 | ავტორი: სოფრომა ჟანრი: პროზა 11 ივნისი, 2011 |
ეს კედელი ერთადერთია, რაც ახლა მე თქვენთან მაკავშირებს. სახლს როცა ვაშენებდი, ვფიქრობდი, რომ კედელი არასოდეს აღიმართებოდა ჩვენ შორის და მხოლოდ გარე სამყაროსთან დაგვაკავშირებდა, ან ხანდახან ყოველდღიურობას მოგვწყვეტდა. ავაშენე და დავივიწყე. ისეთი ყოფილა ყოველდღიური ორომტრიალი, ფიქრისთვის ვეღარ მოვიცალე. პირველად ამას რომ მივხვდი, წინააღმდეგობის მტანჯველ შეგრძნებას ვებრძოლე და დავამარცხე. საკუთარი საქციელების შეფასების გარეშე მივენდე ინსტიქტებს. კედელი ვეღარ მაკავებდა, მისი არსებობა დავივიწყე. კედელმა გაიბრძოლა და გაქვავდა - თავდაპირველადი როლი მოირგო. არაფერი დაუნახავს, არაფერი გაუგონია. ცხოვრება ფიქრის გარეშე უკვე გასულა. ჯიში და ჯილაგი მოვიმრავლე, ცოდვა და მადლიც. შინაურებს ბევრი ვაწყენინე, უფრო მეტი, უცხოებს დავეხმარე. ბევრი მაპატიე ვთქვი და უფრო მეტი - არაფერია, დაივიწყე... გარდავიცვალე... შემთხვევით... გავჯიუტდი და კედელი ვერ დავინახე... ჩემი გადიდებული სურათი არ მომწონს, უხასიათო პენსიონერს ვგავარ, მაგრამ ახლა მე აღარავინ აღარაფერს მკითხავს. უკვე ჩუმად ვარ. კედელს რომ გამაკრეს, სუნთქვა მიჭირდა, მერე კედლის იმ ღრიჭოში შევძვერი, ცოლი რომ ამოლესვას მთხოვდა. ხანდახან კარგია, თხოვნას რომ არ შეუსრულებ ვინმეს. ახლა ცოტა ხანს აქ უნდა ვიყო, დავეტევი, უსხეულოდ ვარ. წამიღეს და პირველსაწყისში დამაბრუნეს. მიწად უნდა ვიქცე. დანარჩენი, რაც ჩემგან დარჩა, ეს სურათია. აქედან უსასრულობაში რომ გადავბარგდები, ჩამოხსნიან და კედელიც ამოისუნთქებს. ახლა, როცა კედელი გავხდი, ყველას ამოსუნთქვას ვისრუტავ, ყველა ოხვრა თითო ნამცეცს მართმევს, ყველა ნასროლი ბურთი და დარტყმული მუშტი გულს მიგმირავს. აკი კედელს გული არ აქვსო? გრძნობაც ჰქონია. შემეშინდა. როცა ჩემი ცოლის სურათსაც ჩამოკიდებენ, ყველა მოუნანიებელ ღალატს ერთად იგრძნობს; ყველა სიხარული ერთად მიაწყდება და წალეკავს; ყველა ფიქრი ერთად გაუვლის გულში. დაიტანჯება... უნდა გამოვძვრე ღრიჭოდან... ...
ჩემი ყვირილი და იატაკზე დაცემის ხმა ბოლომდე ვერ მაფხიზლებს. სანამ დავრწმუნდები, რომ კედლის სურათი არ ვარ, თვალებს ვაცეცებ და დახმარებას ვითხოვ. თანდათან გონება მინათდება, ვხვდები, რაც სიზმარში ვნახე, ჯერ ყველაფერი არ ჩამიდენია და არ მოსულა კედლად ქცევის დრო. გაჭირვებით ვდგები, კედელთან მივდივარ და ვეფერები. ახლა შორიდან ალბათ შეურაცხადს ვგავარ, მაგრამ ეს არ მანაღვლებს. ამ წუთიდან ყოველთვის მეცოდინება, რომ ძილის წინ მძაფრსიუჟეტიანი წიგნის კითხვა არ შეიძლება და... კედელს ყურები აქვს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კაცი სიზმარში ხედავს, რომ გარდაიცვალა და თავის განვლილ ცხოვრებას კედლის სურათიდან ავლებს თვალს, ეს ვერ გაიგეთ, ბატონო ირაკლი? კაცი სიზმარში ხედავს, რომ გარდაიცვალა და თავის განვლილ ცხოვრებას კედლის სურათიდან ავლებს თვალს, ეს ვერ გაიგეთ, ბატონო ირაკლი?
3. რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ ვერ გავიგე :( რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ ვერ გავიგე :(
2. მეც მაგ ხასიათზე ვარ და... ხოდააა, ერთად ვიმღეროთ მეც მაგ ხასიათზე ვარ და... ხოდააა, ერთად ვიმღეროთ
1. ხო, ''კედლებსაც კი ყურები აქვთ''. ;)
''ჩემო კედლებო ისევ მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ''.
აუ, სიმღერის ხასიათზე მოვედი. ;;) ხო, ``კედლებსაც კი ყურები აქვთ``. ;)
``ჩემო კედლებო ისევ მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ``.
აუ, სიმღერის ხასიათზე მოვედი. ;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|