ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: საბავშვო
22 მაისი, 2011


მეგობრები (ლურსმანს)

  ლილე და ლაზარე საბავშვო ბაღში ერთად დადიოდნენ. ბიჭუნა დედას დაჰყავდა, გოგონა - ბებიას, რადგან დედა საზღვარგარეთ იყო წასული, სამუშაოდ.
  "ჩემი დედიკო რომ აქ იყოოოს..." - დღეში იმდენ წინადადებას იწყებდა ამ სიტყვებით ლილე, რომ ლაზარეს პაწუკა თითები არ ჰყოფნიდა დასათვლელად.
  ახალი წელი ახლოვდებოდა. ერთ ღამეს ბიჭს თოვლის ბაბუა ესიზმრა და უთხრა:
  -თუ ჭკვიანად მოიქცევი და დედიკოს არ გააბრაზებ, ახალი წლის ღამეს ისევ გესტუმრები და ერთ სურვილს შეგისრულებ.
  იმ დღიდან ლაზარე უფრო ბეჯითი და დამჯერი გახდა.
  აი, დადგა ახალი წლის ღამეც, ბიჭს კი ვერაფრით გადაეწყვიტა, ნიკუშას რომ ჰყავს ისეთი ველოსიპედი ეთხოვა თოვლის ბაბუსათვის, თუ ელექტრო მატარებელი, გუშინ რომ ნახა სათამაშოების მაღაზიის ვიტრინაზე.
  ამაზე ფიქრში ჩაეძინა კიდეც და ცოტა ხანში თოვლის პაპის ჩურჩულიც გაიგო:
  -შენ ისე ყოჩაღად იქცეოდი, დაიმსახურე ერთი სურვილის ასრულება. აბა, ჩემო ბიჭო, რას ისურვებ?
  ლაზარე არც დაფიქრებულა. სიტყვები თავისით გამოცოცდნენ მისი პაწუკა ტუჩებიდან:
  -მინდა, ლილეს დედიკო აქ ჰყავდეს!

  ახალი წლის დილას გახარებული ლილე ახალჩამოსულ დედიკოს ტიტინით უყვებოდა ბაღის ამბებს. ახალგაღვიძებულ  ლაზარეს კი ნაძვის ხის ძირში ველოსიპედი და სათამაშო მატარებელი ელოდა...

  -ასეა, შვილო, სიკეთესა და სხვაზე ზრუნვას ასმაგად უფასებს ყველას უფალი - ეუბნებოდა ძილის წინ ლილესთან თამაშით დაღლილ ბიჭუნას დედიკო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები