ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2011


მე 21 წლისა ვარ, ის კი მხოლოდ 17–ს (დასასრული)

                                                          (დასასრული)
                                                            ###            ###
    ახალი წელი მოდის. როგორი იქნება ის ჩემთვის? გავხდები სტუდენტი? ქიმიაში საქმე კარგადაა. თაკო მარწმუნებს, ამ საგანში უმაღლეს ქულას აიღებო. ქართულიც არ მიჭირს. ფიზიკა-ბიოლოგია ჯერ არ დამიწყია, სხვებს ვმეცადინეობ ასე თუ ისე. ვნახოთ, რა იქნება.
    ტრიმესტრის ბოლოს კარნავალი გვაქვს, უფრო სწორედ, კაფე-საღამო კარნავალის ელემენტებითურთ. მე დარტანიანი მინდა განვასახიერო. მხიარული შეჯიბრებებიც იქნებაო. თაკო მასწავლებელი აწყობს. გვპირდება, ეს დღე არ დაგავიწყდებათო. მჯერა. თუ რამეს ხელი მოჰკიდა,"სუპერ"აკეთებს.
                                                        ***            ***
    საღამომ შესანიშნავად ჩაიარა დაახლოებით ასე წარმომედგინა. კარგია, რომ ბავშვებმა და მასწავლებელთა უმრავლესობამ მხარი ამიბეს.
    მე თანამედროვე წითელქუდა ვიყავი (თან საღამოც მიმყავდა),ზაზა-მგელი. ძალზე სასაცილო გამოვიდა, რადგან მგელს წითელქუდა შეუყვარდება და შეჭმის მაგივრად სულ სერენადებს უმღერის.
    დიმას თოვლის პაპას როლი მაგრა მოუხდა.
    თემო ისეთი კარგი იყო დარტანიანის კოსტუმში...სიმღერების კონკურსშიც გაიმარჯვა და"სადღეგრძელო მასწავლებელს" იმაშიც. უცნაური ის იყო, რომ იმ სადღეგრძელოს თქმისას სულ მე მიყურებდა.
    არდადეგები დაიწყო. დილით თბილისში მივდივარ. როგორ მომენატრა იქაურობა და იქაურები, მაგრამ თემოც რომ მომენატრება?
           
 
                                                                  ###            ###
    ხვალ არდადეგები მთავრდება. ძლივს! სწავლის დაწყება ახლა განსაკუთრებით მიხარია და ეს...თაკოს დამსახურებაა. ის რომ სკოლაშია, იმ დღეს ყველაფერი უფრო  ლამაზი და სახალისოა. თითქმის ყოველ შესვენებაზე ვსაუბრობთ დერეფანში, ან ქიმიის კაბინეტში. ხშირად კლასელებიც ჩვენთან არიან, უფრო მეტად– მარტო. არ მეგონა მასწავლებელი თუ ასე შემიყვარდებოდა...და არა მხოლოდ, როგორც მასწავლებელი.
                                                                      ***            ***
    8 მარტი მოდის. მიხარია. მიყვარს ეს დღე , მით უფრო, ცხრაში ჩემი დაბადების დღეა, 22-ის ვხდები. თემო თურმე თხუთმეტში, 18-ის. რა მაგარია, არა? დღითი-დღე უფრო მიჭირს იმ შუალედის დაცვა, რაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა იყოს. ძალიან მაკვირვებს ცოდნით, მსჯელობის უნარით. გუშინ მარკესზე ვლაპარაკობდით და ისე დამანახა მისი ზოგიერთი ნიუანსი...მერე რილკე ვახსენე და...მის შემოქმედებასაც კარგად იცნობს თურმე. ამ ასაკში ამდენის ცოდნა მხოლოდ წიგნებით, ცოტა ძნელი დასაჯერებელია. თან მშობლებიც უბრალო ხალხია. მამა-ხელოსანია, დედა-მკერავი. კომპიუტერი კი ჯერ სკოლაშიც არ აქვთ, ინტერნეტი კი-რაიონშიც არაა.
                                                                  ###              ###
    8 მარტი მოდის. რა ვაჩუქო თაკოს? ბიჭებმა მასწავლებლებისთვის და გოგონებისთვის ერთობლივი ძალით სუნამოები ვიყიდეთ, მაგრამ თაკო? თან ცხრაში დაბადების დღეც აქვს. გადავწყვიტე! ხეზე ამოვკვეთავ რაიმე ლამაზს. ყვავილს ან ჩიტუნას, ან დათუნას, რომელიც გულს უწვდის. არა, არა, რომ გაბრაზდეს? ყვავილს რომ უწვდის ისეთს.
***              ***
    ვაიმე!!! რამდენი ყვავილი მომიტანეს! ენძელები, ყოჩივარდები, მიმოზები. თავიანთი დაკრეფილი და ამით კიდევ უფრო სასიამოვნო. სასწავლომ ცერად შემომხედა ყვავილების უზარმაზარი თაიგულით რომ შევედი სამასწავლებლოში. "ახალი ცოცხიო"-ჩაილაპარაკა. რა უნდა ამ ქალს ჩემგან , ვერ გავიგე. ყოველნაირად ცდილობს, მიკბინოს. ორი დღის წინ გაკვეთილზე დამესწრო. ქიმიის ინჩი-ბინჩი არ ესმის,  რაში გამომიჭერდა, მაგრამ იმდენი შენიშვნა მომცა...თან სამასწავლებლოში დაიწყო გაკვეთილის გარჩევა. კიდევ კარგი, დირექტორი შემოვიდა და შეაწყვეტინა:-კაბინეტში გაიყვანე და იქ ელაპარაკეო. -თურმე თავისი შვილი უნდოდა ქიმიის მასწავლებლად. სად ტექნოლოგი და სად ქიმიის მასწავლებელი? ან მე რა შუაში ვარ?
    ზაზამ სუნამო მაჩუქა, პაწაწა, გულის ფორმის. დიმამ კი, ფუმფულა მაიმუნი, მაიმუნის წელიაო. ყველას საჩუქარი თემოს საჩუქარმა დაჩრდილა. ხეზე ულამაზესი დათუნაა ამოკვეთილი, რომელიც ასევე ულამაზეს ვარდს მაწვდის. ჩემი ამოკვეთილიაო. სულ უფრო და უფრო მაკვირვებს ეს ბიჭი.
                                                              ###                  ###
    თაკოს ძალიან გაუხარდა ჩემი საჩუქარი. თვალები აუციმციმდა."შენი გაკეთებული რომ არ იყოს, არ გამოგართმევდი, ამას საწოლთან დავკიდებო". რა კარგია! ყოველ დილა-საღამოს გავახსენდები. მე? მე სულ მასზე ვფიქრობ, სულ თვალწინ მიდგას. მერე რაა, რომ მასწავლებელია?
                                                            ***                  ***
    დღეს ერთ-ერთი უსაშინლესი დღე იყო ჩემთვის. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სასწავლომ კაბინეტში შემიყვანა და ეგრევე მომახალა:
    -რა იყო, გოგო, თბილისში კაცი ვერ იშოვე, სოფლელ ბიჭს რომ არ აუბნიო თავგზა?
    გავშრი, ენა ჩამივარდა.
    -ან,ეს რა საქციელია, საკუთარ მოსწავლეზე...თუ მაინც და მაინც, საცოლო ბიჭები დაილია ამ სოფელში?
    ცრემლები თავისთავად დაგორდნენ ლოყებზე.
    -ტირილი არ უნდა ამას, ცოტა თავი შეიკავე. აქ სოფელია- როყიოდ მითხრა და გავიდა.
    გულამოსკვნით ვქვითინებდი. მე ხომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, ყოველნაირად ვცდილობდი ჩამეკლა ის დიდი გრძნობა, რასაც თემოს მიმართ ვგრძნობდი. ამან კი..რა უგულოდ, უხეშად დამამცირა...
    მაგიდაზე დავემხე, თავს ვერ ვიმორჩილებდი. კარი გაიღო. მეგონა, ისევ სასწავლო დაბრუნდა. თავი არ ამიწევია. ვიღაცამ თავზე ხელი გადამისვა. ავიხედე, დირექტორი წამომდგომოდა და მეფერებოდა. გული უფრო ამომიჯდა.
  -თაკო, შვილო, ვიცი, გული გეტკინა. თან ლენამ მოზომვა არ იცის. მჯერა, შენი გრძნობები ნამდვილია, სუფთაა და ჯერ ჩარჩოებში ეტევა, მაგრამ...ჩვენც გაგვიგე. სოფელში უკვე ჭორაობენ, რომ მასწავლებელს მოსწავლე უყვარს და თავგზას უბნევს, რომ ჩვენ...ამორალურ საქციელს ხელს ვაფარებთ...რას იზმ, თამარ, სოფელი სხვანაირია. ნუ სტირი. დრო გიჩვენებს, ეს გრძნობა ნამდვილია, თუ ...როგორმე, თავი შეიკავე, მასთან ხშირად ნუ დგახარ, მით უფრო, მარტო. მეცადინეობაზე კი...არ ვიცი, რა გითხრა.
    -არც არაფერი, ქალბატონო მარიამ, მადლობელი ვარ თქვენი, მე კი, წავალ-ძლივს ამოვილუღლუღე.
    -სად უნდა წახვიდე ,თამარ? არ გრცხვენია? ასეთმა ცოტა რაღაცამ არ უნდა შეგაშინოს. ცხოვრება ახლა დაიწყე და პირველსავე სიძნელეს უნდა გაექცე?
    -არა, ქალბატონო მარიამ, მე სიძნელეს კი არა, უსამართლობას გავურბი,მე აწი თემოს თვალებში ვერ შევხედავ, ვერც ბავშვებს. თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ...
    -მე მაინც გირჩევ, დარჩი. დაამტკიცე შენი სიმართლე. მე შენს მხარეზე ვარ.-გამიღიმა,თავზე ხელი ისევ გადამისვა და გავიდა.
    მთელი საათი ვიჯექი და ვფიქრობდი რა მექნა."სახლში გადავწყვეტ"-მეთქი და წამოვდექი.
    ჩემს მანქანასთან თემოს მამა იდგა. გულმა ბაგაბუგი ატეხა. რა ვქნა? დავბრუნდე? სანამ დავემალო?
    -გოგო! მე შენ ნამდვილი მასწავლებელი მეგონე. ეს რა ამბები მესმის? ბავშვთან რა გინდა? რა გაგიჭირდა ასეთი? თუ კაცები გაწყდა, აგერ არა ვარ? -უტიფრად გამიღიმა მან.
    გავშრი. ამ წუთებში ალბათ რამდენჯერმე შემეცვალა ფერი.
    -თავხედი! მიკვირს შენნაირ მშობელს ასეთი შვილი როგორ გყავს-მივახალე ,მანქანის კარი მოვიჯახუნე და ადგილიდან ღმუილით მივწყვიტე. იმ კაცის ჯავრი საცოდავ მანქანაზე ვიყარე.
  მორჩა! მე აქ დამბრუნებელი არა ვარ. დღეს თემო სკოლაში არ იყო. ეტყობა, მას სახლში მოუწყვეს განკითხვის დღე. შეუგნებლები, ბოროტები, ჩამორჩენილები...
    ჩანთაში მობილური აწკრიალდა. არავის თავი არა მაქვს. იწკრიალა, იწკრიალა და გაჩუმდა. აი, მესიჯიც მოვიდა.
    გადმოვედი მანქანიდან. კიბის საფეხურებზე ავირბინე. კიდევ კარგი,დეიდა სახლში არაა. ახლავე ავკრეფ ბარგს და ჰაიდა, თბილისისკენ. დეიდას წერილს დავუტოვებ.
    ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა. მეორე მესიჯიც. გავხსენი. თურმე თემო რეკავდა. მესიჯებიც მისია.
    -„თაკო,მაპატიეთ“-ეწერა პირველში.
    -„არ წახვიდეთ რა. თუ წახვალთ, მე ხომ სექტემბრიდან თბილისში ვიქნები, მიყვარხართ, ძალიან ...“
          დაბნეული სავარძელში ჩავეშვი. ეს კიდევ ერთი სიურპრიზი  დღევანდელი დღისა, ოღონდ, სასიამოვნოა თუ არა, ამის გააზრების თავი ახლა ნამდვილად არ მაქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები