ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2011


ვასოს ბებო აღარა ჰყავს

ალიკამ  და  სოსომ დარეკეს,  სადგურში ხო ხარ, ბილეთები აიღეო, თითქოს ბილეთების ასაღები ფული ციდან ცვივა პაჭკობით, თან უცხოური ვალუტა.
სადგურში რატო ვარ? კაჭკაზე ვმუშაობ... მესტა – თუ დიდია, ორი ლარი, პატარა ლარი, არის ფასდაკლებაც, მომატებაც... კლიენტს გააჩნია, როგორ აცვია,  რა ვიდი აქვს – ფეის კანტროლ...
ჩემს პროფესიაში რა მხიბლავს, თავისუფალი ხარ, არავინ გეთამაშება უფროსობანას: გინდა იმუშავებ,  გინდა არა... ისე როგორ გავა დღე ათი ლარი არ გავაკეთო... ყოფილა ორმოცდაათიც გამიკეთებია... ხო იმასაც გააჩნია პირველი ვინ შეგხვდება დილით. რიჟა-გრიჟა - მე არ ვიცი, მე ვიცი რომ თუ პირველი დილით ბავშვი დავინახე, ანუ კარგი დღეა... 
ტაქსისტების არ იყოს, სულ კაჭკისტი კი არ ვიყავი...  მთლად დიპლომი არ მაქვს, მაგრამ დავამთავრე ზოოვეტის  ერთი კურსი... ცოტაც და  ცხოველთა მკურნალი ექიმის დიპლომიც მექნებოდა,  მაგრამ ერთი წლის სწავლის შემდეგ გამრიცხეს, იმიტომ რომ არ ვსწავლობდი ლათინურს... ვერაფრით ვერ მივხვდი, რაში სჭირდებათ ავადმყოფ ძროხებს ლათინური...
თუმცა მიუღებელი პროფესიის წყალობით ვიშოვნე ცოლი, რომელსაც ავად ჰყავდა ძაღლი, სახელად ჯესიკა...  მაშინ ალიკასთან ვიყავი სოფლიდან სტუმრად ჩამოსული და დიდთოვლობის გამო შემოვრჩი და შემოვრჩი. ის პერიოდია, ერთი თვის სტუმრობა კი არა, ხალხი საერთოდ არ აღებდა კარებს და ფანჯრებს,  ვინმეს არ ეგონოს სახლში ვართო. ხოდა ერთი თვის მერე სოფელში რომ დავაპირე დაბრუნება, ისე სიხარულით მაცილებდა ალიკას ოჯახი, თითქოს ლატარეაში მოეგოთ მილიონი. თვითონ ალიკამ სადგურამდე გამაცილა, ეტყობოდა არ იჯერებდა სოფელში რომ ვაპირებდი დაბრუნებას. იარა მატარებელმა გორამდე და გაჩერდა. თურმე შუქი ჩაქრა. ზუსტად არც პრავდნიკმა იცოდა როდის წავიდოდით და არც მემანქანემ. მერე ვიღაცამ თქვა ავტობუსი მიდის თბილისისკენო (მაშინ ავტობუსიც იშვიათი იყო) და გაცვივდა გარეთ ნახევარი ვაგონი. სადაც სხვა მეც იქ მეთქი და ორი საათის მერე ისევ ალიკას ვუკაკუნებდი კარებზე. ვალიკო ბიძიამ, ალიკას მამამ,  გამიღო კარი და რომ დამინახა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ლატარიის ბილეთი, აი ის, მილიონი რომ მოიგო, დაუხია ვიღაცამ.  ხო მშვიდობააო, - მკითხა.  კი, უბრალოდ მატარებელი გაჩერდა გორში-მეთქი. ასეა ბიძია, მატარებელი ჩერდება გორში, ხაშურში, ზესტაფონშიო. მარა შენ რას გერჩი რაც თვითონაა ალიკა, ისეთი ამხანაგები ყავსო. შემოი, შემოი გაცივდა სახლიო, - დააყოლაა. ალიკა ამ დროს ვიღაცას ელაპარაკება ტელეფონზე, თან ვაშლს ჭამდა და რო დამინახა, ალბათ მოჩვენება ვეგონე - ლუკმა გადაცდა და კინაღამ გაიგუდა. ტელეფონის ტრუბკა მე შემრჩა ხელში და რომ მობრუნდა საუბარი გააგრძელა, ისე თითქოს  ორი წუთის წინ არ იხრჩობოდა. თურმე ჩემს მომავალ მეუღლეს ესაუბრება, რომელიც ალიკას ნაცნობი იყო. ის იქედან ეუბნება, ვინმე კარგი ცხოველთა ექიმი ხომ არ იციო.  ალიკამ კიო,  აიბოლიტიო. მესმოდა იქედან როგორ უთხრეს, შენ გეხუმრება და მე ჯესიკა მიკვდებაო. ალიკამ ტრუბკას დაადო ვაშლისგან განთავისუფლებული ხელი და  მეუბნება, ეს ის ლიკაა,  რო გირიგებდი და შენ რომ ამბობდი, შენ ალიკა ხარ და რა ხარ  და ლიკა რაღაა იქნებაო, ხო სწავლობდი სავეტერინაროზე, ძაღლი ყოლია ავად, წავიდეთ, ვნახოთო, შენ სოფელში წამსვლელი მაინც არ ხარო....  მე ვუთხარი, ზუსტად ამიხსენი, ლიკა ვნახოთ თუ ჯესიკა-მეთქი, ორივეო.  წავედით. ჯესიკა არ ვიცი, მაგრამ ლიკა კი მომეწონა, თან მაშინ მივხვდი, სახელს არაფერი მნიშვნელობა აქვს, გააჩნია ვის ქვია. ხოდა ეს ლიკა, გონწასული და ძლივს მსუნთქავი ჯესიკას შემხედვარე ისე ღვარ-ღვარად ყრიდა ცრემლებს, პირველი რაც მოვიფიქრე, სამზარეულოდან წყალი მოვუტანე ჭიქით, სითხისგან არ დაიცალოს-მეთქი.  ლიკას თურმე მაშინ ჩავვარდნილვარ გულში, მივხვდი რა გულთბილი იყავიო.  ამასობაში შევამჩნიე, რომ ჯესიკამ სუნთქვა შეწყვიტა - საწყალი ისე  მიიცვალა, რომ მისი გასინჯვაც ვერ მოვასწარი. მერე ალიკას დაურეკეს და წავიდა, თუ განგებ დამტოვა და შემატოვა ეს მომტირალი ქალი, რომელიც,  მეტი რომ ვერაფერი მოვიფიქრე გულზე მივიკარი, თამ თმებზე ვუსვამდი ხელს, ვამშვიდებსავით. ამანაც რომ არ გაჭრა, ვაკოცე (კოცნით დამშვიდება თუ შეიძლებოდა, მანამდე არც ვიცოდი) და...
ამ დროს ქალბატონი დარეჯანი, იგივე ჩემი სიდედრი, სამოგზაუროდ იმყოფებოდა ეგვიპტეში, არ მინდა ვინმემ გაიგოს, მაგრამ მგონი რაღაცა წვლილი ახლანდელ ეგვიპტურ რევოლუციაშიც მიუძღვის, იმიტომ რომ წელსაც იყო წასული და სფინქსის ქანდაკებასთან ნაპოვნი ქვა ჩამოიტანა, თან დაგვამადლა, ძლივს გამოვაპარე საბაჟოზეო. ასეთი ქვებით სავსეა ჩემი სოფლის შარა, ჩავუტანე კიდეც საჩუქრად ერთი,  მაგრამ ზედაც არ დაუხედავს. ეს მერე, მანამდე კი ეგვიპტიდან უკან დაბრუნებულს  ჯესიკას  ნაცვლად მე დავხვდი ლოჯში. გაკვირვებულმა ლიკას ჰკითხა ეს ვინ არისო და ჯესიკა სად არისო. ლიკამ გიმალავდი რომ არ გეღელვა,  ჯესიკა მოკვდა, ეს კი ჩემი ქმარიაო. მე ვერ მივხვდი, რომელ ამბავს უმალავდა ლიკა დედამისს, მე რომ ქმარი ვიყავი თუ ჯესიკა რომ მოკვდა.  ამის შემდეგ  ჩემს ახლადმოვლენილ სიდედრს ჯერ თვალები გადაუტრიალდა, მერე ეტყობა გული და ასე  გულთვალებ-გადატრიალებული შეაცქერდა ჭერს, ანუ ლოჯიის რბილ ნოხზე მოადინა მსუბუქი ბრაგვანი. ახლა უკვე ის ვერ მივხვდი, რამ  იმოქმედა ასე მწვავედ, ჯესიკას სიკვდილმა თუ მე რომ გამოვეცხადე სიძედ. ამ დროს ვიცი ხელოვნური სუნთქვა მოქმედებს კარგად, მაგრამ არა სიდედრზე, ერთი-ორი რომ ვწყვიტე ლოყაში, იკადრა წამოხტომა და მომაცილეთ ეს კაციო, ზუსტად ისე იყვირა სესილია რომ ყვირის ერთ ფილმში. მოცილების რა გითხრა, მისი ქალიშვილის მეორე ნახევარი ვიყავი უკვე. ქალბატონ დარეჯანს თურმე სხვა  სასიძო ყავდა შეგულებული სკაიპში, ვიღაც ჰოლანდიელი ფერმერი ექვსნიშნიანი ანგარიშით ბანკში და როგორც ლიკა ამბობს - ჯორის გამოხედვით და ცხენის სიცილით. თუმცა ქალბატონ დარეჯანის რჩეული დიდად არ ეპიტნავებოდა მის ქალიშვილს... სიდედრზე ჩემი მკურნალობის მეთოდმა აშკარად გაამართლა. ამის შემდეგ გული არ წასვლია - ეშინია ალბათ. რადგან სახლი  იმხელაა, თან ორსართულიანი, რომ ცხენი გაჭენდება. ამიტომ  ვცდილობ იშვიათად შევხვდე – სიდედრს, ის კი არა და ცოლიც რამდენჯერმა დამეკარგა  ოთახებში.
რო ამბობენ, ტურამ თქვა, ჩასიძებულ კაცს მაინც ვჯობივარო, სულ ტყუილია. აბა რითი მჯობია მე ტურა, ვცხოვრობ ქალაქის ცენტრში, ტურა კი სადღაც ტყეში, თან საქმე საქმეზე  რომ მიდგა, ჰოლანდიელ ფერმერს ვაჯობე, ექვსნიშნიანი საბანკო ანგარიშით როცა მე თვითონ არც ერთ ბანკში არ მაქვს ანგარიში და საერთოდ ვფიქრობ ფული  თუ გაქვს, იმის შნოც უნდა გქონდეს დახარჯო და რა საჭიროა საერთოდ ბანკი... 
ეუფ, გავერთე ფიქრებში... ხო, ბილეთებიო - თან პლაცკარტი არა, კუპე...
მეთქი, კი ასე ვიზამ...
თან ვკითხულობ რა ხდება? 
ვასოს ბებო აღარა ყავს, მივდივართ...  კლასელები,  ვინც თბილისში ვართ, მივდივართ, - თითქოს შატალოა... 
ეს ვასოც კლასელია და ისიც, როგორც თითქმის ყველა, ახლა თბილისშია. ვეკითხები, ვასომ იცის თუ უმალავენ?
უმალავენო... ხვიხვინებენ. ასე ცხენივით იციან ხვიხვინი და თითქოს თავისი ჭკუით იცინიან. სასაცილო რა არის? ბებია მოკვდა... თინა ბებო... ეჰ, ბებია რომ კვდება, მაშინ მთავრდება ეპოქა... თინა ბებია რომ კეცზე ხაჭაპურს დააკრავდა, ყველი რომ გადმოდიოდა სიფრიფანა ცომის თხელი კედლებიდან,  იმაზე გემრიელს რას ჭამდი, …ეს აბდლები კი იცინიან...
უკვე წავიდა? - ისევ მე ვკითხულობ. კი, წავიდა გაღმა, მარილზეო. არა, კაცო, ვასოზე ვამბობ-მეთქი. ვასო ჯერ ცოცხალია. ხო, ისე გაკოჭილი წაიყვანეს, რამე თავს არ უხიმანდროსო.  თურმე  სახლიდან რომ დაურეკავთ, ჩამოი არ გვყავს შენი საყვარელი ბებია: არა მჯერა,  აბა თუ მოკვდა - დამალაპარაკეთო, ასე უთქვამს. 
კიდე იცინიან - აბდლები. 
ხვალ მივდივართო. ხო კარგი, ვეუბნები, ბილეთს ავიღებ.
გულში ვფიქრობ, პლაცკარტს ავიღებ – იაფია,  მერე  ვიტყვი კუპე არ იყო, აბა ესენი ხო ფულს არ მოგცემენ.
მივდივარ სალაროებთან. ჩემი  ბედი რა-ვთქვი!  არ იყო პლაცკარტი -  მხოლოდ კუპე. სამი ბილეთი - ოცდათექვსმეტი ლარი – ფაფუ...
სახლში ვთქვი, სოფელში მივდივართ ბიჭები, ვასოს ბებო აღარ ყავს...
ცოლი მეუბნება, წადი, ცოტას დავისვენებ...
რისგან, ვეკითხები... შენგან, მპასუხობს. არადა რომ კითხო ვუყვარვარ...  ბავშვებიც წაიყვანე, ჰაერს გამოიცვლიან... – ამას სიდედრი მეუბნება, დარო... ეჰ, ვისთვის დარო, ვისთვის ავდარო, წარღვნავ და ცუნამო...
მეთქი, რატო უნდა ვაწვალოთ ბავშვები, მატარებლით მივდივართ... 
- ხო, წადიიი... - აგრძელებს ცოლი, - შენ ბავშვებს განდობ?!  - მეკითხება, თითქოს მარტო მისი იყოს, თან  უფროსს თავში უპარტყუნებს, წიგნს უყურეე...
- მამაა! … - ტირის ბავშვი.
პედაგოგია ახლა ეს? მე დირექტორი ვიყო ამას საკლასო ოთახშიც არ შევუშვებდი, დიდი-დიდი საძინებელ ოთახში შემეშვა -  ვბრაზობ ცოლზე, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვბედავ. დაცვა გვერდით უზის – სიდედრი. 
- მოდი შვილო ჩემთან, – ვეძახი.
- იჯექი, – ეს ცოლი უბრიალებს თვალებს. მიშველე, - თვალებით მეუბნება ბიჭი, ეჰ რა გიშველო, შვილო... კიდე კარგი, მეორე ბავშვიც მყავს იმას მაინც მოვეფერო.  გოგოს ვეძახი. ის მოდის და მუხლზე მისკუპდება... უცებ არ ვიცი რატომ ცხვირზე წაივლო თითი – სიდედრმა.
-  ბებო, რემონტი გაქვს? – არ გამორჩა მისი მოძრაობა პატარას... ახლა ერთი გულიანი გაცინება ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ თავს ვიკავებ, პირიქით საუბრის თემას ვცვლი.
-    აბა მამიკო, ვისი გოგო ხარ შენ? -  ჩემი ანგელოზი,  ოთხი წლისაა უკვე... კევის ღეჭვის გარდა დათვლაც იცის – ინგლისურად – ნეტა რაში სჭირდება?   
-    გიგა გაგუას!
ცივად ჩამოსვი ბავშვი მუხლიდან - გამისკდა გული,  ლიკას ვუბრიალებ თვალებს, ვინ  არის ეს გიგა გაგუა-მეთქი, თურმე ბაღში ჯგუფელია...
-      მეორედ არ დავინახო იმ ბაღში წასული! – დავწყნარდი ცოტა.
-    ვაიმე, რა გეშველება შენ! – მოსწყდა ცოლი განათლებას.
-    გეუბნებოდი!? დამიჯერე!? ვერ ხედავ - ვერ არი!
სიდედრის დასკვნა, წყალგაუმტარი. ეჰ, რად შევიკავე წეღან გაცინება,  როგორ უთხრა? ბებო რემონტი გაქვსო... აშკარად მჯობია შვილი...



*  *  *

მატარებელი გადის თერთმეტზე, თერთმეტის ნახევარია, არავინ ჩანს, მოვლენ. გავიდა ათი წუთი, კვლავ არავინ ჩანს. ვრეკავ ალიკასთან – იგივე ბატონი ალექსანდრე – დიდი ქიმიკოსი, რომელიღაც უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 
-  სად  ხარ პროფესორ? – ვეკითხები, თან ხალხს ვათვალიერებ, იქნებ რომელიმე გამოჩნდეს.
-  აქ! – აქეთ-იქეთ ვიყურები, არსად ჩანს.  ა გიჟი, ხო უნდა თქვას, სად აქ?
-  სად აქ? მატარებელი გადის სადაცაა.
-  ხო რა იყო,  მანდ არა ხარ!? გააჩერე!
ხო ვთქვი, გიჟი. ამას გონია სადგურის უფროსი  ვარ!
-  გიჟი ხო არა ხარ, რა გავაჩერო!
-  მოვდივარ! 
ახლა მეორეს ვურეკავ, სოსო. ამას საერთოდ გათიშული აქვს, თუმცა მოიცა მეორე ნომერი.
-    მე მირეკავ? – თურმე ჩემს უკან დგას, მომცრო ზომის ჩანთა გადაუკიდია ხელები კურთუკის ჯიბეში ჩაუწყვია და იცინის.
-    სად ხართ, გავა მატარებელი სადაცაა...
-    მე აქ ვარ, ალიკა სად არის?
-    მე რა ვიცი! ალბათ ბანაობს.
-    ბიჭებს გაუმარჯოს, - როხროხებს ალიკა. მოსულა.
მისალმებ-ჩახუტება გავიარეთ, ვაგონისკენ მივდივართ.
-    საწყალი  თინა ბებია, – ამბობს  ალიკა.
-    კი.
-    ნოკიას სატენი გაქვს?
რა შუაში იყო.
-    არა.
-    რატო? შენ ხო ნოკია გაქვს?
-    ნოკია მაქვს სატენი არა,  დატენილია ჩემი.
-    მეც მეგონა დატენილი იყო, ჯდება.
-      მეც მეგონა  ტვინით ხარ დატენილი, მობილური დაუტენავი მოგაქვს.
-      არა უშავს შენი ხოა დატენილი. 
-      თავი თუ ტელეფონი?
-      ტელეფონი!
-      კი!
-      ხოდა შენით დავრეკავ!
    მართლა პროფესორი. 


*  *  *

ავდივართ ვაგონში, კუპეების კარები ღიაა, არის ფუსფუსი, დაბარება, კოცნა.
-    გამცილებლებმა დატოვონ კუპეები, სამ წუთში გავდივართ... – ყვირის ვიღაც... გამცილებლები ფაცხა-ფუცხით ტოვებენ ვაგონს. ჩვენ არავინ გვაცილებს.
ჩვენი ადგილებია 33, 34, 35... ერთი სტუმარი გვეყოლება. აი ისიც. რა ლამაზია, თან თითქმის შიშველი - ჭიპიც უჩანს და სხვა რაღაცეებიც, მგონი ახალი ამდგარია ლოგინიდან. ამასობაში ალიკა ანეკდოტს ყვებოდა, გურულს რომ წნევაზე  ეკითხება ექიმი, რამდენს ატარებო. გურული ეუბნება, წნევას კი არა პირადობის მოწმობას არ ვატარებო. გასაგებია მაგრამ თუ გაგისინჯავთ მაინც რამდენი გაქვთო,  არ იცის რა უპასუხოს და ცოტას ხო არ ვიტყვიო და სამასი, ოთხასი, ხუთასიო – თან ეჭვობს ხო არ მივაკელო, მართლაო, უკვირს მოსაუბრეს. გურულმა ეს რა არის, თუ გამაბრაზეს ათასხუთასამდეც ავდივარო... ჩვენ რომ რეაქცია არ გვქონდა, მერე მზერას გააყოლა თვალი... მასაც ჩაუვარდა ხმა.   
- მეთე კუპეა? – რა ნარნარი ხმა აქვს... ამათ პირები ისევ დაფჩენილი აქვთ, მე ვპასუხობ.
-    კი.
-    36-ე ადგილი აქ არის.
-    კი.
-    შეიძლება შემოვიდე?
-    არა, უფრო სწორად კი.
შემოდის. თავიდან არა რატო ვუთხარი, ვერ ვხვდები.
-    პლაცკარტი მინდოდა, არ იყო... ეს ბილეთი მომცეს. -  თქვა, თითქოს მოიბოდიშა და ჩემს გვერდით ჯდება. 
-    მეც პლაცკარტი მინდოდა და არ იყო, – ვამბობ ისევ მე. სილამაზე სიმართლეს გათქმევინებს.
-    შენ ხო არ გააფრინე გოგო! – უცებ ყვირილის ხმა გვესმის...
-    ჩავკეტოთ რა კარები.,  – ამბობს გოგო და დამფრთხალი იწყებს კარებზე ჯაჯგურს... ჩვენ სამივე გაშტერებულები ვუყურებთ, გოგო კარის დაკეტვას ვერ ასწრებს
-    ლიკა, დაბრუნდი სახლში! -  აქაც ლიკა.
-    არა. წადი შენს კახპასთან...
-    ლიკა დაბრუნდი სახლში! – ყვირის ისევ ის კაცი ალბათ ქმარი და ჯიბიდან პისტოლეტს იღებს... რაღაA მაინც და მაინც ლიკა. სახელების მეტი რა არის ?!
-    ბიჭებო,  მომეხმარეთ!  – ყვირის გოგო.
ეს მინდოდა. ლიკა მაინც არ ერქვას, რო მოკლას ამ გიჟმა, რას იტყვის ჩემი ცოლი? კურიერიდან ხო გაიგებს მერე,  რომ  ლიკა ერქვა.  ამ ორ პროფესორს ისევ პირი აქვს დაფჩენილი. მე ვდგები,  მინდა ეს გაგიჟებული - ალბათ ქმარი, გავაჩერო...
უცებ იქეთ კამერას ვამჩნევ, ციხის არა, გადამღებ კამერას, ალბათ ვიდეო პატრული. სე უცებ საიდან გაიგეს...
უცებ ეს ქმარი,  ყვირილიდან სიცილზე გადადის:  გაიღიმეთ, ფაარრული კამერაა...
ვერ არიან რა... გაიგდო უნდა ესენი  ახლა ორივე წიხლქვეშ და ოპერატორიც მიაყოლო თან... გაიღიმონ მერე...
 

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები