ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2011


ნოტები კრევეტებით მოცარტისგან

    ის პატარა ქალია, 10-11 წლის. ძალიან ფერმკრთალია. ნატიფი თითები აქვს. დედა ჯერ სხვა ქვეყანაში, მერე სულ წავიდა. დარჩა ბებიასთან. მას ცოტათი დედის სუნი უდის. სკოლიდან რომ მოდის, კოხტად დააწყობს ტანსაცმელს... არა, ჯერ ბებოს ჩაეხუტება და მოუჭერს თლილ თითებს, ბებო ეტყვის ხოლმე, ნუ დამახრჩე, გოგოო. მერე შეჭამს, ჩიტივით ცოტას, მერე გაკვეთილებს მოამზადებს. . ახდის პიანინოს, დააწყობს ნოტებს და უკრავს, მერე რა, რომ ნოტების წაკითხვა არ იცის. სიამოვნებს თოვლივით თეთრი და სევდასავით შავი კლავიშები.
  ერთხელ მამამ სასეირნოდ წაიყვანა, მე ახლა მოცარტს მოგასმენინებ, შენ სადმე კინოში ხომ არ გირჩევიაო, არაო, მამა, მოცარტი მირჩევიაო. მივიდნენ. მერე მამას ჰკითხა, მოცარტი სად იყოო. იმან გულღიად გაიცინა და გოგონას არ ეწყინა. ნეტავი ახლა იყოს მოცარტი. . . ან თვითონ დაბადებულიყო მაშინ. . . იმის შემდეგ დაუმეგობრდა პიანინოს. მერე რა, რომ ნოტები არ იცოდა. მოცარტი ხომ ერთია, ის კი, უბრალოდ, პრანჭია ქალბატონია.
      მერე იმ დღეს მამამ უთხრა, წამოდი ახლა, კრევეტებზე დაგპატიჟებო. იფიქრა, რა გამოცდებს მიწყობს მამაჩემი, ნეტავი კრევეტები ვინღააო.
    . . . იქაურობა ძალიან მოეწონა, ნაყინიც რა გემრიელი იყო. . . გარეთ რომ გამოვიდნენ, თოვდა. მოცარტი, მოცარტი, მოცარტი. . ნეტავი აქამდე რატომ არ ესმოდა ფანტელების ხმა? . . ფეხით იარეს, სულ არ სციოდა. მამამ უთხრა, დედა ძალიან მიყვარდაო. ნეტავი მართლა რა არის სიყვარული? . . ის ხომ არა, ჩუმად რომ გადასწევს ფარდის კუთხეს და მეზობელ ბიჭს უყურებს და უყურებს?
  მამა, რატომ მაინც და მაინც მოცარტიო? დედა უსმენდაო, ასე უთხრა. მამა, კრევეტებიო? არ წავალთო? აკი გემრიელად მიირთმევდიო კრევეტებს, - გაიცინა და გულში ჩაიკრა. პატარა ქალბატონი მამის გულისცემას უსმენდა, მოცარტი, მოცარტი, მოცარტი. . . ნეტავი მართლა რა არის კრევეტები?
    ცოტაც რომ გაიზრდება, მაღაზიაში შევა, კრევეტებს იყიდის, საკუთარი რეცეპტით მოამზადებს და ბებოს აჭმევს. ბებო ჰკითხავს, გოგო, ამას რას მაჭმევ, სახელი მაინც მითხარიო. ნოტები კრევეტებით მოცარტისგან, ბებოო, უპასუხებს.
    მერე პატარა ქალბატონს აღარ დაუძახებენ. თლილი თითები პიანინოს თუ ვერ დაეუფლება, მოცარტზე წიგნს დაწერს. თან ისე დაწერს, ბგერები მუსიკად ჩაესმება წამკითხველს და ისიც მიხვდება, გოგოს როგორ დიდხანს, დიდხანს უყვარდა.
  ნეტავი მართლა დაწერს წიგნს “ნოტები კრევეტებით მოცარტისგან”?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები