ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2011


კაცი სათვალით რომელიც იყო...

1. გაღვიძება

გაიღვიძა და ფანჯარაში გაჰყო ხელი, იმის გასაგებად წვიმდა თუ  არა...
წვიმდა.
მერე სათვალე გაიკეთა...
არადა, პირიქითაც შეეძლო მოქცევა - სჯობდა კიდეც...
წუხანდელი სიზმარი გაახსენდა:  ბაბუასთან ერთად ტყეში დაეძებდა ძროხას და გაწვიმდა... 
ბაბუა უყვებოდა, ცა მამაკაციაო, მიწა კი დედაკაციო, წვიმა კი მამაკაცის თესლია და მიწას ანაყოფიერებსო... ხოდა უკვირდა, ყველაზე უფრო კი ის უკვირდა, თვითონ მას თეთრი წვერები ჰქონდა, ბაბუა კი პატარა, კნაჭა ბიჭი იყო – სათვალით... 
გაიფიქრა, წყლისთვის ხო არ მომეყოლა ეს ამბავიო. სამზარეულოში შევიდა, ონკანი მოუშვა,  რომელმაც მომაკვდავი კაცივით ერთი დაიხროტინა და დადუმდა.
ლუდის პოლიეთინელის ბოთლებში გადანახულ წყალზე მოყოლილი სიზმარი  როგორ მოქმედებდა ეს არ იცოდა და ვინაიდან, ისიც არ იცოდა დაზუსტებით  როდის იქნებოდა წყალი სჯობს სიზმრის წყლისთვის მოყოლა გადავდოო. 
ბინა მოათვალიერა. გაუკვირდა მაგიდაზე ცალი ფეხსაცმელი რომ დაინახა, იქ მისით ვერ ავიდოდა (თან ცალი)  და მე რატო დავდეო, - გაიფიქრა.
თავი ტკიოდა, სადღაც წაკითხული გაახსენდა, საქართველო ისეთი ქვეყანაა სადაც სამლიტრიანი ყანწით და სიგარეტით ხელში სვამენ ჯანმრთელობის სადღეგრძელოსო.
თუმცა ახლა ისე ხშირად არ ხვდებოდა ასეთ სიტუეიშენში, მაგრამ გუშინ... გახსენებაც არ სურდა.
ის წუხანდელი ყანწი სამლიტრიანი არა, მაგრამ ორიანი ნამდვილად იქნებოდა. არა, რამე უნდა შეიცვალოსო – გაიფიქრა.  წარმოიდგინა პარლამენტში შედის კანონი და იხილავენ საკითხს, რამდენ ლიტრიანი ყანწებით შეიძლება ღვინის დალევა და შემოღებული იქნას თუ არა ზედა ზღვარი.
საერთოდ ვისაც უნდა დალიოს, ვისაც არ უნდა -  ნუ დალევს, ალბათ უნდა აიკრძალოს თამადის მოადგილის შტატი დაძალების დარგშიო, - თითქოს გამოსავალი მონახა.
ლოგინის ქვეშ მიგდებული მეორე ფეხსაცმელიც მოძებნა.  აბაზანაში ობობას დამცინავად მიაშტერდა, ობობამ სამი ძაფით გადაინაცვლა უკან. შენც ბრუტუს? – უთხრა და პირი დაიბანა. ხო გახსოვთ - წყალი არ მოდიოდა და ისევ ნატახტარის (ლუდი) ორლიტრიანმა  ბოთლმა (წყლით სავსემ) იხსნა.

2. ქუჩა

გარეთ გამოსულმა ქალი შენიშნა. მივიდა და უთხრა, მე თქვენ ვერ გხედავთო. ქალი შეშინებული უყურებდა. ვის გადავეყარეო.  ვერ მიხვდა, თუ ვერ ხედავდა ეს კაცი, ან სათვალე რად უნდოდა, ან  როგორ ელაპარაკებოდა. რა გნებავთო. თქვენ ძალიანაც კარგად იცით რაც მნებავსო, უთხრა მაგრამ ახლა მართლა არ იცოდა რა უნდოდა ამ ქალისგან: მოიფიქრა და  თქვით რამე, რომ დაგინახოთო, - ქალს თხოვა. ხო იცით არისტოტელეს სიტყვებია, ჩემი არ გეგონოთ და საერთოდო.  ქალი აჩქარებით, სიტყვის უთქმელად მოცილდა.  ვერ ვიცანი – ვერ ვიცანი, მგონი გიჟად ჩამთვალა. იქნებ და მართლა ვგიჟდებიო,  უცებ გაიფიქრა. ადრე ერთმა ნაცნობმა უთხრა: ქუჩაში დაგინახე, შენ თავს ესაუბრებოდიო.  კი ვესაუბრებოდი, მთავარია თუ მისმენდაო, - ხუმრობაში გაატარა, მაგრამ მთლად კარგად არ არის ჩემი საქმეო, ეს კი გაიფიქრა.

3. ავტობუსი

ყვითელ ავტობუსში ავიდა. ავტობუსი ხალხით იყო სავსე და ყველა საუბრობდა. ამათში ნეტა თავისთვის რამდენი საუბრობსო, - გაიფიქრა. უსმენდა ერთი ქალი როგორ ეუბნებოდა მეორეს, ყვითელ ფერი, მზის ფერი მიყვარდა და ამ ყვითელტანსაცმლიანებმა შემაჯავრესო, ალბათ კონტროლიორებზე ამბობდა. გახსენდა, რომ ჯიბეში ლარიანი ქონდა მხოლოდ. კონტროლიორს ვეტყვი, რომ ხურდა არ მაქვსო, გაიფიქრა – არადა მართლაც ასე იყო.
მეორე ქალი ყვებოდა რომ მოვიდოდა დრო, როცა ფული და ოქროულობა ქუჩაშიც ეყრებოდა ისე, რომ ადამიანები ვერ შეძლებდნენ მათთვის გვერდით ავლას, მაგრამ არ იქნებოდა პური. დამშეული ადამიანები  ერთმანეთს დაერეოდნენ და...
ამ დროს ეს მეორე ქალმა გააჩერა, გაჩერდი ერთი თუ ქალი ხარ, რაიმე კაი თქვიო. ამიტომ ვერ მიხვდა მერე რა მოხდებოდა.
იმ ქალმა, შენისთანებია, რომ ეს ცხოვრება ჯოჯოხეთად აციეს შე ტარტაროზოო.
ამან, შენ თვითონ ხარ ტარტაროზი და ჯოჯოხეთის მაშხალაო. იმ სტადიაზე რომ იყვნენ, თმებში რო უნდა წვდომოდნენ ერთმანეთს, მძღოლს ალბათ  მობეზრდა ქალების რატ-რატი და გაჩერებაზე მკვეთრად დაამუხრუჭა.
სულ სხვა ქალი, რომელიც ფეხზე იდგა, წინ გადავარდა  და ვიღაც კაცს ჩაეხუტა. რა არის, კარტოფილი მიგაქვსო, მძღოლს დაუწყო ჩხუბი ასე კაცს ჩახუტებულმა.
`ქალბატონო, სახელურს უნდა მოკიდო ხელიო~ - მძღოლმა.
`სახელურს ვერ ვწვდები და ხელი როგორ  მოვკიდოო~, - პასუხი არ დაახანა ქალმა. 
`მე რა ვქნა ქალბატონო, რული დავიჭირო თუ  თქვენო~ - კისერი მოეღრიცა მძღოლს.
`რა ქენი და ჩრდილში იარეო~ - უთხრა ამასობაში უცხო კაცის მკლავებიდან გათავისუფლებულმა ქალმა.
ავტობუსიდან ჩავიდა.

3. დაბადების დღე


წამოდი, კაი სუფრა, კაი ქალები,  დუდუკიც იქნება, მოკლედ სამოთხეში მიმყავხარო. მაინც რატო ქვია სამოთხეს სამოთხე. ლექსი აეკვიატა სადღაც გაგონილი, თუ წამიყვან სამოთხეში, გესტუმრები სამ-ოთხ დღეში.
სტუდქალაქიდან ცნობდა ამ კაცს. ალბათ ერთი ოცი წელი არ ენახა, ახლა ძლივს იცნო. მეზობელ ოთახში ცხოვრობდა. დაიკარგებოდა რამდენიმე კვირა. მოვიდოდა მერე. სად იყავიო – კითხავდნენ. ცოლი მოვიყვანეო, - იტყოდა. მერე თუ ცოლი მოიყვანე აქ რაღა გინა ან ცოლი სად არისო, - იბადებოდა შემდეგი კითხვა. ვერ შევეწყვეთ და  გავშორდიო, - იყო ერთი და იგივე პასუხი. 
ალბათ ხუთ-ექვსჯერ მოხდა ასე. ახლაც უცოლო იყო ეს კაცი და მორიგ შეყვარებულთან მიდიოდა დაბადების დღეზე. წინასწარ გააფრთხილა, ჩემს წინა ცოლებზე არაფერი თქვაო.
მივიდნენ. დიდი სუფრა იყო და სულ ქალები – ალბათ ოცამდე.  ახლა მართლა დარწმუნდა საქართველოში ერთ კაცზე რომ რვა ქალი მოდის.
სურათებს იღებდა ერთი, ისიც მოახვედრა ობიექტივში. რა კარგი გამოვიდა ხალიჩაო, - ქალმა დაიძახა. უკან მიიხედა, მართლაც კედელზე დიდი, ლამაზი ხალიჩა იყო გაკრული, ოთხივე კიდეში ფრთიანი ანგელოზებით. 
ქალები გლობალურ დათბობაზე საუბრობდნენ. ერთი ამბოდა, რა გვეშველება. ალბათ რაც დინოზავრებს დაემართა, იგივე ჩვენ დაგევმართებაო.
Dდინოზავრზე მეტი ჭკუა არ ექნება ამასო,  – გაიფიქრა, მაგრამ ქალი იმდენად ლამაზი იყო, ყველანაირ სისულელეს რომ აპატიებს კაცი და საცეკვაოდ გაიწვია. უმალ კითხა, რას ამბობდით დინოზავრებზეო? ქალმა ეჭვით გამოხედა...  თუმცა სათვალის მიღმა ვერ მიხვდა, კაცი დასცინოდა თუ მართლა აინტერესებდა დინოზავრები, ამიტომ მიენდო.  იცით თქვენ რომ აისბერგებიც დნებაო, - ამოიოხრა. რა კავშირში იყო აისბერგების გადნობა და დინოზავრები ამ ქალთან ვერ მიხვდა. 

4. კატები

ფანჯარაში კატების გნიასი შემოვიდა უცებ. ალბათ ხვადი და ძუ კატა ადევნებოდა ერთმანეთს. ქალები სიცილით იგუდებოდნენ ამ ხმაზე. უკვირდა  სასაცილო რა არისო. კატასაც ხო უნდა სექსიო. რატო იცინიანო, მასთან მოცეკვავე ქალს დაეკითხა. კატებზეო, ქალმა. ისიც იცინოდა და ეშმაკურად აპარებდა მეგობრებისკენ თვალს. რა ადვილად შეიძლება გადასვლა ეკოლოგიიდან სექსოლოგიაზეო, - გაიფიქრა კაცმა. კი მაგრამ სასაცილო რა არის, კატების არშიყშიო, დაეკითხა. აი, რო ყვირიან იმაზე იცინიან.  თქვენ თუ იცით რატო ყვირიანო, დაეკითხა კაცს. ხვადი ეუბნება, გამომყევი კატავ ცოლად, ძუ კი უარზეაო, გაიცინა კაცმა. არაო, დაუწუნა პასუხი ქალმა. აბა რატოო, მართლა დაინტერესდა კაცი. ვერ გეტყვით, მეუხერხულებაო, ქალმა. კი მაგრამ საუხერხულო რა არის, მითხარით და არც ერთ კატასთან არ გაგცემთო, შეაპარა ქალს. არა, მაინც ვერ გეტყვითო. რამდენჯერმე რომ გაიმეორა თხოვნა, ქალი მაინც ქალია და დანებდა. ზომის ამბავია, ტკივა ძუს და იმიტომაც ყვირისო... ასეა, ვისაც ტკივა ის ყვირისო...


5. მიტინგი

წამოსვლა მოუნდა. თვრამეტ ქალს შეატოვა ეს ძველი ნაცნობი და წამოვიდა. წვიმდა. `ბელა ჩაოს~ სიმღერას მოკრა ყური.
აბა ერთს გავივლი მიტინგზე რა ხდებაო.
გზაზე ორი კაცი შემოხვდა, ეტყობოდა მიტინგიდან მოდიოდნენ, ძაღლი ნაფოტზე ორჯერ ტყუვდება, ეს ხალხი სანამდე უნდა ატყუონ უკეთესი მომავლის  იმედითო, - ერთი ეუბნებოდა მეორეს.
მეორემ, კი ხალხია ცოდო, ყველა თავისთვის იყენებს, გამოიყენებენ  და მერე ივიწყებენო.
აი, პირადად თქვენ ხალხისთვის რა გაგიკეთებიათო, უცებ კითხვა დაუსვა ორივეს...
გამოდი კაცო, გამოდი, ვიღაც პროვოკატორიაო, უთხრა პირველმა მეორეს და სწრაფად გასცილდნენ...
ჩიტაძის ქუჩით ჩადიოდა პარლამენტთან, ისევ წვიმდა და ღრუბლები ისე ახლოს იყო, შეეძლო ერთი-ორი ქულა მოეტეხა და გულის ჯიბეშიც ჩაედო...

6. დარბევა

დაარტყი, შენ მეტი არაფერი გევალებაო, სადაც დაინახავ დაარტყიო, ესმოდა ერთი სპეცრაზმელი როგორ ეჩხუბებოდა ამხანაგს...
ის კი, ის მეორე, მას ეხმარებოდა წამოდგომაში...
სახანძრო მანქანის წყლის ჭავლმა ისევ სიზმარი გაახსენა, გაეცინა უცებ თავის თავი წარმოიდგინა, როგორ უყვება რუსთაველზე სახანძრო მანქანიდან დიდი წნევით გადმოსხმულ წყალს სიზმარს, რომელიც არაფერი იყო იმ სიზმართან, რომელსაც ახლა ხედავდა. 
რა გაცინებსო, - შენ მეტი არაფერი გევალებაო, სადაც დაინახავ დაარტყიო, - ამხანაგს რო ასწავლიდა იმ სპეცრაზმელის ღრიალი გაიგონა კვლავ და ბეჭზე რეზინის ხელკეტის მოხვედრის მწვავე ტკვილი იგრძნო, თან  რეზინის ტყვიამ აუწვა ზურგი და დაეცა... მასთან ერთად დავარდა მისი დამხმარეც. სანამ ხელს გასწევდა ასაღებად,  ბუნდოვნად დაინახა სპეცრაზმელის ჩექმამ როგორ მიაბრტყელა ასფალტს მისი მესამე და მეოთხე თვალი... …

7. გათენება

    ოცდაექვსი მაისის დილა თენდებოდა, სახანძრო მანქანები წყლის ჭავლით წმენდნენ რუსთაველის პროსპექტზე დაღვრილ სისხლს... ქალაქის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა მწვანე სანაგვეში ჩააგდო დასმხვრეულ ლინზებიანი სათვალის ჩარჩო... 
ქუჩის განათების ბოძებზე ამძვრალი შეშინებული და მორცხვი ყვავილები მზეს ვერ უსწორებდნენ თვალებს... 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები