ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2011


წლები თოვს (ციკლიდან: ხმით ნატირლები)

ავაჰმე, ჩემო სიჭაბუკევ,
არწივის ნავარდო ზეცაშია,
საით გაფრენილახარ, შე ტიალო,
მიჰფარებიხარ რომელ მხარეს?..

იტყოდნენ მოხუცები (ბალღი ვიყავ):
ახალგაზრდობა ელვა არი,
როგორც აინთება, ისე ქრება!
მე კი ახირებად მივიჩნევდი!

თურმე ჯერ სადა ხარ! ჩამოთოვენ
წლები და მერე სულ სხვას იფიქრებ:
ვაიმე, თვალთა სხივ-ნათელო!
ვაიმე, მუხლთა შევარდნობავ!
ვაიმე, გულის სილაღეო!
ვაიმე, სულის ბზინვარებავ!
ვითომ სულ მეცხრე ცას მატარებდით,
სად გადაიკარგეთ, თქვე ოხრებო!

უნდა დაგიტირო, ბალღობაო -
ილტოს ჭალებო და მთა-გორებო;
უნდა დაგიტირო, სიყმაწვილევ -
სკოლავ, მეგობრობავ, გართობაო;
უნდა დაგიტირო, სიჭაბუკევ -
სტუდენტობავ, საუკუნევ ბობოქარო!..
რა ვარ გაძარცული დღეს თქვენგანა? -
ცაცხვი ნოემბრისა, სევდიანი...

მაინც კი მადლობა, შენ, უფალო,
თუმცა სამარისკენ მივჯახირობ,
რა გულუხვი ხარ და რა კეთილი,
აქამდე და ამდენ ხანს რომ მაცოცხლე,
სიტყვა ლექსებად რომ მაბრძნობინე,
ეგ სიყვარული რომ მაგრძნობინე,
და ეს სამზეო რომ მაცნობინე,
განა საყვედური მეკადრება?

ეხლა სხვამ იაროს იგივ გზები,
მე კი შენს წიაღსავ ჩავბარდები,
ჩემი გასავლელი გავიარე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები