ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2011


მე 21 წლისა ვარ, ის კი 17–ს! (ნაწ.მეორე)

                                                            ***          ***
    ოცდაორი წყვილი თვალი შემომყურებს. მართალია,დირექტორი  შემომყვა, ჩემი თავი გააცნო მათ და გავიდა, მაგრამ....რითი დავიწყო?
    -მასწ,რომელი  სახელმძღვანელოთი ვისწავლით?-მკითხა ნათიამ.
    შვებით ამოვისუნთქე. ვუპასუხე, თან ამოცანათა კრებულის ავტორთა გვარებიც ვუთხარი.
    -მასწ, შეიძლება  თაკოთი მოგმართოთ?-შემეკითხა ბესო.
    -ხომ გითხრეს, თამარ მასწავლებელიო?-შეეპასუხა უკანა მერხიდან ლამაზი გოგონა(სახელი არ გამახსენდა)
    -კი, მაგრამ...თქვენ ისეთი ახალგაზრდა ხართ-გამიღიმა ბიჭმა.
    -კარგად ისწავლეთ და რაც გინდათ ის დამიძახეთ-ღიმილითვე ვუპასუხე მე.
    -მასწ, მოდით დღეს თავისუფალი გაკვეთილი ჩავატაროთ-შემომთავაზა ნათიამ.
    -თავისუფალი გაკვეთილი?
    -დიახ, დიახ მასწ!
    -კი ,რა მასწ!
    -თაკო მასწ...-აირია ხმები ერთმანეთში.
    "დავუთმო თუ არა? არა და, რომ არ მომისმინონ? კი და, მერეც თავის ნებაზე მატარონ?"-გამიელვა თავში, მაგრამ...
    -კარგით,მხოლოდ დღეს დაგითმობთ.
                                                          ###                ###
    თაკო მასწავლებელი მომეწონა. გარეგნობითაც ხომ კარგია, ღიმილიც ძალზე ლამაზი ჰქონია და ხასიათიც-ჯიგარი. რაღაზე არ ვილაპარაკეთ იმ პირველ გაკვეთილზე. თავისი მოსწავლეობაც გაიხსენა, სტუდენტობაც. ეტყობა მცოდნეცაა. გამიმართლა. მასთან მომზადება ხომ არ დავიწყო? არა, ჯერ ერთი-ორი თვე გავიდეს და მერე ვნახოთ.
                                                        ***                  ***
           
    დღევანდელი დღის კმაყოფილი ვარ. კარგი ბავშვები არიან, მეათე და მეთერთმეტეშიც კარგად შემხვდნენ. ცოდნის დონესაც არაუშავს. ის, ვინც ჩემამდე ასწავლიდა, პენსიაზე გასულა და  შვილს თავისთან, ქუთაისში წაუყვანია.
    მეთორმეტეში რამდენიმე ახალი    სახე  შევნიშნე. ერთი განსაკუთრებით მომხვდა თვალში. მაღალი, მხრებგაშლილი, ვაჟკაცური ხიბლით სავსე შავი თვალები. კარგი "ზაგარი"აქვს . ეტყობა, ისაა თემო. დიდის  შესახედაობა აქვს, არ იტყვი მხოლოდ ჩვიდმეტისააო. მართლა კარგი ბიჭია.
                                                          ###              ###
    მაგრა მივეჩვიეთ თაკო მასწავლებელს. ზოგჯერ სახელითაც მივმართავთ, თვითონვე გვთხოვა. კარგად იცის ქიმია. ხასიათი  ხომ...უმაღლესი. დღეს ვუთხარი, მამეცადინეთ-მეთქი და...რაღაც უცნაურად  შემომხედა,"არ გჭირდება, თუ არ იზარმაცებო". როგორ არ მჭირდება, ჩასაბარებლად არ მეყოფა-მეთქი."ვნახოთო". რა უნდა ვნახოთ?   
                                                          ***              ***
    მეთორმეტეში  შესვლა მიხარია. კარგები არიან, როგორც  შეუძლიათ  სწავლობენ. თემო განსაკუთრებით. სამედიცინოზე აბარებს და ქიმიას განსაკუთრებით სწავლობს ,ამოცანებშიც ძლიერია. ის თუ არაა, იმ დღეს გაკვეთილი უხალისოდ მიდის. რა კარგი ბიჭია...                 
                                                          ###          ###
      -თაკო, მორიგეობაში მოგეხმარებით- შევთავაზე დილით.
      -თუ არ გეზარება, დამეხმარე.
      -არა, თქვენთვის არ მეზარება- ვუპასუხე. შემომხედა, ფერმა გადაკრა, უცებ შებრუნდა და დერეფნის ბოლოსკენ წავიდა. რამე ეწყინა ნეტავ?
                                                          ***          ***
      დღეს თემომ ჩემთან ერთად  მორიგეობა შემომთავაზა. თვალები ისე უბრწყინავდა... ამ ბოლო დროს თვალებში შემომხედავს და რაღაც მემართება. თან მომზადებას მთხოვს. არ გჭირდება-მეთქი, არ იჯერებს . გუშინ მამამისიც მოვიდა ამის სათხოვნელად. რა ვქნა? იმის კი არ მეშინია, რომ ვერ მოვამზადებ, მაგრამ...მისი თვალების მეშინია, არა და ღმერთო, მე 21 წლისა ვარ, ის კი 17!!! ღმერთო, მე თბილისელ,"გამოსულ"გოგოს  სოფლელი,17 წლის ბიჭის თვალები მაღელვებს ..
.                                                    ###          ###
    ვერ გავიგე რა ჭირს თაკო მასწავლებელს. ძველებურად აღარ მელაპარაკება, თვალს მარიდებს. რამე ვაწყენინე?  მამას მეორე მისვლაზე კი დაეთანხმა და ორშაბათიდან მეცადინეობას ვიწყებ. ე.ი.ქიმია, ბიოლოგია ,ქართული, უნარები, ინგლისური და თუ გავწვდი, ფიზიკა. აუჰ, რა გაუძლებს!!!
                                                    ***            ***
    დღეს , გაკვეთილების შემდეგ თემო უნდა ვამეცადინო. ვღელავ. რატომ? არც კი ვიცი...
                                                    ###            ###
    დღეს თაკომ ორი  საათი მამეცადინა და სულ თვალს მარიდებდა. რატომ?... რა მაგრად იცის ქიმია...ნეტავ, მე ვიცოდე ასე! რა ვაწყენინე? ვერაფერს ვიხსენებ ისეთს...რატომ, რატომ?
                                                      ***          ***
    ეტყობა გრიპი  შემეყარა. ბალიშიდან თავი ვერ ავწიე. საშინლად მტკივა, ტანში მამტვრევს, მცივა.  სკოლა? თემოს მეცადინეობა? ვერ ვდგები...
    დეიდა დირექტორს ელაპარაკა. მე ჟოლოიანი ჩაით გამჭყიპა, თბილად დამახურა, თვითონ კი რძის მოსატანად წავიდა. თაფლიან-ბორჯომიანი რძე უნდა დამალევინოს, ფუჰ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები