ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2014


მინიატურები

__________________________________________________________________________________________________________
"უთავო მხედარი"


თითქოს სულელი არა ვარ… არც ინვალიდი.
ხელი, ფეხი  წყვილწყვილად - ადგილზეა. ენაც… ეგ ხომ ბარე ორს ეყოფა.
და ვინ არის ახლა ჩვენს შორის “ნებელობა შეზღუდული”?  როგორც ამ ბოლო დროს უწოდებენ ინვალიდებს
- მე თუ ის, ფუნჯი რომ ფეხის თითებით უჭირავს და საოცარი აღმაფრენით ხატავს ხატებს…
ის, ვინც სიკეთეს მსახურებს ცხოვრობს მართებული ცხოვრებით, და რითიც მსახურებს, იმით მოქმედებს კიდეც…
რა სისულელეა… რაიმე ორგანო არ ფუნქციონირებდეს, ზოგადად მისაღებ რეჟიმში, ესე იგი ნებელობა შეზღუდულია, არა?
მე რომ უთავობა მჭირს, ამას რა ჰქვია მაშინ?
თუ მე უკვე "უთავო მხედარი" ვარ… მკვდარი გულით და ყოველგვარი გრძნობიერისაგან დაცლილი.
მეხსიერება? - მაქვს კი საერთოდ?..
ნეტა რამდენი წუთი ვცხოვრობ დღეში?  ნებელობაშეუზღუდავი, ჰმ... 
რამდენი საათი თვეში?..
რამდენი დღე ვიცხოვრე დღემდე?..
ღმერთოოო…  როგორს მხედავს ნეტა ცა?
მხედავს კი, საერთოდ?


- ასე შეიშლები, შე კაცო…
- მე მინდა რო?.. ვერსად დავემალე ამ ფიქრებს… ჭურში ჩაძვერი თუ გინდა… უარესიც კია.
- ვერ არი კარგი საქმე… გაგწეწავს ეს… ჩემი სოფლელივით თუ არ გაგიმართლა… ღმერთს შეხვედრია თურმე…
- რაა?!
- ასე ამბობს სოფელი… სოფელი კი იცი - არ იტყუება!
- ადამიანივით, არა?.. სად სოფელშიო, როგორ თქვი?
- ჩემთან… მიყრუებულში… რამდენჯერ ვყოფილვართ ერთად… დაგავიწყდა?
- ვინ კაციო?.. როგორ თქვი?
- ვერ გავიხსენე ვინ არი… ტყისმცველიაო… დიდი ხანია იქეთ არ ვყოფილვარ.
- დავლიოთ კიდევ, თუ… - “უნდა ვნახო ის კაცი”
- თითოც და საკმარისია.
- ... - "უნდა ვნახო ის კაცი"

ნახა კიდეც.
გაქრა ქალაქიდან. არავისთვის არაფერი უთქვამს - ადგა ერთხელაც და წავიდა მიყრუებულ სოფელში.
უღრანი ტყის შუაგულში შრომობდა კაცი.
ბევრი ისაუბრეს. ამ ქვეყნის...  იმ ქვეყნის… იმ შეხვედრაზეც თქვა ორიოდ  სიტყვით ტყისმცველმა, მშვიდად, ულვაშებში ჩაღიმებით და კაი ხნის გაუპარსავი ჯაგრის ქექვით.
ისე... მშვიდად, წყნარად... თითქოს ბავშვობის დიდი ხნით უნახავ მეგობარზე ლაპარაკობსო, მეზობელი სოფლიდან.
- კი მაგრამ, ამ  შეხვედრამდე როგორ ცხოვრობდი? - გაურკვევლობაში ჩაფლულიყო მოსმენილით  გაკვირვებული სტუმარი.
- შეშას ვამზადებდი გასაყიდად. ოჯახს სარჩო რომ არ მოკლებოდა… რა მექნა სხვა. მხოლოდ ეს საქმე ვიცოდი კარგად.
- და ახლა? ახლა როგორ ცხოვრობ… ღმ… მასთან შეხვედრის შემდეგ?
- შეშას ვამზადებ გასაყიდად. ოჯახს სარჩოს ხომ  არ მოვაკლებ. რა ვქნა სხვა. ეს საქმე ვიცი კარგად.
დაფიქრდა სტუმარი.
მძიმედ და ფორიაქით სულში.
- კი მაგრამ, რა შეიცვალა მერე? - ამოთქვა როგორც იქნა.
გაეღიმა ტყის მცველს… დაჯაგრულ სახეზე მოისვა დაკოჟრილი თათები და თვალებშიც  ნაპერწკლებმა გაკვესეს.
- მანმადე არ ვიცოდი, რომ იყო… ახლა ვიცი!!!


__________________________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________________
პრობლემა

მას შეეძლო გაენათებინა რაც გნებავს.
მას შეეძლო ენათა მთელი დღე-ღამე და ბევრად მეტიც, ამიტომაც ნათურა ერქვა, ანუ შეარქვეს ადამიანებმა, ვისთვისაც ანათებდა, როცა ამას ისურვებდნენ.
და სწორედ ეს იყო მისი პრობლემა - ვისაც უნდოდა, როცა მოისურვებდა მასინ გამორთავდა ხოლმე, ან ჩართავდა.

მას კი  შეეძლო თავის თავში მთელი სამყარო ჩაეტია, ეჩვენებინა რაც გნებავს და ტელევიზორი შეარქვეს.  მასაც ჰქონდა პრობლემა - ადამიანები მასში ისეთ სამყაროს დებდნენ, როგორსაც მოისურვებდნენ და ვინც კი მოისურვებდა ყველას შეეძლო ეს, თუ პირადად არა, ნაცნობობით მაინც.

ამას კიდევ, სევდანარევი ღიმილით რომ იმზირებოდა, შეეძლო ყველაფერი და ყველაფერიც იცოდა.
ყველაფერი, ყველაფერი…
შეეძლო ნათელი მოეფინა ყველაფრისათვის და უამრავ სამყაროსაც იტევდა თავისთავად… ვერც ვერავინ გამორთავდა და ვერც ვერავინ ჩართავდა. ადამიანებმა მის შესახებაც იცოდნენ… ისე, ყურმოკვრით, ზოგმა უფრო სერიოზულადაც კი და ისინი უხმობდნენ _ ღმერთი.
და მასაც ჰქონდა პრობლემა - ადამიანებს ჰქონდათ ნათურა და ტელევიზორი.

________________________________________________________________________

ორმოში

მთვარეს შეჰყმუოდა, სევდიანი ერთობ,  ნაღვლიანი ნოტით ხმაში
-მე რომ ჩიტი ვიყო, ფრთებიც მექნებოდა, მთვარეზე ავფრინდებოდიო მაშინ
იქ კარავს მოვიწყობდი და ძილის წინ, ყოველთვის, ვარსკვლავებს ჩავიკრავდი გულში
… და  ეს  ოცნება ისე შეუყვარდა, ისე რომ ძალიან და გულწრფელად საოცრად.
_ ფრენის რა გითხრა, აღარ უფრენია,  მაგრამ ორმოდან, მალევე ამოძვრა.
_ მერე?
_ მერე დრო გავიდა და ხანიც გამოხდა
_ ოცნება დაკარგა?
_ ჰო... სადღაც ჩამორჩა.
_ და ახლა სად არი?
_ გესმის ყმუილი? როგოც ჩანს, ისევ ორმოში აღმოჩნდა.

_________________________________________________________________________________________________________________________________

ეჰ... ისააკ,ისააკ.

ვაშლის ხის ჩრდილში უყვარდა თვლემა, ფიქრებით დაღლილს.
ახლაც დაქანცულმა გახედა მსახურს. ისიც უსიტყვოდ მიხვდა და შეზლონგი მოუწყო საყვარელი ვაშლის ხის ჩრდილში.
თვლემამორეული ღიმილით გახედა ზედ დამხობილ ვაშლის ვარჯს. ალაგ-ალაგ მზის სხივი რომ ცდილობდა გამოძრომას, მაგრამ ამაოდ. ისიც გაჯიუტებული ხან ფოთოლზე ჩამოჯდებოდა, ხანაც ვაშლზე აირეკლებოდა.
ზოგჯერ გამოაღწევდა წამით და მთვლემარე სახეზე გადაურბენდა სიოზე ამხედრებული.
სათამაშოდ იწვევდა თითქოს.
მაცდუნებელი იყო  მიწვევა და შეტოპა კიდეც.
თავადაც შემოახტა სიოს და მაღლა აიჭრა.
ვაშლებმა შემოჰღიმეს. ფოთლებმა ტაში დასცხეს.
ლოყაწითელი ვაშლისკენ გაიშვირა ხელი.
ის კიდევ კისკისით დაუსხლტა. მოსწყდა ტოტს და ბუშტივით მაღლა აიჭრა.
მერე მეორეც… იქვე სხვაც... და კიდევ
ცა დაფარეს ფერადი ღიმილით აფარფატებულმა ვაშლებმა.
ახლა მათ დაედევნა, მაგრამ ნურას უკაცრავად - ვერ დაეწია.
ნერწყვი გადაყლაპა და გაოცებისაგან პირდაღებული გასცქეროდა ცისკენ გეზაღებულ ვაშლებს.
განაწყენებულს გამოეღვიძა.

-მერე?
-მერე გაბრაზდა  და მიზიდულობის კანონი მოიგონა.
-მერე რა?
-რა და, მას შემდეგ ვაშლები სიზმრადაც დაბლა ცვიოდნენ და მთვლემარეს ხან თავზე ეცემოდა ხან კიდევ… უფრო ხშირად მაინც თავზე. ვერც თვითონ  დაფარფატებდა სიზმრად, როგორც ადრე.  კანონი უშლიდა ხელს.
-ეჰ… ისააკ, ისააკ.  გაგვიჩალიჩა, აი.
-აბა. თვითონ ხომ მოიწყინა და მოიწყინა, ჩვენც მიგვაჯაჭვა მიწას.
-არც სხვებს დაუკლიათ ხელი
-იმიტომაც სულ უფრო და უფრო ჭირს ფრენა... სიზმრადაც კი.
-მხოლოდ იმიტომ?
-აბა სხვა რა უნდა იყოს. სხვამხრივ ისევ ის ხვითოები ვართ, რაც სამოთხიდან გამოპანღურებისას ვიყავით.
-ეჰ… ისააკ, ისააკ.

__________________________________________________________________________________________________________

იღბლიანი.

-გილოცავთ, გილოცავთ… თქვენ ასმეათასე  იღბლიანი მომხმარებელი ხართ ჩვენი ლატარიის.
-ვააჰ… მართლა?
-ვგავარ მე მასხარას? აბა კარგად შემომხედე.
არა! არ ჰგავდა.
უფრო თოვლის პაპას მიამსგავსა რატომღაც, მაგრამ ისიც კარგად ახსოვდა რომ, შუა ზაფხული იყო ამჟამად.
მერე რაა რომ ეძინა?
მოკლედ, ჯადოქარია ალბათ. კეთილი ჯადოქარიო. დაასკვნა.
-აბა, კარგად დაფიქრდი და მითხარი, რა  სურვილებისს შესრულებას ისურვებდი, იღბლიანო, უახლოესი სამი წლის განმავლობაში?
-ვააჰ... მართლა?
-მართლა, მართლა... განა სახუმაროდ მცალიანო? - ჯადოქარმა
მაღალი ხელფასიო, პირველი რაც მოაფიქრდა
მანქანაო კიდევ, საუკეთესოო
და ბინაო ცენტრში, სამოთახიანი… არა, ხუთოთახიანიო, მაგრად მოწყობილიო
და კიდევ სხვა რაღაცეებიც მიაყოლა იმავე სტილში…
-არაა პრობლემაო- ჯადოქარმა. შეიხსნა ქამარში გაჩრილი მოოქროვილი ქისა. გახსნა და მაგიდაზე გადმოაპირქვავა.
თვალები აუჭრელდა ასმეათასე იღბლიანს.
ბრილიანტები
ზურმუხტები
მარგალიტები
კიდევ სხვადასხვა ძვირფასი ქვები… დიდები, პატარები, ”ისე რა” ზომის  და კიდევ სხვადასხვა უბრალოდ ლამაზი კენჭები უმეტესწილად. მაგრამ ძვირფასები გამოირჩეოდნენ მაინც, მიუხედავად სიმწირისა.
ხახამშრალი შეჰყურებდა ჯადოქარს, ნერწყვი ვერ გადაეყლაპა აღელვებულს.
გამოარჩია ჯადოქრმა რამდენიმე უბრალოდ ლამაზი კენჭი, მდინარისას რომ ჰგავდა და ღიმილით გაუწოდა.
- აჰა შენ, შენი სურვილებიო - უთხრა და დანარჩენი ისევ ქისაში ჩაყარა.
- კი, მაგრამო - როგორც იქნა ნერწყვი გადაყლაპა იღბლიანმა - რატომ ისინი არაო? - ძვირფასებისკენ გაიშვირა თითი
- ისინი საშენო არ ყოფილა, ჩემო იღბლიანოო - უპასუხა ჯადოქარმა - ისინი დიდ, ამაღლებულ სურვილებს შეესაბამება, შენ კი ის მიიღე რაც ისურვეო. აბა შენ იცი, გაუფრთხილდი ამ ქვებს, არსად დაგეკარგოს, თორემ სულ ტყუილად გინატრია, ჩათვალეო
და გაქრა.
გამოეღვიძა.
გაიზმორა.
თავქვეშ ხელები ამოიწყო და სევდიანმა გამჭვარტლულ ჭერს ახედა.
-ეეჰ, კარგი იქნებოდა ბარემ, მაგრამ ვინ მომცა მე ამის იღბალიო - გაიფიქრა და ისევ ჩათვლიმა.

***
მზით გახურებულ ფანჯრის რაფაზე, ღმერთმა თუ უწყის, საიდან გაჩენილი რამდენიმე კენჭი ბრჭყვიალებდა, როდესაც ”იღბლიანის” ცოლი ფარდის გადასაწევად მივიდა.
მდინარისას  ჰგავდნენ. პატარები და ლამაზად ფერადები.
- ვაი-მე, ვაიი… ამოდენა კაცს ისევ ბავშვის ჭკუა როგორ უნდა გქონდესო - ჩაიბუზღუნა ქალმა და კენჭები ნაგვის ვედროში მოისროლა.

______________________________________________________________________________________________________________

ასეთია ცხოვრება.

პატარა გოგონა, პატარა კალათით ტყეში სოკოებს  აგროვებდა.
რა არის ამაში უცნაური? - არც არაფერი.
სოკოს ღვეზელი რომ გამოეცხო დედას, სოკო ხომ იყო საჭირო. გოგონაც საიდან მოიტანდა  სოკოს, თუ არა ტყიდან, თან ახალ ნაწვიმარზე.
ჰოდა წავიდა კიდეც ტყეში სოკოს მოსაგროვებლად და რა თქმა უნდა დაიბნა. ანუ გზა აერია, აცდა ბილიკს  სოკოების გროვებით გართული და აჰა - აერია გზა-კვალი.
ბევრი იბორიალა აღმა-დაღმა, აბა აქეთ, აბა იქეთ, მაგრამ ამაოდ.
ძალიან დაღლილი იყო როცა უცებ, ანუ სრულიად მოულოდნელად, ყოვლად იმედდაკარგულმა ქოხი იპოვა.
ჭკვიანი გოგონა იყო და უცებ კი არ შევარდნილა შიგ, ჯერ ფანჯრიდან შეიჭყიტა -  ვერავინ ნახა. მაინც დააკაკუნა კარებზე - არავინ უპასუხა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა ქოხში.
მართლაც არავინ იყო.
გოგონაც  ჯერ ჩამოჯდა ფუმფულა საწოლზე, მერე წამოწვა და ჩაეძინა კიდეც.
დაღლილი იყო და ძილიც მაშინვე მოერია.
კარგა ხანს ეძინა… ასე, ორი საათი.
ღრმად და მშვიდად.
სიზმარში ცხელი ღვეზელის სურნელი ტრიალებდა მადისმომგვრელად.
უცებ რაღაც ხმაური მოისმაა...

(გაგრძელება იქნება)

თან ახლავე.
უბრალოდ აქ პაუზაა საჭირო.
უნდა დავიძაბოთ, ანუ ვიკითხოთ - ”ნეტა რა ხდება?”... და მესამე დღემდე, სანამ ავტორი ინებებს, და გაგრძელებას დადებს, ვერსიები, ვერსიები, ვერსიები....
და დარდი ”სულაც რომ არ გააგრძელოს?”
და იქვე იმედი ”შეუძლებელია... ის ვერ იქნება ასე სასტიკი, ის ხომ იმპრესიონისტია” აქვე ჩაცინება, ქირქილის ნოტებით, ხომ ზედგამოჭრილი იქნება.
მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და  აქვე გავაგრძელებ (სმაილს დასვამდა აქ კაცი, მაგრამ შემოვა მერე ლურსმანი და აიკლებს აქაურობას... სმაილი კი ღიმილისა იქნებოდა, სხვების დასმა მე მაინც არ ვიცი. ა, ასეთი იქნებოდა თითქმის :)



ე. ი. უცებ რაღაც ხმაური მოისმაა...
შუაგულ ტყეში ეს ვის გაუკვირდება, მაგრამ გოგონას გაეღვიძა.
უნდა შეშფოთებულიყო წესით, მაგრამ - არა!
ერთი გემრიელად გაიზმორა, დაავლო ხელი სოკოებით სავსე კალათს და სახლისაკენ გასწია. 
გამოძინებულზე გზა ისე სწრაფად იპოვა, თითქოს არც არეოდა.
სახლშიც მშვიდობით მივიდა და დედამაც დიდებული ღვეზელები დაუცხო სავახშმოდ.
იქნებ გაგიკვირდეთ კიდეც და სულ ეგაა მთელი ისტორია.
თქვენ კი გეგონათ ალბათ რომ მგელი რამე, გადაეყრებოდა ტყეში, გულში ავი განზრახვით, ან კეთილი პრინცი ვინმე იპოვიდა შეშინებულს,  თეთრ ცხენზე ამხედრებული. ან კიდევ სხვა რაიმე ისეთი  მოხდებოდა, როგორიც ჩვეულებრივ არ ხდება ხოლმე.
შეიძლებოდა რა თქმა უნდა, რაღაც ამაღელვებელიც დამართნოდა,მაგრამ მაგისთანების მოფიქრება არ გინდა ამ სიცხეში, მითუმეტეს რომ, ასეთი რამ,  ყველა გოგონას როდი ემართება - მხოლოდ იმათ ვინც ამისთვის მზადაა, ანუ მხოლოდ მათ ვისაც ეს ძალიან, ძალიან სურს.
და არა იმათ ვისაც მხოლოდ უყვარს სოკოს ღვეზელი და მეტი არც არაფერი ედარდება.
სხვათაშორის, თუ მართლა ძალიან ძალიან გსურს, ანუ მზად ხარ მიიღო ზღაპრულდ ამაღელვებელი, სულაც არაა აუცილებელი საამისოდ ტყეში წახვიდე, ვინ იცის როგორი სოკოების ასაკრეფად - ისედაც  მოხდება ყველაფერი და ისედაც დაგემართება ზღაპარი, თუკი ამისთვის მზად ხარ.
თუ არა და... ავტორთან უნდა ჩააწყო საქმე.
რას იზამ? - ასეთია ცხოვრება.


______________________________________________________________________________________________________________
ცხელოდაო მაშინაც…

თვალნათლივ დაინახა… თუ იგრძნო?
დაინახა - ასე უფრო სწორი იქნება, რადგან გრძნობით ადრეც უგრძვნია თუ როგორ მიედინებოდა დრო.  მიედინებოდა მისი გავლით და ამის შესახებ ყოველთვის იცოდა.
ახლა კი თვალნათლივ დაინახა ის რასაც გრძნობდა, როგორც იტყვიან ასეთ შემთხვევაში, გარედან… თუ საიდანღაც კიდევ.
დრო მასში ჩაედინებოდა ერთი მხრიდან,  სწორ ზოლად გაჭიმული, ნელა, ზოზინით  და საოცრად თანაბრად.  მეორე მხრიდან კი გამოედინებოდა, ოდნავ დაკლაკნილი, ზოგან ფართოდ გაშლილი , ზოგან კი  შევიწროებული  და პულსირებდა თითქოს… პულსირებდა ზოგან ნელა და უშფოთველად, ზოგან კი აჩქარებული  და მშფოთვარე.
სამი დღე აკვირდებოდა ამ სურათს, ძალიან  ნათელს თავისი არსით… და არა მარტო აკვირდებოდა – განიცდიდა კიდეც მთელი სხეულით, უფრო მკაფიოდ ვიდრე ოდესმე.
მეოთხე დღეს ხილვა გაქრა და დარჩა საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული განცდა -  ცოდნა.
ცოდნა რომელსაც შემდგომ არასოდეს მიუტოვებია.
რომელსაც სიამოვნებით გაუზიარებდა ყველას, ვინც ისურვებდა.



-და რა, არავინ ისურვა?
-არავინ… ყველა თვლიდა რომ თავისიც თავსაყრელად ჰქონდათ და ვისაც გინდა იმას უწილადებდნენ თავადაც, თან დიდი სიამოვნებით.
-რაო, იმათაც ჰქონდათ ეგეთი ხილვა?
-ერთმა ღმერთმა უწყის ეს.
-და სულ ეგ არი მთელი ამბავი?
-არა, რატომ… ურაკპარაკზე დარეგისტრირდა და…
-დიდი ამბავი, მანდ ხომ მეც ვარ დარეგისტრირებული
-შენც გქონდა ხილვა?
-არა, ხილვა არა მაგრამ…
პაუზა, ღიმილის თანხლებით
-რას იკრიჭები? თქვი აწი რაკი დაიწყე.
-მპირდები რომ ჩვენს შორის დარჩება
-მე მოვკვდე თუ გაგიბაზრო
-დაგიჯერებ… დედაჩემი გამომიტყდა ამას წინათ, ჩემი რაღაცეები რომ წაიკითხა –  აგვისტო იყოო, მზის გულზე დამირჩიო საქმეებით გართულსო, პატარა იყავიო ძალიანო
-მერე რა?
- ცხელოდაო მაშინაც… მაგრად
____________________________________________________________________________________________________________


მადლობა… მადლობა... მადლობა ღმერთო!

ირწეოდა ლიანაზე მაიმუნი
-ვაააუუუ  - ფიქრობდა
- მმმაგარია…  მზე,  ბანანები,  ლიანა,  სავსე მუცელი…
- მადლობა ღმერთო

დაფარფატებდა იქვე პეპელა
- რა სასაცილოა - მაიმუნს გაუღიმა - ლიანაზე ირწევა,  თან ბანანს მიირთმევს,  თან იცინის…  რა კარგია
ყვავილები,  არომატი,  კრიალა ცა
- მადლობა… მადლობა  ღმერთო

ჩიტიც ჩამოჯდა იქვე სიახლოვეს
ფრთები შეისწორა,  ყელი მოიღერა  და
რა მშვენიერიაო
რა ლამაზიო
რა თბილიო
რა, რა, რაააოო…
მადლობა… მადლობა ღმერთოო - გალობდა

ვერც კი შენიშნეს საიდან მოვიდა, როგორ, რისთვის…
თვალის დახამხამებაში პეპელა დაფაზე მიაკრა ქინძისთავით - კოლექციის მშვენება იქნებაო.  მაიმუნს ბადე დაუგო,  ლიანაც  მარჯვედ მოუჭრა და მახეში გაბმული  ოსტატურად გაკოჭა - ზოოპარკისთვის მშვენიერი ეგზემპლიარიაო, კარგ ფასშიც გავყიდიო, გახარებულმა და ჩიტისთვისაც მოიცალა - ამ ფიტულს ხელებიანა წამგლეჯენ მაყუთიანებიო 
და კმაყოფილმა დახედა თავის ნამოქმედარს
და ახედა მადლიერმა ცას
და აღუვლინა მადლობა უფალს
-რა მშვენიერიაო ყოველივე შენგან ნაბოძებიო
-რა უხვია წყალობა შენიო
-რა ბედნიერი ვარო, ღმერთოო
მერე, ისე რომ არავის დაენახა ხაფანგი დადგა, იქნებ ნადირმა რამემ გამოიაროს და მერე მე ვიციო… 
და წავიდა  ნადავლით გახარებული.

ნადირიც  მალევე გამოჩნდა.
კარგა ხანია მოძუნძულებდა ნაცნობ ბილიკზე.
უიღბლო დღე დღეს მიება და უსაშველოდ მშიერს თვალები ავად უელავდა. არა თუ საკბილო, თვალის შესავლებიც კი არაფერი ჩანდა და უცებ
- ვაა… ხაფანგი?
სიხარულით შეჰყმუვლა ცას
- ეს ადამიანის ნახელავია და ის აუცილებლად დაბრუნდება აქ… მადლობა, მადლობა, მადლობა ღმერთოო

____________________________________________________________________________________________________________

პარასკევის 13

- შორეულ, უტოპიურ მომავალში, როცა ადამიანებს არავითარი მოვალეობანი  არ აწუხებდათ…
- არ “აწუხებდათ” თუ, არ “შეაწუხებდათ”?
- ნუ ხარ კირკიტა… გრამატიკული კალამბურია, ასე სჭირდება საქმეს
- ჩვენ ბოდიში…
- ... და მხოლოდ უფლებებით იყვნენ, ასე ვთქვათ, აღჭურვილნი, ორი ახალგაზრდა ადამიანი ჩამომსხდარიყო  მზით გამთბარ უზარმაზარ ლოდზე და  ორივე უნისონში ოცნებობდა  შორეულ, გმირულ წარსულზე…
- ჰმ… და ესეც…
- მაცალე… იქნებ რას ვამბობ!
- …
- იმ, საოცნებო წარსულში კი სხვა, ორი ახალგაზრადა,  პარასკევ საღამოს, იმავ  თვის ცამეტი რიცხვისა, ასევე  ჩამომსხდარიყო ბაღის კიდის საღამოს გრილოში და მდუმარედ ოცნებობდა  ბედნიერ მომავალზე.  წარმოიდგინე ხომ სურათი?
- კი… არც ისე რთული კომპოზიცაა.
- ძალიან კარგი… გადახედეს ამ მეოცნებეებს ანგელოზებმა თავიანთი მარადიული გადასახედიდან და  არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ ადგილები შეუცვალეს.
- ვააუ… მოულოდნელი იყო
- ახლა იმათ ჰკითხე?.. ის ორი, მომავლიდან მალევე დაიღუპა წარსულში, სიცივისა და შიმშილისაგან… ვერ გაერკვნენ ვითარებაში, ვერც ასე, ვერც ისე და ბუნებრივი გაზის ქურამ ხომ ორივეს სრულად გამოუყვანა წირვა…
- ვაა …
- ისინი კი, ის ორი მეოცნებე წარსულიდან, “აგრესიულობის კონტროლის სამსახურმა” მიაძინა… ვერაფრით დააშოშმინეს თურმე.
- ე!
- ეგ კიდე არაა ყველაფერი… იმ ანგელოზებს, მარადისობიდან, ორთავეს საყვედური გამოუცხადეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების არაკომპეტენტურად გამოყენებისთვის, თითო ადამიანური ცხოვრება მიუსაჯეს და ჩვენსკენ გაამწესეს… მააშ!
- შენ გინდა თქვა რომ…
- აბა რა… ერთი შენ გელოდება სახლში და მეორე მე… აბაა!
- ჩამოასხი ერთი თუ ძმა ხარ, რა… საიდან მოიტან ხოლმე ამ სისულელეებს. ღამე კოშმარებად მესიზმრება მერე.
- ასეა თუ ისე… არაფერი ჯობია დროს, რომელშიაც ცხოვრობ… აჰა და ერთიც გამოგვივაა…
- ის პარასკევი და ცამეტი რაღა იყო…
- რა ვიცი მე… ამბავს მოუხდა. გენახა ერთი შენი სახე, როცა იდუმალი ხმით გამცნე, პარასკევს, ცამეტში, იმავ თვისა… ერთ კაი გაცინებად ღირდა.
- ვერა ხარ შენ, ხო იცი…
- შენ ხო ხარ…

საღამოს ბინდი წვებოდა ბაღის კიდეზე.

____________________________________________________________________________________________________________________________
ნოსტალგიური

- გინდა მოგიყვები, როგორია ის… ჩემი ქვეყანა
- …
- ჩემს ქვეყანაში ადამიანები, ერთმანეთს როცა ხვდებიან, თუნდაც უცნობები იყვნენ, ისეთი ღიმილით ესალმებიან, თითქოს დიდი ხნის  მონატრებულნი იყვნენ. სხვანაირი ხალხია ჩემს ქვეყანაში – უფრო კეთილი, თუ უბრალო უფრო. არ არსებობს ვინმე ცუდად გახდეს ქუჩაში და გულგრილად ჩაიარონ. იქ არ იგინებიან, თუ ავტობუსში სივიწროვეა, ან მეტროში პიკის საათი. ჩემს ქვეყანაში არავინაა უპატრონო... ფეხმოტეხილი ძაღლიც კი. არავის აკლია სითბო და მოფერება. იქ უსიყვარულოდ "მზეც არ სუფევს ცის კამარაზე"... იქ ყველა ლექსებს  წერს და ყოველი მესამე პოეტია... არა, მეორე... უფრო სწორედ ყველა.  იქ ცხოვრების დონე სულ სხვაა… ბავშვები მთელი დღე მოუსვენრად თამაშობენ... მოხუცები ნებიერად ისვენებენ... ქალებს ღიმილი არ შორდებათ სახიდან... ახლა კაცები? _ ვაჟკაცები! იქ ხელფასებიც მაღალია და მეტი. იქ შენ თვითონ ხარ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი თითქოს. სულ სხვა მსოფმხედველობაა, სულ სხვა ცხოვრებისეული ღირებულებანი… მააშ!  აი, ასეთია ჩემი ქვეყანა… ვწუხვარ რომ,  მხოლოდ სიზმარში.
- ჰმ… სიზმარს მიყვებოდი ასეთი გატაცებით?
- სამწუხაროდ.
- ბევრს ესიზმრება ასე,  შენს ქვეყანაში?
- მხოლოდ პოეტებს...
- ჰო-ო? და  რა არის მერე ამის აცხადებაში შეუძლებელი…
- შესაძლებელი რა არის… ის თქვი შენ.
- რა და, ყველაფერი... ყველაფერი  რაც დაგსიზმრებია, შენზეა დამოკიდებული…
- როგორ მაინც.
- შემხვედრს, რომც არ იცნობდე, გაუღიმე როგორც დიდი ხნის მონატრებულს… რა უნდა ამის გაკეთებას?
- ...
- ამით დაიწყე და მერე მიყევი ისე, როგორც გინდა რომ იყოს… სხვებიც აგყვებიან და...
- ვითომ?
- სცადე მაინც… ისე არაფერი გამოვა.
- ეეჰ... მე მარტო რას გავხდები
- რატომ მარტო?.. სხვებსაც ხომ ესიზმრებათ... ჰოო და, აუხდინეთ ერთმანეთს სიზმარი... ეგაა სულ!
- ...
- იქნებ სულ სხვა რამ გესიზმრებათ და არ გინდა გამხელა... ჰა?
- ...

***
აქ დავასრულებ ჯობია... თორემ უხერხულად გრძობს თავს, ვატყობ.
არა და მაგარი საყვარელი ვინმეა, ჩემი მეგობარი...  ნოსტალგიური ქართველი.

________________________________________________________________________________________________
ალექსა და სერიოზული


“ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში სერიოზული ხალხი მოვიდა, მეტად სერიოზული სამოქმედო პროგრამით”-ო
ტელევიზორმა უთხრა ეს ამბავი სახლში მარტოდ დარჩენილ ალექსას, შვილს რომ სტუმრობდა ვარკეთილში.
მწყრალად გამოხედა თითქოსდა დარცხვენილ დიქტორს, რომელიც მისი აზრით, თვალს არიდებდა  და მიხოს მხარგაღმა ჩაჰკირკიტებდა რაღაცას.
--ტა,ტა,ტა,ტააა… დედა ვუტირე ჭალაანთ ბალღებსა…  აქამდე ?-- კატეგორიული იყო ალექსა -- აქამდე რა, ღლაბუცები იყვნეენ? ჭალაანთ ბალღებიი?…
და გადართო, როგორც შვილიშვილმა ასწავლა. ჯერ მარცხენა ხელისგულზე დაიდო ეს ეშმაკის მოგონილი და მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით ზემოთ აპრეხილზე დააჭირა.
გახედა ტელევიზორს და სადაა შენი დიქტორი - ფაფუ, არ არის.
სამაგიეროდ, გუშინღამ რომ, ქალაქის მერიაო  უთხრეს, იმას შეეკრა კოპები და ცხვირწინ ატრიალებულ მიკროფონებს თვალს არ აშორებდა, რომელიმე ჟურნალისტს პირში რომ არ შეეჩარა ალბათ.

“წელს - იუწყებოდნენ მერის ბაგენი -კულტურასა და სპორტში სერიოზული თანხები წამოვიდა”
--შენ ისა თქვი რა მოვიდა, კაცოო -- ჩაიბუზღუნა ალექსამ და  სოფლის გამგეობიდან  სამი ლიტრიანი შუშის ქილით მიღებული “სალიარი” გაახსენდა.
--აკი ათიო, კაცო?
--ეგა, ჩემო ლექსო იაპონური ქილებია, სამლიტრიანსა გაამს შესახედავად, თორემ ისე  ათი ლიტრა ეტევა შიგა. გაიგეე?
--ეეჰ, აქაური იაპონელი თუ იქნებოდა ამის მამგონი--ხელი ჩაიქნია ალექსამ.
--ეგ რა არი ჯო--საწყობის გამგე იცინოდა--”კანისტრა” მოუგონიათ კიდევ, ოცლიტრიანი, ასანთის კოლოფის ხელაა, კაცოო… გინდა იმაში ჩამაგისხაა, დედა ვატიროთ ჭალაანთ ბალღებისაო --კიდეც რომ  გაექილიკა.
ერთი კი ამოხედა ალექსამ  წარბქვემოდან, მაგრამ არაფერი უთხრა ხმამაღლა, თორემ გულშიი… მოგეცა ლხენა, ისეთი დაანათლა.
გადართო.

კრიმინალური ქრონიკა - წარწერა ისე მოასკდა ეკრანს , ალექსამ ცოტა უკანაც კი დაიხია.
“სიგარეტის ყიდვა მინდოდა.__ ყვებოდა დაზარალებული__მოვიდნენ. საათი მკითხეს, რომელიაო. სერიოზული ბიჭები ჩანდნენ. მერე გამომტაცეს საფულე ხელიდან და ჰაიდაა, გაიქცნენ მე მაგ… საით? მოსხიპა პატრულმა”
-- საით, საით -- გამოაჯავრა ალექსამ -- პარლამენტში იქნებიან უკვე, შვილოსან. იქ იმდენი სერიოზული ხალხია  რომა...  რას გამოარჩევ იმათში
ეკრანზე კი ამასობაში პატრულის ფორმაში გამოწკეპილი ქალი გამოჩნდა, შავჩარჩოიანი სათვალით. "ამაი შუშები არ  ექნებაო", რატომღაც იეჭვიანა ალექსამ.
“სერიოზული მამაკაცი -- კეკლუცად განაცხადა სათვალეებიანმა ქალმა -- სოლიდური გარეგნობისა, ძვირადღირებულ პიჯაკში და რაც საყურადღებოა, ჰალსტუხით,  შევიდა საიუველირო მაღაზიაში, დააშინა დაცვა და გაიტაცა სერიოზული ღირებულების ძვირფასეულობა”
--ჰაი ტა,ტა,ტააა დედა ვუტირე...--ჩაიქირქილა ალექსამ-- კაცოო, ეგრე როგორ შეიძლება, მანდა მარტო ჭალაანთ ბალღები უნდა შეეშვათ, ტიტლიკანები და თითოთითოდ, მაგ ბემურაზებს რომ არ შეშინებოდათ… ჰა,ჰა, ჰა მე თქვენი…
გადართო, ლამის აცრემლებულმა.

“ნებისმიერ სერიოზულ პიროვნებას, ნებისმიერ სერიოზულ ორგანიზაციას, ჩვენ ვპირდებით სერიოზულად შემცირებული საპროცენტო განაკვეთით დავუფინანსოთ სერიოზული ბიზნეს-გეგმა”
სერიოზული იერით იუწყებოდა ტელევიზორი
ამ განცხადებამ, როგორც ჩანდა, მთავარი ბანკირისა, ალექსას რატომღაც ასანთისკოლოფისტოლა იაპონური “კანისტრა”  გაახსენა, მიიხედ მოიხედა და კულტურულმა ისე სერიოზულად წამოუარა--ბალკონზე გავიდა. იქ გულიანად გადააფურთხა ეზოში და იმავ წამს ქვევით ჩაიხედა.
გადარჩა ვიღაც -  ბედი მისი, სახლში იჯდა.
ეეჰ, მე აქ სერიოზული არაფერი მესაქმება, ისევ ისა სჯობს ვენახში ვიღლაბუცოო, რომ გაიფიქრა ტელეფონმაც დარეკა.
-ხომ არ მოიწყინე მამიი?
-ამათთან რა მოიწყენ კაცი... მაგრამ მაინც უნდა წავიდე შვილო… ი  დედაკაციც ცოდოა, მარტოა დილასაქეთ, იქ კიდევ ვენახი და რავი კიდევ რა
-ერთი დღე მაინც რა, მამი, ამაი რა ვუთხრა კაცო
-მაგაი ენაცვალოს პაპა, ჩამამიყვანე და შენ წადი საცა გინდა…

ავტობუსი უკვე თუხთუხებდა ალექსამ რომ თავისიანებს თვალი მოჰკრა სარკმლიდან. მაშინვე ჩამოვიდა ლამის დაძრული ავტობუსიდან.
აყაყანდა ხალხი.
--გადაიფიქრეე--მძღოლმა იკითხა
--შენ მაიცა!
--ე! რა მაიცა კაცო… გრაფიკი მაქვს სერიოზული
--ჰოდა, სერიოზულად გეუბნები
აცრემლებული შვილიშვილის დანახვამ გული აუჩუყა ალექსას
--დედა ვატირე ჭალაანთ ბალღებისა, თორემ შენ აგატირებდიი, პაპაი გენაცვალოს… მოდი გაკოცო თორემ გამექცა ავტობუსი
გულში ჩაიკრა და სუნთქვაც შეიკრა
--პაპი… ვინ არიან ი ბალღები?
--ვინ ბალღები, ბალღო?
_ აი! ჭალაანთიო… რო გაიძახი ხოლმე...
_ აა... ისინი?.. ოჰ მე მაგათი მაგათი დედა კი ვატირე, აი... -- კინკილა კბილით გაიელვა ალექსამ  და ავტობუსში ავიდა
გელოდები იცოდე… სერიოზულად გელოდებიო, შვილს მიაძახა მოღიმარმა დაძრული ავტობუსის ღია კარებიდან.
“ამ შემოდგომით ყურძნის სერიოზულ მოსავალს ელოდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რთველისათვის უკვე დაიწყო სერიოზული მზადება…”
მთელი სერიოზულობით აუწყებდა  ჩართულად დარჩენილი ტელევიზორი ცარიელ ოთახს.

____________________________________________________________________________________________________________

იდუმალება

ის რომ, ის  გენიოსი იყო, არავისთვის იყო საკამათო.
მხატვარზე  ვამბობ,  რომელსაც მავანმა შეუკვეთა ერთი ახალგაზრდა ქალის პორტრეტი.  ქალი კი ეს,  გამოირჩეოდა თურმე საოცარი სილამაზით და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მინიატურისათვის, ენით აუწერელი მიამიტობითაც _ საერთო მოსაზრებით, სისულელემდე რომ არაფერი აკლდა.
ძალიან ბევრი ყმაწვილი აღტაცებულა მისი მშვენიერებით, გაარშიყებია კიდეც, მაგრამ დიდხანს ვერავინ დარჩენილა პირვანდელი აღფრთოვანებით… ეტყობა მიამიტი სისულელე აშკარად ჯაბნიდა მშვენიერებას.

შეკვეთა მაინც შეკვეთაა და მოვიდა ქალი იგი, მხატვართან პოზირებისათვის.
დაჯდა, მოკრძალებით დაიწყო ხელები წინ და გაიღიმა… ძალდაუტანებლად, მსუბუქად - ჭეშმარიტად მშვენიერი იყო!
შემოქმედი  ისე მოიხიბლა რომ თავდავიწყებით ჩაუჯდა  ესკიზების ხატვას. უწვრილმანესი ნიუანსები მონიშნა შემდგომ სამუშაოდ და როცა პირველი  ჩანახატები გააკეთა, რაღაც ჰკითხა ქალს… უმნიშვნელო სრულიად, მარტივი რამ, ასე ვთქვათ მომაბეზრებელი დუმილის დასარღვევად და უფრო უშუალო გარემოს შესაქმნელად.
გენიოსი კი იყო, მაგრამ აქ მაგრად შეეშალა… კი!
როგორც კი ქალის უმშვენიერეს ბაგეს პირველი ფრაზა მოწყდა - მხატვრის აღფრთოვანებაც საპნის ბუშტივით გაქრა.
ალბათ ძალიან დიდი გაწბილება აღებეჭდა სახეზე განიოსს, იმდენად დიდი რომ ქალმაც კი შენიშნა ეს… საყოველთაოდ აღიარებული "მიამიტად სულელი" კი იყო, მაგრამ არც ისე უსაშველოდ, იმდენს ვერ მიმხვდარიყო, როგორც კი დაილაპარაკებდა, კავალერები, წუთის წინ გულანთებულნი, იმავ წამს მხრჩოლავ მუგუზალს რომ ემსგავსებოდნენ შეთქმულებივით - მიზეზი ვერ გაერკვია ამ მეტამორფოზის და ეს გულწრფელად აწუხებდა.
მხატვარს  ესკიზებიღა დარჩა იმედად…  პირველი შთაბეჭდილებით შექმნილი ესკიზები, რომელშიც მომხიბვლელი ღიმილი ხელუხლებლად შენარჩუნებულიყო და პორტრეტიც სწორედ მათი მიხედვით იქმნებოდა. რამდენი არ ეცადა ქალი, რამდენი არ ევედრა მხატვარი ერთხელაც სცადეო, მაგრამ ვერა და ვერ გაიღიმა  იმ უმშვენიერესი ღიმილით.  უმწეობამ დათრგუნა ქალი და სიბრალულმა დარია ხელი გენიოსს… და გაუმხილა ქალს ერთი რამ საიდუმლო, თუ როგორ შეენარჩუნებინა მორიგი კავალერის კეთილგანწყობა.
მოისმინა რა გენიალური რჩევა, დამშვიდდა ქალი. იმედი მიეცა და ოდნავ წაიოცნება კიდეც, რა თქმა უნდა პირზე ღიმილით… ღიმილით რომელიც ძალიან ჰგავდა, მხოლოდ ჰგავდა, მხატვრის მიერ  პორტრეტზე აღბეჭდილს აწ და სამუდამოდ.
უჩვენა მხატვარმა დასრულებული პორტრეტი ქალს და ერთხელაც შეახსენა, თუ გსურს დარჩე მარად მომხიბვლელი, როგორც ამ პორტრეტზე, ნურაფერს ეტყვი კავალერს, მხოლოდ გაუღიმეო.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ მთელი ქალაქი გრიალებდა ქორწილში.
უმშვენიერესი… ღვთაებრივი… -  ეპითეტებს არ იშურებდნენ  პოეტები  ის კი, ქალი ანუ, დუმდა.
დუმდა  მომნუსხავი ღიმილით ულამაზეს სახეზე.
მშვენიერი იდუმალება… - ამაზე შეთანხმდნენ პოტები და მუზებს უხმეს საშველად.


მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და გენიოსი მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტი პირველყოფილი მშვენიერებით აჯადაოვებს მნახველებს - ყველას აქვს თავისი ვერსია, თუ რა იმალება ამ იდუმალებით მომხიბვლელი ღიმილის მიღმა და არა მგონია ბევრი დამთანხმდეს თუ ვიტყვი:
-  მის მიღმა იმალება  ლამაზი, სულელუკა ქალის, სიყვარულით და შიშით  მოფრთხიალე გული… სულ ეგაა მთელი იდუმალება.
_ შენი აზრით, რა თქმა უნდა...
_ ჰო, აბა ლეონარდო რას ფიქრობდა, რა ჩემი საქმეა... და ერთიც, "სისულელე" ფრიად ფარდობითი ცნებაა... სიყვარულისთვის კი, საერთოდ არაფრისმთქმელი...
_ ან იქნებ ყველაფრის... აკი მიამიტიc იყოო

პ.ს.
აქ მეც კი დავიბენი, როგორც ავტორი ამ აბდაუბდის...
მენანება კია წასაშლელად... 
ჰოო და იყოს მაინც.
ტექსტია ესეც და წინამორბედებისგან დიდად არ განსხვავდება... ანუ ამაზე ბევრად "მიამიტურად სულელურიც" კი დამიწერია... ასეთები აუტანია ჩვენს მონიტორებს :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები