ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2011


ჩანახატი

ხვატის ბუერში მოღელავს თქეში,
წყვდიადში, ზეცა, სველ ღრუბლებს წურავს,
ელვას _  ქუხილი ამტვრევს სახსრებში,
მთვარეს წყაროზე დაემსხვრა სურა.

თუთისფერია ირგვლივ, ყოველი,
სველი ფოთლები ღვართქაფს მინებდა,
ჩამოწყვეტილი წვიმის კოპლები,
თავებს იკლავენ ფანჯრის მინებთან.
   
თეთრი ქუსლებით, სეტყვათა ფარა
მარწყვის ბაღჩაში ჩითილას თელავს,
ნათია ძენძავს ღრუბლიდან ქარვას,
ნათია—ზღაპრის ციცინათელა.

ლოტკინი მოჰქრის ნიაღვრის რაშით,
ბექობი უფენს ფოთლების ჭილოფს,
ტირიფს ვარსკვლავი ებნევა თმაში,
ქარმა შესწყვიტა ტოტებს ღილკილო,

ზეცას ხახიდან გადმოსკდა ქაფი,
ცას ნაკვერჩხლები ძოწისფრად ფერავს,
...ნათია თუთის თმათა ღვართქაფი,
...ნათია ზღაპრის ციცინათელა.

ღამემ ჩაუშვა სივრცეში ღუზა,
მავთულზე ჰკიდებს წვიმის ფოლიანტს.
ნიაღვარივით მოიჭრა მუზა,
ლექსი, ხილვა და ეიფორია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები