ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2011


მე 21 წლისა ვარ, ის კი მხოლოდ 17–ს(ნაწ.მესამე)

                                                            ###            ###
    დღეს" ქიმია" არ მოვიდა. მთელი დღე რაღაც მაკლდა. სიცხე აქვსო – დირექტორმა. სასწავლომ კი,-რაო ყმაწვილო,მოგენატრაო?-როგორ არ მიყვარს ის ქალი. სულ ცინიკურად გველაპარაკება, სულ შენიშვნებს იძლევა. რა შუაშია მონატრება? არა, ისე, მართლა ძალიან მაკლდა "ქიმია".
                                                          ***            ***
    ერთი კვირა ლოგინში ვიკოტრიალე. როგორც იქნა სკოლაში მოვედი. მეთორმეტეში შევიხედე, ოვაციით შემხვდნენ, თემო ჯერ არ მოსულა. როგორ მენატრება!!! რატომ?რა ქვია ამას? ღმერთო,მე ხომ 21-სა ვარ,ის კი მხოლოდ 17-ის...


                                                        ###          ###
    "ქიმია"მოსულა!! ფანჯრიდან იყურება. როგორ გამიხარდა!! თითქოს ჩვენი სკოლის შენობა სხვანაირად ანათებს...
                                                      ***          ***
    კვირას სალაშქროდ მივდივარ.მეთორმეტემ შემომთავაზა. მეზობელ სოფელში მეთორმეტე საუკუნის ციხე-სიმაგრის კარგად შენახული კომპლექსი, მოყვარულის მიერ შექმნილი ზოოპარკი და მდინარის სათავეზე ულამაზესი ჩანჩქერიაო. მე, ფიზკულტურა, სამხედრო და დირექტორი მივდივართ. სასწავლომ:"მე ვერ წავალ, ასჯერ ვყოფილვარ, თან ფეხით მეზარებაო."
    ძალიან კარგი. 9 კილომეტრი იქით და 9 აქეთ, როგორ ვერ გავძლებ? დიმა(ფიზკულტურა) და ზაზა(სამხედრო)კი მაქილიკებენ: "იქით თუ ჩააღწიე, აქეთ რიგ-რიგობით მოგვიწევს შენი თრევა, ბავშვებიც შეგვეშველებიან ალბათო", მაგრამ მათ ჯიბრზე, რომც მოვკვდე, არაფერს შევიმჩნევ.
                                                        ###            ###.
    რა დაუვიწყარი დღე იყო...ისე სიცილ-სიცილში ჩავედით იქით, დაღლა არც კი გვიგრძვნია. თაკომ გზაზე შემოგვთავაზა:ლექსების კონკურსი მოვაწყოთო. დავიყავით ორად : გოგონების  და ვაჟების ჯგუფად. ლექსები სიყვარულზეო. თავიდან ჩვენი ჯგუფი მაგრა მიდიოდა, მერე-მერე გაგვიჭირდა. აბა, გოგონებს ვინ შეედრება ლექსების ზუთხვაში? თაკომ დიმა და ზაზა მასწავლებლებიც დაგვახმარა, მაგრამ მაინც წავაგეთ. სამაგიეროდ, პურ-მარილი რომ გავშალეთ, სიმღერების კონკურსიო. აი, იქ კი ბიჭებმა გავიმარჯვეთ. ტყუილად ვსწავლობდი მუსიკას და ვმღეროდი გუნდში? თაკოც კარგად მღერის თურმე. გიტარაც ვიციო. აი, მე კი...როგორ მინდა ვიცოდე. სტუდენტობისას ვისწავლი.
    დანაყრების მერე კი, ვითამაშოთო. გოგონებმა "ამის პატრონმა რა ქნას" წამოიწყეს. დიმაზე და ზაზაზე იყო ერთი ამბავი. მგონი ლოყები აუწვეს კოცნით. თაკოსაც კი აკოცეს რამდენჯერმე. მე კი-თაკო მასწავლებელს სილა გააწნასო-შემხვდა. ვიუარე, მასწავლებელს როგორ გავაწნა სილა , ვაკოცებ-მეთქი, მაგრამ თაკომ თავი გაიგიჟა, –თამაში-თამაშია, კოცნა არა, სილა უნდა გამაწნაო. ხელი ოდნავ მივუცაცუნე ლოყაზე. კინაღამ დამწვა, ისეთი ცხელი ჰქონდა ლოყა.
    მთელი კურიოზები წინ გველოდა თურმე. ჩანჩქერთან ახლოს მისასვლელად მდინარის საკმაოდ ფართო ტოტზე უნდა გადამხტარიყავი, ან უნდა გაგეტოპა. ზაზა მასწავლებელმა დიდი ლოდი მოაგორა და შუაში ჩააგდო. ზედ შედგა და გოგონებს გადახტომაში ეხმარებოდა.
დირექტორი იძახდა: –გავტოპავო.
ზაზამ: –ათი გოგო გადავახტუნე და თქვენ და თაკოს ვეღარ მოგეხმარებითო?
გადახტა ვითომ ჩვენი დირექტორი ზაზას დახმარებით (საკმაოდ ჩაპუტკუნებული ქალია). ზაზამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ორივენი შუა წყალში ჩაცვივდნენ. ჩვენ იქ ხარხარი აგვიტყდა...სასწავლო რომ ყოფილიყო, მტრისას. ისე გაგვლანძღავდა, იმ მდინარის წყალი არ გვეყოფოდა გასარეცხად, დირექტორი კი ჩვენთან ერთად იცინოდა.კიდევ კარგი, მცხუნვარე მზე იყო და სანამ ვიბანავეთ მათი ტანსაცმელიც გაშრა.
    თაკო ქურციკივით თვითონ გადახტა, მერე ჩვენ გვიყურებდა შურით, მაგრამ არ უბანავია, ალბათ მოერიდა.
    ზოოპარკის პატრონი სახლში არ დაგვხვდა, ამიტომ მხოლოდ ღობიდან შევავლეთ თვალი შვლებს და ირმებს. სასაცილო ის იყო,რომ გივიმ აიჩემა, შველი უნდა დავიჭიროო. ღობეზე აცოცდა, მაგრამ ფეხი დაუცდა, შარვალიც გაიხია სარზე და ჭინჭრებშიც მოადინა ზღართანი. აქეთ ძლივს გადმობობღდა, თან მთელი გზა შარვლის ნახევი ხელით ჰქონდა აფარებული.
    მოვდივართ და ბესომ დაინახა ვიღაცის ეზოდან კომშის ხის ტოტია გადმოშვერილი ,ზედ ერთი, დიდი, ჩაყვითლებული კომში აბია. დაიწყო ქვების სროლა.
მარიამ მასწავლებელი(დირექტორი )ეუბნება:
    -არ გრცხვენია, ბესო. რა წესია, ვიღაცის ეზოდან კომშს იპარავ?
    -ეს რა მოპარვაა მასწ, სოფელში ხილის მოწყვეტა მოპარვად არ ითვლება.
    -სოფელი რა შუაშია? სხვისია. არ გაგიგია, ნემსისა და აქლემის ქურდი, ორივე ქურდიაო? თან ერთი ცალი რაა, მარტო ხომ არ შეჭამ?
    -არა, მასწ, თქვენთვის მინდოდა...
    -უჰ, შე ქლესა, შენა. მე არ მინდა, მოშორდი.
    მაგრამ ბესომ არ დაიშალა და როგორც კი დირექტორი მიბრუნდა, ისევ ესროლა ქვა. ის მართლაც მოხვდა კომშს. ბესო გაიქცა, დავიჭერო, მაგრამ კომში თავზე დაეცა და ისეთი ხმა გამოსცა, გვეგონა, თავი გაუსკდა. ბესომ ხელები „ვაი-ვაის“ ძახილით თავზე იტაცა და ჩაიკეცა. გულგახეთქილები მივცვივდით, მაგრამ მალევე წამოდგა, თუმცა საკმაოდ დიდი კოპით.
      -აი, ხომ გეუბნებოდი? არ დამიჯერე და გეკუთვნის, აწი მაინც დაიხსომე, რაც არ გერგება ,არ შეგერგებაო- ნიშნისმოგებით უთხრა დირექტორმა.
      ნათიამ კომში მოუტანა.
      -მომაშორე ეგ დასაწვავი, კარგი გაკვეთილი ჩამიტარა-ჩაიბუზღუნა ბესომ.
      გოგონებმა სიცილ-სიცილით დაინაწილეს და მიირთვეს ბესოს მოპოვებული კომში.
      შეღამებულზე როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ. გოგონებში ყველაზე ყოჩაღად თაკო გამოიყურებოდა.
                                                                    ***            ***
    ეს დღე საოცრად ლამაზი გამოდგა. ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. რაც ვნახეთ, ხომ არაჩვეულებრივი იყო და რამდენი რამ გავიგე ბავშვებზე, მათი სული დავინახე. თემო მართლაც შეუდარებელია. რამდენი ლამაზი ლექსი ცოდნია, ან რა გულში ჩამწვდომად კითხულობს, ან რა კარგად მღერის...
    ზაზას და დირექტორის წყალში ჩავარდნაზე რამდენი ვიცინეთ...ყველაზე უცნაური კი თამაშისას მოხდა. მაინც და მაინც თემოს შეხვდა ჩემთვის ლოყაზე სილის  გაწვნა. მთლიანად გავწითლდი. ის, რა თქმა უნდა შეწუხდა, აიჩემა, ვერ გავარტყამ, ვაკოცებო. მაგის კოცნაღა მაკლდა, ისედაც ძლივს ვიკავებ თავს ჩემი გრძნობები რომ არ გავცე. მე გავგიჟდი, არა, ნათქვამი ნათქვამია-მეთქი. ის გარტყმა მოფერებას უფრო ჰგავდა...ასე მგონია, ახლაც ვგრძნობ ლოყაზე მის ხელს. ღმერთო! რა ხდება ჩემს თავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები