ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

******************** (ექსპრომტი)

ამბობენ, პოეტს უნდა ტკიოდეს
ხალხის კვნესა და ოხვრა ამინდის,
თორმეტს აკლია თორმეტიოდე
წამი, და ისევ ვგრძნობ რომ არ მინდა

გასვლა სახლიდან. ტალღებაშლილი
თითქოს შავი ზღვა ყვება პოემას,
ვიგრძენი უფრო, უფრო ამ დილით
ხალხისგან ჩემი განმარტოება.

და პოეზია როგორც ოჯახი,
ჩვენი მტკიცეა, მყარად დგას ბოძზე,
ღამით  შავი ზღვა ნაპირს აჯახებს
ლექსებს და მერე თორმეტი მოძმე

წელავს ფარნებზე თავიანთ აჩრდილს,
და ეხვევიან გალავნად ბათომს,
ღიმილი ცას კი ლამაზად გაჭრის,
და მერე ჩვენს ქალაქს ლექსები ათოვს.

ღვინით ივსება თორმეტი ყანწი
და პოეზიის თორმეტ მოწაფეს,
ბათომი ლექსებს წვიმებად აცრის,
ლექსები კიდევ მთვარეს მოსტაცეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები