ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მაისი, 2011


ნათელი უკუნეთ ღამეში

    უნდა დაღამდეს. ყველა რომ დაიძინებს, ბიჭი ფეხაკრეფით მივა იქ, სადაც იარაღები აქვს შენახული. უხმაუროდ აიღებს ერთს, მოამზადებს და ასევე უხმაუროდ, ფეხაკრეფით გამოვა, არავინ გამოაცილებს. ქალმა იცის, სანადიროდ წასული ჭაბუკი არ უნდა გააცილოს, ჭაბუკი კი, ყველა რომ დაიძინებს, მაშინ წავა.
    …. . . ადგა ფარნავაზი, მოამზადა იარაღი და წავიდა.
    იცის, სანადიროდ წასვლა გულის გადაყოლებას არ ნიშნავს, როგორც ახლა, საუკუნეების მერე, ოფისიდან გამოსული მამაკაცი წავა ნერვული სტრესის მოსახსნელად.
    იცის ფარნავაზმა, ტყემდე მისული სამყარო უკვე ათვისებულია. როგორც ათასწლეულების წინ, ახლაც ჩვენია, ადამიანების; ეზო-კარი, მიწა-წყალი ჩვენ გვეკუთვნის, მოვხნავთ და დავთესავთ, გამოვიგონებთ და გავაუმჯობესებთ შრომით და საბრძოლო იარაღებს, დავიმორჩილებთ ხილულ სამყაროს და იმასაც, რაც ოდესმე შეიძლება ხილული გახდეს.
    რაც ვერასოდეს გახდება ხილული, ეს მითებია, ის ამბებია, რომლებიც გამოვიგონეთ, თუმცა არ ვიცით, ახდება თუ არა.
    და შუაღამისას სანადიროდ გამზადებული მიდის ფარნავაზი, უხილავი სამყაროსკენ ნაბიჯებს დგამს. ტყე იდუმალია, დღესაც არ აგვითვისებია ჩვენ, კაცთა. დღესაც გულაჩქარებულნი ვისმენთ უსიერ ტყეში ოჩოპინტრესა და დალის ისტორიებს... სანადიროდ წასული კაცებისა და წითელთმიანი ალქაჯების სიყვარულის ამბებს... გვჯერა და არც გვჯერა... ფარნავაზს სჯერა, რომ ტყე პირველქმნილი ქაოსია, ფრთხილად უნდა მოპყრობა, იქ იდუმალებაა... მას კი შეუძლია გაბედოს, შეაბიჯოს ამაყად და ჟინით... და ფარნავაზმა “დევნა უყო ირემთა ველთა დიღომისასა...” “და ილტვოდნენ ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა.” მისდევდა ფარნავაზი, ისარი სტყორცნა, “მცირედ განვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა.” უკუნეთი ღამე ირემთან ერთად გაატარა ფარნავაზმა.
    ვინ იცის რას განიცდიდა ჭაბუკი გონიერი, რა ფიქრთა ხაზები სერავდა და აფორიაქებდა მის გულსა და გონებას... იცოდა თუ არ იცოდა, ირმის მოკვლა ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაზე ფიქრს რომ დააწყებინებდა... ისე როგორც ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად ნადირობისას წამოსულმა წვიმამ მიიყვანა თუ არა იგი გამოქვაბულში ჩამალული განძისკენ...
                            .  .  .
   
   
    სადაც არ უნდა წახვიდე, რომელ მთასაც არ უნდა აჰყურებდე, რომელი მდინარის ნაპირსაც არ უნდა მიუყვებოდე, სიამაყით წელგაშლილი დგახარ და შენს თვალწინ წინაპრების აჩრდილები შენთან ერთად უფრთხილდებიან ერთდროულად უძველესი სასახლეების ნაშთებს და თანამედროვე ქალაქებს. როცა სამკაულებს ათვალიერებ, გახსენდება, რომ შენს მიწა-წყალზე ანტიკურ ხანაშიც კი იმკობოდნენ... როცა ეკლესიაში მიდიხარ, გჯერა, რომ ასეთივე თავგამოდებით იცავდნენ ოდესღაც არმაზის კერპს...
    ფარნავაზს გულმა და გულთან ერთად გონებამ უთხრა, დრო დამდგარიყო მოქმედებისა... გაუთავებელი ქიშპობა ქართველურ მოდგმათა შორის უნდა დასრულებულიყო... ასი ათასი კაცით გარშემორტყმული აზონის – უცხო ტომის მკაცრი მმართველის ძალმომრეობა უნდა დასრულებულიყო... უთვალავი განძის მფლობელი მცხეთელი წარჩინებული ბრძოლისთვის მოემზადა...
    და თვალწინ დაგიდგება მებრძოლი რეფორმატორი.. როგორ მიუძღვის ფარნავაზი თავის ლაშქარს ქალაქი არტაანისკენ... იქიდან გამარჯვებულნი ბრუნდებიან და შენც ამაყი ხარ, რადგან უფალმა მათი მემკვიდრეობა გარგუნა...
    რვა საერისთავოდ გაერთიანებული ქართლი მზად იყო საჭიროების შემთხვევაში ჯარი შეეკრიბა.
    მაშინაც უყვარდათ, უყვართ ყოველთვის... ფარნავაზმა ცოლად ჩრდილოკავკასიელი ქალი მოიყვანა.
    მაშინაც გვჭირდებოდა სალოცავი, როგორც ახლა... ფარნავაზმა ახალი კერპი შემოიღო, სახელად “არმაზი,” რადგან ფარნავაზი  სპარსულად არმაზს ნიშნავს. მთავარი ღვთაების გვერდით გაცი და გაიმი იდგნენ.
    მიდიხარ ქუჩებში და შენ თვალწინ თითქოს ირევიან ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე მოსაუბრე ადამიანები... მათ ფარნავაზმა სახელმწიფო ენად ქართული დაუწესა...
    გავიდა დრო, მარადისობაში ალბათ წამებივით ცოტა საუკუნეები, ქართველმა კაცმა დაანგრია კერპები, იწამა ქრისტე, რადგან “ღმერთი სიყვარულ არს”...
    გავიდა უფრო მეტი საუკუნე, კიდევ გავა... და ქართველი კაცი არასოდეს გაანადგურებს ანბანს, რომლის ფესვებსაც ფარნავაზამდე მივყავართ...
    და როცა ფიქრობ, რომ ქართველი ხარ, რომ შენი სამშობლო გიყვარს, რომ გეამაყება შენი ქალაქის ქუჩები, შენი მამულ-დედულეთი, ამ ფიქრებთან ერთად მიმოდიან ქართველთა აჩრდილები, რომელთაც შენ გაცადეს და განგაცდევინეს ქართველობა.
   

                        .  .  .
 

      “და ყოველნი დღენი მისნი რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა და აღაშენა და განავრცო ქართლი...” მიდიხარ, ფიქრობ და გიხარია, ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა შენი სამშობლო მოსვენებული და სიხარულით სავსე იყო... გეიმედება, რომ დაფლეთილი ქვეყანა შენი ისევ გამთლიანდება, ჩვენ ხომ ეს ფარნავაზმა გვიანდერძა, ერთ-ერთმა დაგვარწმუნა, რომ ეს შეგვიძლია...
    ქართული სიამაყე ეს ისაა, რაც არასდროს გბეზრდება, იმიტომ რომ არასდროს გბეზრდება ბრძოლა შენი სამშობლოს დიდებისთვის, შენი წინაპრების ძვლებისა და მათი სისხლით შეღებილი მიწის დასაცავად... არ გბეზრდება იმიტომ, რომ ბევრი, ბევრზე ბევრი გვყავს ქართველებს საამაყო და მათ შორის, მეფე ფარნავაზი -”კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი”  და მან “ყოველი აღასრულა... სიბრძნითა და სიქველითა, სიმხნითა და სიმდიდრითა.”
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები