ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2011


უდაბნო

      უ დ ა ბ ნ ო

ბუხარში ცეცხლი ლაღად გიზგიზებს,
გადაღლილ სხეულს ათბობს კოცონი,
ჩემი ფიქრი კი უცხო მიზგითებს
ნამტირალევი ანდობს მოლოდინს.
გოდების კედელს გაანდობს სევდას,
ხან მოწიწებით თავს უხრის ბუდას,
რომელ ქალღმერთის სურათსაც ხევდა,
დღეს იმ ქალღმერთის კურთხევა უნდა.
რადგან მიიღო მისმა ქიმერამ
იმ პარნასელი ქალწულის სახე,
რომლის ნამღერმა ერთმა სიმღერამ
დაუგო ლექსის ღვთიური მახე.
ჰოდა, დღეს ჩემი სულის აჩრდილი
ეძებს საკუთარ სულის ნაკვალევს,
გრძელი გზა არის უკვე გავლილი,
მაგრამ გასავლელს აბა რა გალევს.
აუტირდება უდაბნოს ღმერთებს,
ცრემლიან ღაწვებს ულოკავს ქვიშა,
მზის სამსხვერპლოზე წყლის ბოლო წვეთებს,
დაღვრის, დაუცდის სანატრელ ნიშანს.
მაგრამ ის არ ჩანს, სასოწარკვეთა
ქარის ჰანგებით საზარლად კივის,
შეშლილი მზერა ისევ ეკვეთა
სხივებთან ერთად გადმოღვრილ ტკივილს.

უდაბნოს მზეო, უდაბნო ჩემი
შენს უდაბნოზე ბევრად დიდია,
როგორც გრიგალთან მებრძოლი გემი
სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ჰკიდია.
აქაც შეხვდები ქვიშის ბარხანებს
და ჩადრმოხვეულ ოცნების მძევლებს,
მაგრამ ჩემს სულში ვერვინ ახანებს,
ვინც შემეხება, დაიწვავს ხელებს.
გადაეყრები ლექსის ქარავანს,
რითმების სუნთქვას, ტკივილის გრიგალს,
მე ხომ უბრალოდ ქვიშა არა ვარ,
მე მხოლოდ სული ლექსებით მიდგას.
უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი
ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია,
მე ჩემი სული ლექსში გავცვალე
და თმაშიც ლექსი გამომერია.

ღრუბლებს დავატყობ მალე ნაკვალევს,
უნდა ავფეთქდე, ჩემი ჯერია,
რადგან მე სული ლექსში გავცვალე
და თმაშიც ლექსი გამომერია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები