ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
7 მაისი, 2011


საჭიეთის ამბები

იყო ერთი ქალაქი, საჭიეთი.

ამ ქალაქში უწყინარი, კეთილი, მშრომელი ჭიები ცხოვრობდნენ.

ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე, ოდნავ შემაღლებულ გორაკზე თუ დადგებოდით,
რომელსაც იქაურები აქლემის კუზს ეძახდნენ, წინ გადაგეშლებოდათ თვალუწვდენელი ველი, ათასფერადი ყვავილებით დაჩითული.

დილაობით ფერად-ფერად ყვავილებს ყელსაბამებივით ეკიდათ ცისფერი წვეთები, ეს
დილის ნამი იყო, რომელშიც ცა ირეკლებოდა.

საჭიეთში არც კოკისპირული წვიმა იცოდა და არც ძლიერი ქარი უბერავდა. სიო ნაზად დაუქროლებდა ხოლმე ველს და ყვავილებს კაბებს აუფრიალებდა. წვიმაც გადმოჟინჟლავდა და ფაქიზად დაეპკურებოდა მოწყურებულ ველ-მინდვრებს.

სწორედ საჭიეთში უყვარდა მზეს ყველაზე მეტად ხელ-პირის დაბანა და ამ ქალაქის მაცხოვრებლებიც მეტად განებივრებულები იყვნენ შვიდფეროვანი რკალის ცქერით, რომელიც ცისფერ ცაზე თხლად შეფენილი ქათქათა ღრუბლებიდან იწყებოდა და აფერადებულ ველ-მინდვრებში იკარგებოდა.

საჭიეთელები მეტად სტუმართმოყვარეები იყვნენ. ვის აღარ ნახავდით აქ, - ყვავილებზე მოფუსფუსე პეპლებს, ბზუილა ფუტკრებს, სკუპ-სკუპა კალიებს, ფრთაფარფატა ნემსიყლაპიებს... ყველას მოსწონდა ეს არაჩვეულებრივი ქალაქი, უფრო მეტად კი მისი მაცხოვრებლები უყვარდათ.

ყოველი დღე საჭიეთში ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა, მაგრამ ის დღე განსაკუთრებული იყო, როცა ჭია-მარინას ულამაზესი ჭია-ჭია გაუჩნდა.

საოცარი სანახავი იყო ამ დროს საჭიეთი. სიხარულით ცქმუკავდა ყველა ჭია და მინდორს თუ გადახედავდით, ბალახის ყველა ღერი ირხეოდა; ასკინკილათი დახტოდნენ კალიები; პეპლები ყველა ყვავილთან სათითაოდ მიფრინდებოდნენ და ჰკოცნიდნენ; ფუტკრები ერთად შეჯგუფებულიყვნენ, დიდ შავ ბურთად ქცეულიყვნენ და სიხარულით ზუზუნებდნენ; ნემსიყლაპიებს კი წრე შეეკრათ ჭია-მარინას სახლის გარშემო და ამ საოცარი სანახაობით ულოცავდნენ მეგობარს შვილის დაბადებას.

ზარ-ზეიმში ისე გავიდა მთელი დღე, არც კი უგრძვნიათ. ვიდრე თავ-თავიანთ სახლებს მიაშურებდნენ, ჭია-მარინას ეზოში მოიყარეს თავი. საჭიეთში ასეთი წესი იყო: ჭია-ჭია რომ დაიბადებოდა, იმავე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ბევრი არც უფიქრიათ, ჭია-მარინას შვილს ჭია-მაია დაარქვეს.

გადიოდა დრო.
ჭია-მაია იზრდებოდა, უფრო და უფრო მშვენდებოდა და ჭკვიანდებოდა. ყველა დიდი სიყვარულით ზრუნავდა მასზე, - საჭიეთის ყველაზე პატარა ბინადარზე.
მოუსვენარი და ცნობისმოყვარე იყო ჭია-მაია.
-დედა, რატომ ჰქვია იმ გორაკს აქლემის კუზი? -იკითხა ერთ დღეს.
-იმიტომ რომ ზუსტად აქლემის კუზისოდენაა! –უპასუხა დედამ.
-საიდან იცით რამხელაა აქლემი? -არ ეშვებოდა ჭია-მაია.
-ჩვენ არასოდე გვინახავს აქლემები, მაგრამ მეგობრებისგან გადმოცემით ვიცით, რომ ეს გორაკი ფორმითაც და სიმაღლითაც აქლემის კუზს ჰგავს, - თქვა დედამ და ცნობისმოყვარე შვილს ლოყაზე ხელი მოუცაცუნა.
-დედა, საიდან იშოვეს ყვავილებმა ასეთი ლამაზი კაბები?
ჭია-მარინას გაეღიმა შვილის შეკითხვაზე და უპასუხა:
-ისინი ასეთი კაბებით დაიბადნენ, შვილო!
-ჩვენ რატომ არ დავიბადეთ ფერადი კაბებით? – გაიბუტა ჭია-მაია.
-ჩვენ ჭიები ვართ და კაბები ცოცვაში ხელს შეგვიშლიდა. – მშვიდად უპასუხა დედამ.
-მე სულ არ მომწონს ჩვენი ტანსაცმელი, ტანზე მოტკეცილია და სულს მიხუთავს, თანაც სადაა და უშნო, – მოჰყვა წუწუნს ჭია-მაია, - მეც ყვავილებივით ფუშფუშა კაბა მინდა მეცვას.

ჭია-მარინას სიბრაზე შეეტყო. არაფერი უთქვამს შვილისთვის. ჭია-მაიამ თვალი აარიდა დედის მკაცრ მზერას და უხალისოდ გაღოღდა ცისფერი ყვავილისაკენ.

ცისფერ ყვავილს ესმოდა დედა-შვილის დიალოგი, ალერსიანად გაუღიმა ჭია-მაიას და უთხრა:
-რომ იცოდე, რამდენჯერ გვიოცნებია  თქვენსავით სიარული შეგვძლებოდა. წარმოიდგინე, ერთი ადგილიდან რომ ვერ იძვროდე, რა მოსაწყენი იქნებოდა ყველაფერი. თუმცა, ასე მაშინ ვფიქრობდი, როცა შენოდენა ვიყავი, მერე კი ვცდილობდი ბედს შევგუებოდი, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, ყვავილად რომ გავჩნდი.
ჩვენ უძრავად ვართ მიწაში ჩაფლული, ხანდახან სიო შეგავრხევს, კაბებს აგვიფრიალებს, კულულებს შეგვითამაშებს.
ჩვენ ვერსად მივდივართ, სამაგიეროდ მზე მოდის ჩვენთან, ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს. მთელი დღე თავს დაგვტრიალებს, გვიცინის, გვეალერსება.
ჩვენ არსად წასვლა შეგვიძლია, მაგრამ როცა მოგვწყურდება, წვიმა თვითონ მოდის ჩვენთან, დაგვარწყულებს, დამტვერილ კაბებს გვირეცხავს, ხელ-პირს გვაბანინებს და სველ მიწას გვიტოვებს საზრდოდ.

ჭია-მაიას თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა. იგი ბედნიერებისაგან ტიროდა, რომელიც ცისფერმა ყვავილმა გაუზიარა.

მეორე დილით ახლადგაღვიძებული ჭია-მაია თვალებს რომ იფშვნეტდა, დაინახა როგორ ირეკლავდა ყვავილების ყელსაბამი ფრთახატულა პეპლებს. ახლა ცისფერი ყელსაბამები კი არ ეკიდათ გულზე ყვავილებს, არამედ - ათასფერად მოელვარე. ჭია-მაიას სიხარულით გული ისე სწრაფად უცემდა, შეეშინდა, საგულედან არ ამომივარდესო.
-მერე რა რომ ჭია ვარ და უფერული ტანსაცმელი მაცვია. ჩემი მეგობრები ხომ ასეთი ლამაზები არიან. რა ბედნიერი ვარ, რომ  თვალის გახელისთანავე შემიძლია მათი ცქერით დავტკბე, -გაიფიქრა ჭია-მაიამ, მაგრამ მეორე წუთში ისევ ნაღველი შემოერია:

-აი, პეპლები! მათ ლამაზი ტანსაცმელიც აქვთ და ყვავილებივით ერთ ადგილასაც არ ატარებენ მთელ ცხოვრებას. რომელ ყვავილზეც უნდათ, დასხდებიან, სადაც მოესურვებათ, გაფრინდებიან.
ხომ შეიძლება მეც შევიკერო ფუშფუშა კაბა ჩემი მეგობარი ყვავილებივით, მეც ვისწავლო ფრენა ფრთაფარფატა პეპლებივით, ან კალიებივით ცალ ფეხზე ხტომა შევძლო, ან ფუტკრებივით საჭიეთის გარშემო სხვა ქალაქებიც დავათვალიერო, ან ნემსიყლაპიებივით ისე მაღლა ავფრინდე ცაში, თვალიც კი ვერ მომაწვდინონ.

ფიქრობდა, როგორ გაემხილა დედისთვის თავისი გულის ნადები. იქნებ, სჯობდა წერილი დაეტოვებინა და გაპარულიყო. საუკეთესო გამოსავლის პოვნა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა, თუმცა ცხადი იყო, რომ ამ ქალაქში ოცნებებს ვერ აისრულებდა.

განა საჭიეთში მქსოველი და მკერავი ჭიები არ ცხოვრობდნენ?! რა თქმა უნდა – ცხოვრობდნენ, მაგრამ ჭია-მაიას დახმარება არავის შეეძლო.

მქსოველი ჭია-ყელა მხოლოდ შარფებს ქსოვდა მთელი მისი დღე და მოსწრება და რაღა დაგიმალოთ, მშვენივრადაც გამოსდიოდა.

სახელგანთქმული იყო მკერავი ჭია-ნურიც, მაგრამ კაბის კერვის არაფერი გაეგებოდა. ჭია-მაიას კი მისცა პირობა, აუცილებლად შევისწავლი ამ საქმეს და საუცხოო კაბას შეგიკერავო, მაგრამ ჭია-ნური საქმის ისეთი ნელი მკეთებელი იყო, ყველაფერს ისე გააჭიანურებდა, რომ მოთმინების ძაფს გაგიწყვეტდა.
განა ზარმაცი იყო? -არა!
ასეთი გაჩნდა, - ნელი და ზოზინა, თუმცა მის შეკერილს წუნს ვერაფრით დასდებდი, ყველაფერი უნაკლოდ გამოსდიოდა.

ცუდი მკერავი არც ჭია-თურა გახლდათ, მაგრამ სანამ ზომებს აგიღებდა და სასურველ ტანსაცმელს შენს თვალწინ დახატავდა, იმდენ უაზრო და ზედმეტ  კითხვას დაგისვამდა, რომ თავ-ბედს გაწყევლინებდა, - ამასთან რამ მომიყვანაო.

პასუხის გაცემას წესიერად არც დაგაცლიდა, ისე მოგაყრიდა შეკითხვებს:
-პიჟამო გინდა თუ რა?
-კომბინიზონი გინდა თუ რა?
-შარვალი გინდა თუ რა?
-გამოწკეპილი თუ რა?
-ოდნავ სრული თუ რა?
-ელვით თუ რა?
-მაისური მკლავიანი გინდა თუ რა?
-უმკლავო თუ რა?
-ტანზე მომდგარი თუ რა?
-ჰაერმა რომ გაგიაროს თუ რა?
-გასუქდი თუ რა?
-ახლა არ შეგიკერე ის შარვალი, აღარ გეტევა თუ რა?

მოკლედ, ტვინს გამოგილაყებდა.

ჭია-კოკონაც მკერავად ითვლებოდა, მაგრამ ერთი თეთრი ფასი არ დაედებოდა მის ნახელავს. არც იღებდა ფულს ხელობაში. ოხრახუში უყვარდა ძალიან და გასამრჯელოდ ერთ პატარა კონა ოხრახუშს სჯერდებოდა. ენა ხომ ებმებოდა და ებმებოდა, მაგრამ ხელებიც რომ არ ემორჩილებოდა მთლად, ამაზე მისი მიჯღანულ-მოჯღანეული ნახელავი მეტყველებდა.

-რრაცცააა ვვააარრ ეეესსსააა ვვაარრ, -არხეინად ამბობდა ხოლმე ჭია-კოკონა, - ეერრთთიი კოკონა ოოხრახუხუშის ფაფასსად აამმაზზე კკაარგაადდ აარრ იკკკეერება. რრაა ვვქნა? რრაცცააა ვვააარრ ეეესსსააა ვვაარრ!

ჭია-ღუა კი მართლაც უზადო მკერავად ითვლებოდა და ქარგვაც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ისეთი პატარა და გამხდარი იყო, დიდი ჭიების ტანსაცმელს ვერ ერეოდა. ამიტომაც მხოლოდ ახალშობილი, ციცქნა ჭიებისთვის კერავდა  და თავისი ოქროს ხელებით საუცხოო ნაქარგებით აფორმებდა.

მოკლედ, ჭია-ღუასთან მანამდე შეიძლებოდა ტანსაცმლის შეკერვა, სანამ “აღუ-აღუს” იძახდა ჭია, მერე კი...
როგორც ხედავთ არჩევანი არც თუ ისე პატარა იყო.

ჭია-მაიას ყველანაირი იმედი გადაეწურა, საჭიეთში ისეთ  კაბას ვერ შეიკერავდა, როგორიც უნდოდა, ამიტომაც თავისი სურვილი რომელიმე მეზობელ ქალაქში უნდა აესრულებინა მეგობრების დახმარებით.

როგორ უნდა ეთქვა დედისთვის, რომ საჭიეთის საზღვრებს გარეთ მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ კაბის შეკერვა და ფრენის სწავლა უნდოდა. დედას გული გაუსკდებოდა, შვილი გამისულელდაო, როდის იყო ჭიები დაფრინავდნენ, ჩვენ ხომ მხოლოდ ღოღვა  შეგვიძლიაო. ან კაბა რად უნდა, ეს ხომ ჭიებისთვის მეტად მოუხერხებელი ტანსაცმელიაო, ჩვენ  პრაქტიკული ტანსაცმელი გვჭირდება, ფუშფუშა კაბა კი ფოფხვაშიც ხელს შეგვიშლის, ერთ დღეში კი ტანზეც შემოგვეფხრიწება და მუხლებიც დაგვეკაწრებაო.

-ჰო, ალბათ ამას მეტყვის დედა, - ფიქრობდა ჭია-მაია და ცდილობდა ისეთი რამ მოეგონებინა, რომ თავისი საწადელიც აესრულებინა და დედისთვისაც არ ეტკინა გული.

თითქოს ჩვეულებრივად გათენდა მომდევნო დღე საჭიეთში; მზეც ჩვეულ დროს ამოიწვერა ყვავილებით აფერადებული ველის კიდიდან; ჭიებმაც გაიღვიძეს და ჩვეულებრივად შეირხა აქა-იქ ბალახის ხასხასა ღერები; სტუმრებიც ჩვეულებრივ ეწვივნენ საჭიეთს და ცისფერი ყელსაბამებიც ისევ ისე აუბრჭყვიალდათ ყვავილებს გულზე, როგორც აქამდე  უბრჭყვიალებდათ.

არაჩვეულებრივი კი ის იყო, რომ საჭიეთში ჭია-მაიას გარეშე დაიწყო ჩვეული დღესასწაული. უჩვეულო იყო ის ნიშანიც, რომელიც ჭია-მაიას აქლემის კუზზე დაეტოვებინა, - ეს იყო პაწაწინა ხიჭვებით გამოყვანილი ასოები, რომელიც ნიავის ძალიან სუსტ დაბერვაზეც კი წაიშლებოდა, მაგრამ ის დილა ისეთი მშვიდი იყო, ოდნავადაც არ ირხეოდნენ ყვავილები.

მთელმა საჭიეთმა პატარა გორაკზე მოიყარა თავი. ერთმანეთს არ უჯერებდნენ და უნდოდათ თავიანთი თვალით წაეკითხათ ის, რასაც ჭია-მაია მთელი ღამე შეუსვენებლად წერდა. ჭიებს არც საკუთარი თვალების სჯეროდათ და უამრავჯერ კითხულობდნენ ერთსა და იმავეს.

ყველაზე გაოცებული და შეწუხებული ჭია-მარინა იყო.
აი, რა ეწერა აქლემის კუზზე:

« ძვირფასო დედა და საჭიეთელებო! ყველანი ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით!
საჭიეთის საზღვრებს გარეთ დროებით მივდივარ სასწავლებლად და მალე დაგიბრუნდებით. ჩემს ამბებს ჩვენს მეგობრებს დავაბარებ ხოლმე, თქვენს ამბებსაც მათგან შევიტყობ. ჩემზე ნუ იდარდებთ და ნურც გამიბრაზდებით!
თქვენი ჭია-მაია »

ამ დღის შემდეგ ჭია-მარინა აღარავის უნახავს. დანამდვილებით არავინ იცოდა სად წავიდა და რატომ. ზოგს ეგონა, დარდს გადაჰყვაო; ზოგი ფიქრობდა, ჭია-მარინა თავისი ერთადერთი შვილის საძებნელად უგზო-უკვლოდ დაეხეტებაო.

გადიოდა დღეები... საჭიეთში ხშირად მოჰქონდათ პეპლებს, კალიებს, ფუტკრებსა და ნემსიყლაპიებს ჭია-მაიას ამბები. მას ერთხანს პატარა, ლამაზ ქალაქში უცხოვრია, რომელსაც სათერძეთი რქმევია, იქიდან საფრენეთში გადასახლებულია, მერე საზუზუნოში უცხოვრია, ცოტა ხანი სათაფლიაში დასახლებულა, საასკინკილოშიც გაუტარებია რამდენიმე თვე. (ეს ქალაქი არ გეგონოთ, პატარა სოფელია, სადაც ძალიან ვიწრო გზებია.  ამ სოფელში  კალიები ცხოვრობდნენ, რომლებიც ისე გამრავლებულან და დაპატარავებიათ სოფელი, ყველას ასკინკილათი ხტომა დაუწყია, სწორედ მაშინ შეცვლია სოფელს სახელი და საასკინკილო დარქმევია. თუმცა, ძველი თაობის კალიისთვის რომ გეკითხათ, საკალიელი ვარო, გეტყოდათ, ახალი თაობის კალიები კი საასკინკილოელებად თვლიდნენ თავს.)

ჭია-მაიას ყველა ქალაქსა თუ სოფელში, სადაც უცხოვრია, უამრავი მეგობარი გაუჩენია. თურმე ყველას ძალიან უყვარდა იგი და ყოველთვის ცრემლებით აცილებდნენ, როცა გადასახლებას დააპირებდა.

ბოლოს საჭიეთში ჭია-მაიაზე ის გაიგეს, რომ მას წარმატებით ჩაუბარებია მისაღები გამოცდები ჰიდრომეტეოროლოგიურ ფაკულტეტზე და პირველივე კურსიდან წარჩინებული სტუდენტის სახელი მოუპოვებია.

(არ მკითხოთ ახლა რას ნიშნავს ჰიდრომეტეოროლოგიურ ფაკულტეტიო : )

ამის შემდეგ აღარავის მიუტანია ჭია-მაიას ამბავი საჭიეთში. და არც არავინ გამოჩენილა ისეთი, დაკარგულ დედა-შვილზე რამე რომ სცოდნოდა.

სად არ აფრინეს პეპლები, სად არ გადაასკუპეს კალიები, მაგრამ მათი ძალისხმევა უშედეგოდ რჩებოდა.

დღესასწაული დღესასწაულს აღარ გავდა საჭიეთში. ყვავილები მწუხარებისაგან ფერგახამებულები და მოწყენილები იყვნენ; ბალახს სიხასხასე დაჰკარგვოდა; ჭიებიც უხალისოდ დაიზლაზნებოდნენ მთელი დღე; ცისარტყელა იშვიათად ჩნდებოდა ცაზე; წვიმის წვეთებსა და ქარს  ოდნავ სიცივე შეეპარათ.

ჭია-ღუა კი თავისი გამხდარი, პატარა, სუსტი ხელებით მზის ჩასვლიდან შუაღამემდე უზარმაზარ ქსოვილზე ოქროსფერი ძაფებით დაუღალავად ქარგავდა. არავინ იცოდა – რას, სანამ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ჭია-ღუას თხოვნით, საჭიეთის მცხოვრებლები აქლემის კუზზე არ შეიკრიბებოდნენ.
იმ დილით კი რაც მოხდა, ნამდვილ სასწაულს ჰგავდა:

პეპლებმა ჭია-ღუას ეზოდან ჰაერში აიტაცეს ქსოვილი და მაღლა-მაღლა დაიწყეს ფრენა. როცა მიწას კარგა მანძილზე ასცდნენ, შეჯგუფებულმა პეპლებმა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს ფრენა და მანამ იფრინეს, სანამ ქალაქის თავზე გრძელი, განიერი ქსოვილი არ გადაიჭიმა, რომელზეც ოქროსფერი ასოებით ეწერა :

“ჭია-მაია
ჭია-მარინა
საჭიეთში ყველას მოენატრეთ”

პეპლებს უფრო და უფრო მაღლა აჰქონდათ ნაქარგი, ცოტა ხანში კი მზის საძინებლისკენ აიღეს გეზი. პატარავდებოდა ქსოვილი , პეპლებიც მოკლდებოდნენ და წვრილდებოდნენ,  ბოლოს კი წინწკლებივით დაპატარავდნენ და გაქრნენ.

ცისკენ თავაწვდენილი ჭიები ჭია-ღუას ხმამ გამოაფხიზლა:

-კეთილო მეზობლებო, მთელი წელი თქვენგან მალულად ვქარგავდი ამ სიტყვებს. პეპლებმა კი ამ დილით პირობა მომცეს, რომ მთელ ქვეყანას მოატარებენ  ქსოვილს. იქნებ ჩვენმა დაკარგულმა მეზობლებმაც მოჰკრან თვალი, ან მათმა ნაცნობ-მეგობრებმა გაიგონ, რომ საჭიეთელები დაკარგულ ჭიებს  ველოდებით, ვდარდობთ მათზე, გვენატრებიან და ძალიან გვიყვარს. მინდა თქვენი გულები იმედით აივსოს, რომ ადრე თუ გვიან საჭიეთი ისევ ისეთი მხიარული ქალაქი იქნება, როგორც მანამადე, სანამ აქლემის კუზზე ჭია-მაიას დატოვებულ წერილს წავიკითხავდით.

ყველას სიხარულით გაუბრწყინდა თვალები, იმედის წვეთები ჩაუცურდათ გულში და სურვილი გაუჩნდათ, დაკარგული მეზობლების დაბრუნებამდე უფრო სწრაფად გაევლო დროს, ვიდრე აქამდე.

ზუსტად სამი კვირის შემდეგ, იმავე მხრიდან, სადაც პეპლების გუნდი ნაქარგთან ერთად გაუჩინარდა, შავი წინწკლები ისევ გაუჩნდა ზეცას, რომლებიც უფრო და უფრო მსხვილ წერტილებად იქცეოდნენ და საჭიეთს უახლოვდებოდნენ. ცოტა ხანში ველზე პატარ-პატარა ჩრდილები დარბოდნენ. ცაში თუ აიხედავით, დაინახავდით უთვალავ ფუტკარს, რომლებიც ქაოსურად დაფრინავდნენ, დროდადრო კი გაუნძრევლად ზუზუნებდნენ ჰაერში. ამ დროს კარგად თუ დააკვირდებოდით ზეცას, იგი მოგაგონებდათ ცისფერ, სიფრიფანა ქაღალდს, რომელზეც საოცარი სიზუსტით გამოყვანილი იყო ალაგ შავი, ალაგ ყვითელი ასოები:

« ჭია-მაია მალე დაგიბრუნდებათ. »

აი, რას წერდნენ ფუტკრები ჰაერში.

არ იცოდნენ საჭიეთელებმა უხაროდათ თუ სწყინდათ ეს ამბავი. რაც უფრო ეზრდებოდათ ჭია-მაიას ნახვის იმედი, მით უფრო რწმუნდებოდნენ ჭია-მარინას უბედურებაში, - იმაზე ფიქრი, რომ იქნებ დედა-შვილმა ერთმანეთი იპოვა, მთლად გაუცამტვერდათ. ხმამაღლა ვერავინ ბედავდა თქმას, თუმცა ეჭვები უღრღნიდათ გულს, რომ ჭია-მარინა ცოცხალი აღარ იყო.

არ გასულა დიდი ხანი ფუტკრების უჩვეულო სტუმრობიდან,  რომ საჭიეთში ყველასთვის ნანატრი დილა გათენდა, ჭია-მაია მეგობრებთან ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდებოდა. ზოგიერთ მათგანს ჯერ არც ენახა ეს ქალაქი, უმრავლესობა კი საკუთარი ოჯახივით იცნობდა მას.

ჯერ ფუტკრები შემოფრინდნენ ბზუილით და ყველა გააფრთხილეს, აქლემის კუზზე შეკრებილიყვნენ. ჭიები ფიქრობდნენ, ალბათ ახალი ნიშანი უნდა მოგვცენო, იქნებ ამჯერად ჭია-მარინამ დააბარა მათ რამეო. თავაწეულები ელოდნენ ფუტკრების მორიგ საოცრებას, მაგრამ ნამდვილი სასწაული სწორედ ის იყო, რომ ციდან წითელ კაბაში გამოწყობილმა უცნაურმა ფრინველმა დაიწყო მათკენ დაშვება.

-დავბრუნდიიიი, ეს მე ვაააარ, თქვენი ჭია-მაიაააააა! – მოისმა წკრიალა ხმა.

ჭიები გაოცებულები შესცქეროდნენ ხან ერთმანეთს, ხანაც უჩვეულო სტუმარს, რომელიც არასოდეს ენახათ და ჭია-მაიობას იბრალებდა. ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა ჭიას ფრენა ესწავლა. ულამაზესი წითელი კაბა რომ ეცვა, ამაში არაფერი იყო დიდად გასაოცარი, მაგრამ ფრენა?

საღამომდე შემორჩნენ აქლემის კუზს საჭიეთელები და მათი სტუმრები. მოსაყოლი ერთმანეთისთვის იმდენი რამ ჰქონდათ...

ჭია-მაიამ უამბო მეზობლებს რამდენი რამ გადახდა თავს ამ ხნის მანძილზე, როგორ ასწავლეს ფრენა პეპლებმა და ნემსიყლაპიებმა, ცოტაოდენი ზუზუნი – ფუტკრებმა, ასკინკილაზე ხტომა – კალიებმა. როგორ გამოზარდეს მსოფლიოში საუკეთესო სინოპტიკოსად წარმატებულმა და ცნობილმა მეცნიერებმა.

არ ვიცი როგორ აღგიწეროთ ის მწუხარება, რაც ჭია-მაიას დაატყდა თავს, როცა მეზობლებმა ჭია-მარინას გაუჩინარების ამბავი მოუყვეს. მას ფიქრადაც კი არ გაუვლია, რომ დედა დაიღუპა, დარწმუნებული იყო,  დედამისი ცოცხალი, საღ-სალამათი, ენერგიითა და იმედით სავსე, მთელ ქვეყანაში შვილის საპოვნელად დადიოდა.

ჭია-მაია ნანობდა, რომ წინდახედულება არ ეყო, დედისთვის ყველაფერი უნდა აეხსნა და ისე წასულიყო სახლიდან.

იმ ღამით მის წითელ კაბას მისივე თხოვნით ჭია-ღუა შავ კოპლებს აქარგავდა. ეს იქნებოდა ნიშანი იმ მწუხარებისა, რასაც დედის დაკარგვის გამო განიცდიდა საცოდავი ჭია-მაია.

შეწუხებულმა და გადაღლილმა, ჭია-ღუასთან გაატარა ის ღამე. გამთენიისას, როცა დაღლილ-დაქანცულს როგორც იქნა ჩაეძინა, სიზმრად ნახა, როგორ დაწერეს პეპლებმა ცაში შემდეგი სიტყვები:
“ოდესმე შევხვდებით”

დაბნეულსა და ცოტათი ბედნიერს გაეღვიძა, ეს სიზმარი ჩათვალა ნიშნად, რომ მას და დედას ერთმანეთი უნდა ეპოვათ. ჩაიცვა ის წითელი, შავ კოპლებიანი კაბა და ჭია- ღუას თავისი გეგმა გაანდო, - იგი დედის საპოვნელად უნდა წასულიყო და საჭიეთში მხოლოდ მასთან ერთად დაბრუნდებოდა.

-ეს შავი კოპლები, რომელიც ამომიქარგე, მანამდე დარჩება ჩემს წითელ კაბაზე, სანამ დედაზე დარდი ჩემს გულს არ მოსცილდება.

ძლივს ამოღერღა ბოლო სიტყვები თვალებაცრემლებულმა ჭია-მაიამ, გადაეხვია ჭია-ღუას და ყველასგან შეუმჩნევლად საჭიეთიდან გაფრინდა.

ამ დღის შემდეგ დაფრინავს ჭია-მაია ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდე, ეძებს დედას და დღითი-დღე ემატება მისი პოვნის იმედი. თუკი შეამჩნევთ, სულის მოსათქმელად ყვავილზე ჩამომჯდარს ან თქვენი ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებულს, ხელის გულზე დაისვით, მოეფერეთ, მას ხომ დედის სითბო და ალერსი აკლია.

“ჭია-ჭია-მაია
ხვალ თუ კარგი დარია
დარია ავდარია
დარია ავდარია”

ამ სიტყვებს თუკი ეტყვით, ამინდს გიწინასწარმეტყველებთ. ის ხომ ამ ქვეყნად საუკეთესო სინოპტიკოსია, თანაც  ისეთი დაუზარებელი და კეთილია...
სწორედ მაშინ ააფრიალებს კაბას, როცა მომავალი დღის ამინდის შესაფერის სიტყვას იტყვით. სხვანაირად როგორ განიშნოთ, მან ხომ თქვენი ენა არ იცის და არც თქვენ გესმით მისი.

როცა რამეს კარგავთ და ამ სიტყვებს ამბობთ:

« ჭია-ჭია მაპოვნინე
მე შენს დედას გაპოვნინებ »

ნუ დაგავიწყდებათ, ან დაგეზარებათ თქვენი დაკარგული ნივთის პოვნის შემდეგ მართლა დაეხმაროთ ჭია-მაიას დედის პოვნაში.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ მან უკვე იპოვა დედა.

თუ მის წითელ კაბაზე შავი ძაფით ამოქარგულ წრეებს ვეღარ შეამჩნევთ, ესეიგი...

თქმა რაღა საჭიროა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები