ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2011


რაც მართლა იყო . . .

    რაც მართლა იყო . . .
... ლურჯი ლაგუნის იისფერ – მწვანედ დალაქულ, კლდოვანი ამონაზარდებით
დაპობილ წყლებში  – ხის კატამარანი დინებას ნაფოტივით ეთამაშება.
  მზით დაბერილი აფრის ნიავშეთამაშებით _სხივები წამწამების ბოლოზე 
ციმციმ–ნათელებს მიჩენს.
  კიჩოს აწყდებიან ტალღები.
  ვიბრაციული დაკივლებით ჰაერს ჰკვეთენ თოლიები.
 
  ეგეოსის ზღვა...
 
  მთიან ნაპირზე, ზეთისხილის ბაღებში _ თეთრ კუბიკებად  ჩალაგებულ, ერთი ზომის და ერთგვარი
ფორმის სახლებს _ მზის შემცველობის მაქსიმუმი  წელიწადის  ამ დროს ემჩნევათ სხივისფერ
ანარეკლებად.
  მთის ყველაზე მაღალ წვერზე _ ოთხი თუ ხუთი, უზარმაზარი, თეთრი, ქარის წისქვილი მოსჩანს,
კალთაზე გრანიტის, ძველისძველი ამფითეატრი.
  შორიდან ვაკვირდები, ქალაქის ხვეულ ქუჩებში როგორ ირწევიან ადამიანთა შავი ტალღები.
ადამიანების, რომელთაც წარმოდგენაც არ აქვთ, რომ სადღაც, ლაგუნაში, კატამარანის ფიცრის
იატაკზე ვწევარ მე  და ვფიქრობ მათზე.
ჯიუტი რეჟიმით _
ყოველდღიური თანწყობილობით _ ყოველდღიურ საქმეს, ისე მიუსხდებიან, რომ _ მე, მოხეტიალეს
_ ერთფეროვანი, წვრილმანი არსებობისადმი მათი მორჩილების მშურს, ზოგჯერ, დაუფარავად.
ჯიუტად:
უვლიან ხეს.
უვლიან მიწას.
უვლიან ქუჩას _ რომელსაც წვიმა არ ჩარეცხს, ვიდრე „ზამთარი“ არ დაერქმევა სეზონს.
უვლიან ქვიშას _ სანაპიროზე.
უვლიან _ „კალლეს“, სიმაგრეს, რომელიც გატყდა და მისი ამ „დაცემით“ გახდნენ, სწორედ, „აქაურები“.
მოვიდნენ და ააგეს სხვა სამლოცველო_
ცაში აჭრილ კოშკებში დღემუდამ მკივანი მოდარაჯით.
გაზაფხულის პირს კირით ათეთრებენ სახლებს.
სხლავენ ვარდისფერყვავილიან ბუჩქებს.
დადიან ღიმილიანად და საქმის შემსუბუქებას უსურვებენ ერთმანეთს.
ქვაფენილის გზაჯვარედინებთან გთავაზობენ _
წყალს,
ხილს,
ტკბილეულს,
ავი თვალისგან დამცავ _ მზეგულიან ცისფერ შუშებს,
ნიჟარების „ასორტს“,
სვირინგებით მოხატვას,
ფეხსაცმელების წმენდას,
თქვენთვის სასურველი ფორმის მინის ჭურჭელს მილაკიდან დაბერავს ლოყებგაფუყული ხელოსანი.
რას არ ნახავთ და ვის არ შეხვდებით აქ?!
საუკეთესო ხალიჩები _ მეპატრონეს თუ დავუჯერებთ.
ნარგილეები _ საოცარი სიმეტრიით ჩალაგებული თაროებზე , მცირედან – დიდისკენ.
ქუმრუს და დონერის ჯიხურები _ მადისაღმძვრელი არომატით.
აღმართზე მსუბუქი და მსწრაფლმავალი მოტოციკლეტები, გარუჯული მესაჭეებით და მათზე მკლავჩაფრენით
შემომსხდარი ჩალმიანი ქალები თუ  შავთვალა პატარები.
ვწევარ და დახუჭული გონებით ვხედავ, თუ როგორ ავუყვებოდი ქვაფენილს, ბაზრის ზუზუნში,
შუადღის ხვატში ხან რომელ ფარდულს შევაფარებდი თავს და ხან რომელ ფუნდუკს.
  სურნელიც კი სხვაგვარია ამ ქალაქში _ მზის, მტვერის, ზღვის, ზეითუნის, აღმოსავლური სუნელების,
დასავლური სურნელების – ერთად.
  მე მივეჩვიე, თორემ, აი, ცისფერთვალა და თეთრღინღლა ტურისტები, თავის დაბნეულ გამოხედვას ფოტო–აპარატებს
უკან მალავენ. აქაურებს კეთილად ეღიმებათ მათ „საქმიან ჩხაკუნზე“ და ჯიუტად, დაუღალავად სთავაზობენ
ხან რას და ხან რას.
  ტურისტები კი მინდობილად მიჰყვებიან ხალხის დინებებს.
  ხშირად იკარგებიან ქუჩათა ლაბირინთებში _ საიდანაც, გზას მოწყალედ გაღიმებული ადგილობრივის
მეგზურობის გარეშე ვეღარ იგნებენ.
  ამ ხრიოკი მთების ყველაზე დიდი მცენარ – მკვიდრები – ზეთისხილის ხეები – ვერც მზეს მიჩრდილავენ,
მერქანიც უხეში აქვთ ხელმოსახვევად და ჩემი ბავშვური სურვილის ასრულება რომ მოვინდომო _ ვერც სხეულის
სიმძიმეს გაუძლებენ მისი რტოები.
  იშვიათად თუ ჩამოვჯდები მათთან.
  მთის წვერიდან გადმოვხედავ იალიკავაკს და „პანორამა ფაზანდა“_ს სტუმართა შორის ვეძებ მეტყველთვალებიანს,
თუნდაც ერთს, რომ  მზერით გავესაუბრო.
ზღვას ძლიერი მონაბერებით აქამდეც ამოაქვს სუნთქვა.
  ალბათ, ეგეოსის ზღვა ამ კუთხიდან თუ ჩანს ყველაზე დიდი!
  ჩრდილოეთისკენ  წყალში ღრმად შეჭრილი კონცხები მოსჩანს –ისევ, თეთრი კუბიკებით.
  სამხრეთისკენ _ იგივე.
ჰორიზონტი კუნძულებით არის დანაწევრებული. კუნძულებით, რომლებიც არ მინახავს, მაგრამ ვიცი, უთუოდ,
ზეთისხილის ბაღებია იქაც, ქვაფენილიანი აღმართები, კირით შეღებილი სახლები და  მზემოკიდებული სახეები.
. . .
გავყურებ ნაპირს. 
ბინდდება.
  მთაზე ქალაქის ანთებამ _ ფერად, კლაკნილ სინათლეებად აანთო ზღვაც.
ორია „კალლეც“ _ წყალსზედა, გამტყდარი ოდესღაც ... და ანარეკლად, უფრო მუქი და ზვიადი...
ტალღებს ჩახვეული სინათლეების წყვეტილ ფორმებს ვაკვირდები და მეჩვენება, თითქოს,  მიწა მიახლოვდება.
  ხმელეთმაც, ძლიერი მონაბერებით, ზღვაში მომიტანა  თავისი სუნთქვა: მტვერის, ზეითუნის, აღმოსავლური
სუნელების და დასავლური სურნელების  –  ერთად.
ქალაქმა დამიძახა. 
მივცურავ ყურეში და ტკიპა თევზივით მომყვება მთვარე.
...
მე არ მიყვარს ზეთისხილის მწვანე ნაყოფი_მომჟავო...
არც ხე მიყვარს ზეითუნის –  მზეს ვერ მიჩრდილავს, მერქანიც უხეში აქვს ხელმოსახვევად და ჩემი ბავშვური
სურვილის ასრულება რომ მოვინდომო _ ვერც სხეულის სიმძიმეს გაუძლებენ  მისი რტოები.
აქაურები, კი, დედასავით უვლიან.
ჯიუტად უვლიან:
ხეს,
მიწას,
ქუჩას . . .

დადიან ღიმილიანად და საქმის შემსუბუქებას უსურვებენ ერთმანეთს _ Kolay Gelsin!

რაც მართლა იყო . . . და დღესაც არის _

მათ თეთრი ქალაქი აქვთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები