ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2014


* * * (ასი სიტყვა)

  მოსარკულ ცაზე ურცხვად დაკიდებულ შიშველ მთვარეს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და გადმოხტა.
  ფეხქვეშ უმიწობა იგრძნო.
  ჯაჭვმა ხორხისმიერი ხრიალით შეაწყვეტინა სუნთქვა ყველა უჯრედს.
  ინსტინქტად ქცეული გონება სწრაფად იმეორებდა გადმოხტომამდე უთვალავჯერ წარმოთქმულ სიტყვებს: “…და მოგვიტევენ ჩვენ, თანანადებნი ჩვენნი…”
  საჭიროზე მეტად გაფართოებული თვალები ჯიუტად მისჩერებოდნენ მთვარეს, რომელიც სწრაფი ცურვით ცდილობდა ციდან გაქცევას…

  უცებ მუხლებზე შეხება იგრძნო – ორმა ძლიერმა მკლავმა მაღლა აიტაცა მისი სუნთქვაშეწყვეტილი სხეული და  შეუმჩნეველი მოძრაობით მოაშორა ჯაჭვი ახროტინებულ კისერს.
  დაბლა დაიხედა – უფალს მსუბუქად ეჭირა ხელში ცოდვებით დამძიმებული...
  თვალები მილულა.
  როცა გამოფხიზლდა, მარტო იყო პატარა, ჩამონგრეული ტაძრის კარებთან და გაზაფხულის ჰაერი სიცოცხლედ უღიტინებდა ცხვირში ღვთის მიერ ჯოჯოხეთიდან გაძევებულს...
  სადღაც შორს გალობა ისმოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები