ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
28 მარტი, 2011


ცისარტყელები (მე-დეას)

  მზე და თბილისის ცა ახალგაყრილნი იყვნენ, როცა მედეასგან წამოვედი. მეტროს ვაგონში საღამოს თბილისისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობა იყო.კარებთან დავდექი და ჩანთას ვათამაშებდი ხელში, თან მთელი დღის განმავლობაში მიღებული ემოციებისთვის ვცდილობდი ადგილის მიჩენას სულისა და სხეულის თაროებზე (დამსახურების მიხედვით)...
  -აბა, სათამაშო ცისარტყელები ერთ ლარად! იყიდეთ და გაახარეთ ახლობლები! - ფიქრებიდან გამომარკვია გოგონას ხმამ. ჩვიდმეტიოდე წლის იყო. ერთი ცალი "ცისარტყელა" ხელში ეჭირა და ათამაშებდა, დანარჩენები კი პარკში ჩაეწყო. მძიმე ყოველდღიურობის მიუხედავად, სხივი არ გამქრალიყო მისი მზერიდან და მინიატურულ მნათობად ენთო მზენაკლულ მიწისქვეშეთში.
  სათამაშო ისეთი მრავალფეროვანი და ხასხასა იყო, მზერა გამიყინა და ფიქრად დამიარა სხეულში. წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ გოგონას სათამაშო კი არა, ნამდვილი ცისარტყელა მოექცია სიფრიფანა თითებში...

  ხშირად ადამიანებს დედამიწას ახალამოწვერილ ბალახად გვიშლიან ფეხქვეშ, ცას ქოლგად გვაფარებენ და მაინც არ შეგვიძლია გვერქვას ბედნიერი, კმაყოფილი, ეს გოგონა კი, სათამაშო ცისარტყელებით ხელში, მხიარული ღიმილით დარბოდა ვაგონიდან ვაგონში და ჩემზე ბედნიერი იყო მიუხედევად იმისა, რომ მე  შინ მისულს ცხელი კერძი მელოდა, მას კი მშიერს მოუწევდა დაძინება, თუ მის სათამაშოს არცერთი ჩემნაირი არ იყიდდა.

  -გოგონა, მომყიდეთ ცისარტყელა.
 
  პატარა ბავშვივით სასწრაფოდ გავხსენი სათამაშო, ბედნიერი ღიმილით ავათამაშე ხელებში ბავშვობა და ვაგონიდან ჩავედი...
  მატარებლის დაძვრამდე, მკაფიოდ ვიგრძენი, როგორ ამიწვა ზურგი ორმა პატარა მზემ გოგონას თვალებიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები