ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2011


* * * (ნაცრისფერი ლექსი)

გაზაფხულია და ნაცრისფრად ყვავის ბუნება,
დიდი ხანია მოღუშული ვხვდები აპრილებს,
ეს მერამდენედ სიყვარული მომეგუნება,
ჩემი გული კი აფეთქებას აღარ აპირებს.

ცა გაიცრიცა, როგორც ქუდი გახუნებული,
ვეღარ იფერებს ქალამნობას გამცვდარი მიწაც,
ჩემი მფარველი ანგელოზი დაღონებულა,
თუმცა კი ძველი შემართებით ერთგულად მიცავს.

ისეთი რუხი თვალები აქვთ მინდვრის ბალახებს,
ჭიამაიას ჭორფლიანი კაბაც ბაცია,
ნეტავი ბედი ცისარტყელას როდის მანახებს,
მეც ხომ სამოსად რუხი ფერის ხორცი მაცვია.

დაზაფრული ვარ, საღი აზრი ჩიხში მოექცა,
კვლავინდებურად უგუნებოდ ვხვდები აპრილებს,
ვერ გამიგია, ბედისწერა ცუდად მომექცა,
თუ ჩემი გული აფეთქებას აღარ აპირებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები