ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2011


მე მქვია...

  -გადარჩება აუცილებლად... უკურნებელი სენი არ არსებობს - ვუჩურჩულე საავადმყოფოს პატარა სამლოცველოში დედის გადარჩენაზე მლოცველ გოგონას და ვიგრძენი, ტყუილმა  როგორ ამიწვა ლოყები.
  -აუცილებლად ჩააბარებ ამ გამოცდასაც. მერე რა, თუ ორმოცდაათიდან მხოლოდ ოთხი ბილეთის სწავლა მოასწარი უსაქმურობისგან მორჩენილ დროში? ერთ-ერთი აუცილებლად შეგხვდება იმ ოთხიდან...
  -შეგიძლია თამამად მოშორდე სარკეს და წახვიდე მასთან შესახვედრად, აუცილებლად მოეწონები (ან რა გაქვს დასაწუნი? სხვისი სურათებით ის გაგეცნო, შენ ხომ არა?)
  -წადი, ნუ ყოყმანობ... მერე რა, თუ მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო, მძღოლი გეჩხუბება? სამაგიეროდ, შეიძლება ქუჩაში იპოვო შვილისთვის წამლის საყიდი ფული, ან ვინმემ გაჩუქოს... ან... ან სულაც ნაცნობი ფარმაცევტი შეგხვდეს და ვალების მიუხედავად, კიდევ ერთხელ მოგცეს წამლები ნისიად... (ზოგჯერ ისეთი რაღაცეების თქმა მიწევს, რისიც თავადაც არ მჯერა)
  -გაპატიებს ქმარი ღალატს და დაგიბრუნდება... მერე რა, რომ ქართველია?
  -ავიაკატასტროფა რომ განიცადა, იმ თვითმფრინავით არ გამოფრინდებოდა შენი ძმა.ხომ იცი როგორი ბედი აქვს? აი,ნახავ, მალე დაგირეკავს...
  (-რატომ არ უნდა გამოფრენილიყო? - ჩურჩულებს ეჭვი, როგორც ყოველთვის და მთელ შრომას წყალში მიყრის. უუუფ, როგორ ვერ ვიტან, ნეტა, იცოდეს! მიყვარხარო მეუბნება და არ მშორდება... სიყვარულიც ამას ჰქვია, რაა!)
  -შეგიყვარებს...
  -გადარჩება...
  -შეხვდები...
  -გაჩუქებს...
  -გიყიდის...
  -შეგირთავს...
  -აპატიებს...
  -მოკლავს...
  -დაშორდება...
  -დაუჯერებს...
  და ასე დაუსრულებლად, სიმართლით, ტყუილებით,სიკეთით, ბოროტებით, ეჭვით, მის გარეშე... ვარსებობ მე და ვავსებ ყველას, ვახარებ, ვაცოცხლებ...
  ჩემზე ამბობენ ბოლოს კვდებაო, მე კი დედამიწასთან ერთად დავიბადე და დღესაც ცოცხალი ვარ...
  მე იმედი მქვია და თქვენს გულში ვცხოვრობ მაშინაც, როცა ვერ მგრძნობთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები