ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2011


მზის მატარებელი.

  მორდეხაი ადრე მთებს იქით ცხოვრობდა და დიდ გემებს დაჰყვებოდა ზღვაში. მერე, როგორც თვითონ ამბობს, მარილიანმა წყალმა თვალები დაუშრო და ზღვის ქარმა ამ სოფელში გადმოისროლა.
აქ, ტყის პირას, პატარა მდინარე ჩამოდის. მორდეხაი ხშირად სთხოვს შვილიშვილს, ჰეიკეს, რომ მდინარესთან წაიყვანოს. მერე წყალში ფეხებჩაყოფილი მოხუცი დიდხანს ზის  ქვაზე და საკუთარ ჩრდილქვეშ ისვენებს.
ამ დროს ჰეიკე ლიფსიტებს იჭერს და ავასთან მიჰყავს. ავას წითელი თმა აქვს და სახეზე ჭორფლები აყრია. ის დედასთან ხელჩაკიდებული მოდის ხოლმე მდინარეზე და ამოჩემებულ ადგილას ჯდება. ავა ვერაფერს ხედავს და მარტო მაშინ იღიმის, როცა ჰეიკე მასთან მიდის და თმაზე ეფერება. ის ამბობს, რომ მზე თვალებს სტკენს და მხოლოდ შემოდგომის წვიმების დროს ძინავს მშვიდად.
  როცა ჰეიკე მორდეხაის უყვება ავას შესახებ, მოხუცი ამბობს, რომ გოგოც მზის მატარებლის მგზავრია. ჰეიკეს არაფერი ესმის, მაგრამ კითხვებს არ სვამს.
----------
-ჰეიკე, მალე წვიმები დაიწყება, შეშა უნდა მოვიმარაგოთ,- მოხუცი ხელისცეცებით პოულობს ჯოხს და ნელი ნაბიჯით გადის ეზოში.
ბიჭი სარკმლიდან უყურებს სიცხისგან გადამწვარ მინდვრებს, თავს დაბლა ხრის და მაინც მიჰყვება მორდეხაის.
მოხუცი ფორთოხლის ხის ქვეშ ზის, ჯოხზედაყრდნობილი, და იქით იყურება, საიდანაც ნიავი ქრის.
ჰეიკეს ლურჯი პერანგი აცვია და დაბალ, ხავსმოდებულ ღობესთან დგას. მტვრიან გზაზე ფეხშიშველი ავა მოდის . უკან კაცი მოჰყვება, თივას მოათრევს და თან თვალს არ აცილებს ავას ფეხებს. ჰეიკეს ძარღვები დაებერა სახეზე და გარეთ გავიდა. კაცმა გზა გააგრძელა. ჰეიკემ ავა შემოიყვანა სახლში და ეზოს კარი ჭრიალით დაიკეტა.
მორდეხაი ისევ ფორთოხლის ხის ქვეშ ზის და თვლემს. ნიავი აღარ არის.
-ავა, ბაბუამ თქვა, მალე წვიმები დაიწყებაო. მზე მასაც ტკენს თვალებს.
-ჰეიკე, მდინარე დაშრა. მე და დედა ვიყავით დღეს და საერთოდ აღარ ისმის წყლის ხმა. წვიმები აღარ დაბრუნდებიან.
მორდეხაიმ თავი აწია და გოგოს უხმო. ავა ხმას გაჰყვა, გვერდით ჩამოუჯდა მოხუცს და მხარზე დაადო თავი.
-არაუშავს, ავა, თუ წვიმები არ დაბრუნდებიან, სხვა ნაპირზე გავალთ და ვნახავთ მზეს, რომელიც, თვალებს არ გვატკენს,- მოხუცმა გოგოს დაკოჟრილი ხელი გადაუსვა თმაზე და გაახსენდა, როგორ უწვავდა თვალებს ზღვის მარილიანი წყალი. შეიძლება, მთების იქით წვიმდა კიდეც..
  მორდეხაი დაბალი, ჩახრინწული ხმით მღეროდა მეზღვაურის სიმღერას.
  ქარმა ისევ დაუბერა და გათიბული ბალახის სუნი მოიტანა.
  ჰეიკე აღარ უყურებდა ავას, თვალები დაეხუჭა და უსმენდა, როგორ შემოდიოდა სოფელში მზის მატარებელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები