ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2011


შენ, შეუმცდარო

      შენ ადამიანის რაღაც ნაწილში ხარ, ტვინში, ან გულში, ან იქნებ სულში... იქნებ თვალწინ უდგახარ ადამიანს, მაგრამ, სიახლოვის მიუხედავად, მაინც ვერ გხედავს...
      შენ ადამიანს ეკუთვნი მხოლოდ, უმცირესი ნაწილაკივით უცებ მოექცევი ხოლმე მასში, ფიქრებს აგვიშლი იმედით, რომ მოგისმენთ, თუმცა, საბოლოოდ, ამის მაგივრად აშლილ ფიქრებში იკარგები და იტანჯები ვერგაგებულის ტანჯვით...
      შენ სივრცეში ხარ გაბნეული, ყველგან და ყველასთან, ყველაფერშიც...  ქვაში ხარ და იქიდან ყვირი - "ფრთხილად!" მდინარეში ხარ და ამოგვიკვნესებ - "ნუ ჩამოდგამთ ფეხს!" სახლის სახურავზე ხარ და ჩამოგვძახი - "მომერიდეთ!"..
    შენ სიყვარულში ხარ და გვევედრები - "მოუსმინეთ", სიკეთეში ხარ და გვამშვიდებ - "დაგინახავენ", ვნებაში ხარ და ჩვენთან ერთად ივსები და ცარიელდები, ქმნი და ანადგურებ...
    შენ ჩვენთან ერთად დგამ და შლი ნაბიჯებს.
    შენ ჩვენთან ერთად ხატავ და ანგრევ დედამიწას.

          . . .
    წუხელ ზღვაზე ქარბორბალა დამესიზმრა. გარეთ უძრავი და უგრძნობი ღამე იყო. კართან ფიქრებს მოეყარათ თავი, მე არ ვუშვებდი და ამიტომ სახლიც უძრავი და უგრძნობი იყო. შენთვის განკუთვნილი წერილი ათჯერ დავწერე და ამდენჯერვე წავშალე. საკუთარ თავს არ მოვუსმინე, მეთერთმეტედ ავკრიფე და გამოგიგზავნე.
    ფიქრები ქარბორბალად გადაიქცა, ჯერ მე გამიტაცა სიზმარში და მერე წყლის წვეთები ისე აიტაცა და ააგლიჯა ზღვას გულიდან, როგორც შენ - ჩემი ლექსები. ზღვა აედევნა, მაგრამ ცოდვით დამძიმებული იყო და მძიმედ ჩამოწვა დედამიწის გულზე. მეც ავედევნე შენს გზას, შენმა სიმძიმემ თუ დედამიწის მიზიდულობამ ვერ გამოგიშვა ჩემამდე და მეც მარტო დავრჩი, ქარბორბალასავით.
      ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამ განგვასხვავებს. უმთავრესი კი ინტუიციაა, შეუმცდარი ინტუიცია. მე მას არასოდეს ვუსმენ. მაშინ უნდა გნახო, როცა მაკლიხარ, მაშინ უნდა ვწერო, როცა ქარბორბალად ქცეულს არავის სურს, გამომყვეს. მაშინ უნდა ვიცინო, როცა ბავშვებს და მოხუცებს ეცინებათ და ვიტირო მაშინ, როცა მარტო ვარ.
      შენ მას ყოველთვის უსმენ. როგორც არავინ, ისე ენდობი შეუმცდარ ინტუიციას. შენი საყვარელი სიტყვებია დაფიქრდი, დამიჯერე, დამელოდე...
      შენ ყველაფერი კარგად იცი, არასდროს ცდები, ინტუიცია არ გღალატობს, ბედნიერი ხარ...
    მე არაფერი ვიცი, აღარაფერი... ხშირად ვტყუვდები, არ ვფიქრობ, არ ვუსმენ, არ გელოდები. მე შენ მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები