალა სახლში მყოფი ხბოს ძებნაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები