ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2008


განაჩენი

                                                                                                        (ნამდვილი ამბავი)
    თანდათან ბინდდებოდა.მანქანა საკმაოდ სწრაფად მიჰქროდა ტრასაზე.ასტამი დაძაბული იყურებოდა წინ,იზა ჩუმ-ჩუმად იწმენდდა ცრემლებს და მერამდენეჯერ იგონებდა რამდენიმე საათის წინ შემდგარ შეხვედრას.იცოდა,მამა ძალზე გაანერვიულა მისმა მეორედ გათხოვებამ(ჯერ პირველიც არ ჰქონდა მონელებული).ძველი ტრადიციების მიმდევარი კაცის თვალთახედვით ასაკით უმცროსზე,ისიც არაქართველზე გათხოვება უზნეობა იყო და იმუქრებოდა,რომ შვილს სახლში არ მოუშვებდა,რომ არასდროს შეურიგდებოდა,რომ იზა მისთვის მოკვდა.იცოდა ,მაგრამ ისე ენატრებოდა დედა,ძმა,ძმიშვილები,რძალი,რომ გადაწყვიტა,მაინც ეცადა ბედი.არ ეგონა მამა ასე თუ გაიმეტებდა...
    შუადღისას მიადგნენ სახლს.მანქანის საყვირის ხმაზე რძალმა გამოიხედა,მერე ძმიშვილები გამოცვივდნენ და ჩაეხუტნენ მონატრებულ მამიდას.ის იყო დედა გამოვიდა ეზოში,რომ მამამაც გამოიხედა და ჭიშკართან მდგარი,ბავშვებს ჩახუტებული იზა რომ დაინახა,ისე დაიყვირა...
    -შენ?ჩემი ოჯახის,გვარის შემრცხვენელო!როგორ გაბედე?
      სახლში შედით ახლავე!-უყვირა რძალს და შვილიშვილებს,ცოლს კი უხეშად სტაცა მხრებში ხელი-სად მიდიხარ?გინდა შენს ბოზ შვილს მოეფერო?ახლავე დამეკარგე აქედან,თორემ...
      ასტამმა ატირებული იზა მანქანაში ჩასვა და გიჟივით დაძრა ადგილიდან.უკვე სამ საათზე მეტია მოდიან და არც ერთს ხმა არ ამოუღია.
      იზა ცალკე სირცხვილით იწვოდა,ცალკე შეურაცყოფა ტანჯავდა,ცალკე სინანული...
      -გეყოფა,ნუ ტირი.რას იზამ,ასე ესმის მას-მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა ასტამმა.
      იზას კიდევ უფრო ამოუჯდა გული.ბავშვობა გაახსენდა.ექვსი შვილი ეზრდებოდათ იზორიებს:ხუთი გოგონა და ნაბოლარა ვაჟი.იზა მეხუთე იყო.ვაჟის მომლოდინე მამას თავიდან სულ არ უნდოდა თურმე მისი სახლში წაყვანა,მერე კი გამორჩეულად ანებივრებდა,როგორც ნაბოლარა გოგოს,ყველაზე ჭკვიანს,ლამაზსა და მხიარულს დებში.
      უზრუნველად გაიარეს სკოლის წლებმა.პირველ წელს ჩაიჭრა მისაღებ გამოცდებზე და მეცადინეობას...გათხოვება ამჯობინა.თვითონაც არ ახსოვს,როგორ გადაწყვიტა გიგლას გაყოლოდა.მაშინაც გაბრაზდა მამა,მაგრამ მერე შეეგუა.თვითონ კი,მალევე მიხვდა,რომ სისულელე ჩაიდინა.ვერც დედამთილ-მამამთილის თხოვნამ,ვერც ბიჭის შეძენამ ვერ მოუბრუნა ქმრისადმი გული.სამ წელიწადში დაბრუნდა უკან.ბავშვი არ დაუთმეს.თავიდან ცოტა კი გაუჭირდა,მაგრამ მერე კი უხაროდა კიდეც,ოცი წლის გოგოს ბავშვის მოვლის ტვირთი რომ არ აჰკიდეს.სამ-ოთხ თვეში ერთხელ მიდიოდა შვილის სანახავად.მერე კი,როცა გიგლა ისევ დაქორწინდა ბაბუას აქეთ მოყავდა ოთხ-ხუთ თვეში ერთხელ.
        იზამ უმაღლესი განათლება მიიღო და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თავისავე სკოლაში.სამი წლის უკან სკოლაში საგზურები მოიტანეს.რადგან იმ ზამთარს ვირუსული გრიპი ძალზე გაურთულდა,გადაწყვიტა,ესარგებლა შემთხვევით და ბახმაროში დაესვენა.იქ შეხვდა ასტამს.თავიდანვე მიაქცია ყურადღება შავგვრემან,საოცრად ვაჟკაცურ და ხალისიან ჭაბუკს ყურადღება.რამოდენიმე დღის შემდეგ შეამჩნია,რომ ასტამი ცდილობდა,სულ მის გვერდით ყოფილიყო.ცოტათი კი შეცბა,მაგრამ...იზა ხომ მხოლოდ ოცდაცხრა წლის ლამაზი,სიცოცხლით სავსე ქალი იყო.მალე დაუახლოვდნენ ერთმანეთს.ასტამი,მართალია,იეზიდი იყო,მაგრამ შესანიშნავად იცოდა ქართული ენა,მწერლობა და სალაპარაკო არ ელეოდათ ახალგაზრდებს.საგზურის დამთავრების წინა ღამეს გამოუტყდა ასტამი სიყვარულში.იზამ(ვინ იცის მერამდენედ)მწარედ ინანა ქარაფშუტული გათხოვება,მაგრამ...პასუხი არ გაუცია ვაჟისთვის,ისე მიტრიალდა და თავის კორპუსს სირბილით მიაშურა.
    დილაადრიან მორიგე შეუგზავნა ასტამმა და შეხვედრა თხოვა.მთელი ორი საათი უმტკიცებდა თავისი სიყვარულის გულწრფელობას.იზას კი გაუჭირდა,მაგრამ სიმართლე მოუყვა.თხრობა  დაამთავრა და არც კი შეუხედავს,ისე გაიქცა ოთახისაკენ.ბარგის ჩალაგება დაიწყო,თან ღაპაღუპით ჩამოდენილ ცრემლებს ხელის მტევნებით მალი-მალ იწმენდდა.გასვლამდე წუთებიღა იყო დარჩენილი,რომ ასტამმა კარი შემოაღო:
      -მე შენ მართლა მიყვარხარ,გამომყევი ცოლად იზა!-უთხრა.
      უკვე ბედნიერებისგან ატირდა იზა.გადაწყვიტეს,ორი-სამი თვის შემდეგ დაქორწინებულიყვნენ.
      დაბრუნებულმა იზამ მხოლოდ რძალს გაუმხილა ეს ამბავი.ძალიან გაუხარდა ხატიას.მას გამოჰქონდა ჩუმად ფოსტიდან ასტამის წერილები.ხატიამ მეუღლეს გაანდო საიდუმლო.მისგანაც თანაგრძნობას ელოდა,მაგრამ...გივის უარყოფითი რეაქცია ჰქონდა.
      ერთხელ სისულელე რომ ჩაიდინა ,არ ეყოფა?ვინ იცის რა ტიპია.ოთხი წლით უმცროსი,ისიც იეზიდი.რათი ცხოვრობს,როგორი ოჯახი აქვს,როგორი წრე...გამოჩნდება ვინმე,მისი მდგომარეობის შესაფერისი.ამასთან არ გაბედო ხელის შეწყობა,თორემ...-დაემუქრა ცოლს.
      შეფიქრიანებულმა ხატიამ მულს ურჩია,დედისთვის გაენდო ეს ამბავი და ძმის რეაქციაზეც უამბო.
      იზამ იცოდა,დედა მამას მოუყვებოდა ყველაფერს და...ამიტომაც ჩუმად გაიპარა სახლიდან,გაჰყვა ასტამს.გაჰყვა და თითქმის მოიკვეთეს ახლობლებმა.მხოლოდ ხატია ურეკავდა შიგადაშიგ სხვებისგან უჩუმრად.ასე გაიარა თითქმის სამმა წელმა.მათი დათუნა უკვე ორი წლის იყო,მაგრამ არც ბებია-ბაბუას,არც დეიდებს და ბიძას არ ენახათ იგი.მხოლოდ ერთხელ ხატიამ მოახერხა სტუმრებოდა,როცა ერთკვირიანი კურსების გასავლელად მოავლინეს თბილისში.
      -იზა,იზა-ასტამის ხმამ გამოაფხიზლა-მერამდენედ დაგიძახე,რა გჭირს?გეყო,მთავარია,ჩვენ კარგად ვიყოთ.გავა დრო და შეგვირიგდებიან.
      ცრემლიანი თვალებით გაუღიმა მეუღლეს.საშინლად წვიმდა.მიდამოს დააკვირდა.
      -უი,ზესტაფონში შევდივართ?აქ ჩემი მეზობელი ბიჭი გადმოუყვანიატ საავადმყოფოს მთავარ ექიმად.რუსეთში მუშაობდა.იცი,რამდენი წელია არ მინახავს?ღამე რომ არ იყოს,შეუვლიდით.ისე ვმეგობრობდით...
      -სხვა დროს იყოს.ახლა საავადმყოფოში მორიგ ექიმის მეტი არავინ იქნება.
      -ასტამ!-ასტამმა მოიხედა-შენ რომ არ მყავდე...ასეთი რომ არ იყო,რა მეშველებოდა?
      ასტამმა გაუღიმა,გადაიხარა,უნდოდა ეკოცნა,რომ...
      გონს საავადმყოფოში მოვიდა.თვალები რომ გაახილა,ნაცნობი სახის ნაკვთები დაინახა.დააკვირდა.თეთრ ხალათიანი,ლამაზი,ახოვანი მამაკაცი დაიხარა,შუბლზე აკოცა,გაუღიმა:
      -ნუ გეშინია,იზა,ყველაფერი კარგად იქნება.
      -გოგი,შენ?
    -ხო,იზა,მე.
    -როგორ...ვნატრობდი...შენს ნახვას..-ნაწყვეტ-ნაწყვეტ წაიჩურჩულა-ასე სხვა...ნატვრა...ამხდენოდა...
    -აგიხდება,იზა,აგიხდება.
    იზამ უღონოდ გადააქნია თავი.
    -მიშველე...გოგი...არ მინდა ...სიკვდილი..
    -არ გრცხვენია,რა დროს სიკვდილია,კარგად გახდები და სოფელში ვიქეიფოთ-ნაძალადევად გაუღიმა გოგიმ.
    -ეჰ...ასტამი?
    -ასტამი აქვეა,ახლავე.შემოიყვანეთ მეუღლე-მიუბრუნდა მედდას.
    -სახე გაფითრებული,ნამტირალევი,შუბლშეხვეული ასტამი კოჭლობით მიუახლოვდა საწოლს.
    -ნუ გეშინია იზა,ოპერაციამ კარგად ჩაიარა.ნატრობდი გოგის ნახვას და მან გაგიკეთა ოპერაცია-ნაძალადევად გაუღიმა მან და ფრთხილად აკოცა.
    -ჰო...მაგრამ...ასეთი...შეხვედრა..არ მინდოდა..ასტამ...დათუნა...დედა...
    იზას თავი უღონოდ გადაუვარდა.
    -უშველეთ!გოგი!უშველე რამე!იზა!არა!არა!-იყვირა ასტამმა.
    -ეჰ,ძმაო,რაც შემეძლო არ დამიკლია.სამწუხაროდ უძლური ვარ...
  ............................................................................................................................
  იზას დასაფლავებაზე მამა არ წასულა და დაბრუნებულ ცოლ-შვილს ბოსელში თოკზე ჩამოკიდებული გაყინული გვამიღა დახვდათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები