ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
18 სექტემბერი, 2011


გასაუბრება ღმერთთან

ერთხელ......
თუმცა ასე არ ეგების...... ალბათ ერთ მშვენიერ დღეს (ისე კი ყველა დღე მშვენიერია!.....)  მომქანცველი სამსახურის მერე სახლში დავბრუნდი, დღე ისე მიილია რომ ვერც შევიგრძენი ,ახლა ვიჯექი მთელი საღამო და რაღაც სისულელით ვიყავი დაკავებული ,ანუ წინ მონიტორი მედგა, შესაბამისად კეისი მაგიდის ქვემოთ,  ერთი ხელი კლავიატურაზე მედო მეორეთი შუბლს ვისრესდი.
  ფრიად ნიშანდობლივი იყო ახლა ჩემი ქმედება!.... მე უფერული დღის გაფერადებას ვცდილობდი, თითები მოძრაობდნენ ,თავისით ბეჭდავდნენ თითქოს...  ღმერთო ჩემო!... ვფიქრობდი , შევძლებ თუ არა გამოვთქვა ის რასაც ვგრძნობ ?...ნუთუ შევძლებ გავაშიშვლო ჩემი გული და იქ დაგუბებული ტკივილი?.....
    აი ამ სიტყვას ვწერდი ზუსტად როცა მხარზე რაღაც შემეხო.
–––ვააააჰ!.....  ვიყვირე და უკვე მთელი ტანით ვცახცახებდი, რადგან მარტო ვცხოვრობდი და რა უნდა შემხებოდა ?....არც კატა მყავდა არც ძაღლი არც მაიმუნი ...
( თუმცა მაიმუნები რად მინდა  ისინი ხომ ისედაც ყველგან არიან....)
  ოთახში მოხუცი იდგა მთლად თეთრი ემოსა და თითქოს ჰაერში ლივლივებდა.
რაღაც შევიგრძენი ინსტიქტურად და მუხლებზე დავეშვი.
––––ადექ !....მიბრძანა მან  ,დავემორჩილე და დავჯექი.
–––რას აკეთებ?....მკითხა,  მკითხა ...... თუმცა კი შევატყვე ,ყველაფერი ,ყველაფერი ისედაც იცოდა, უცნაურად და გამჭოლად მიყურებდა.
–––ვწერ.....  ვუთხარი და თავი ჩავღუნე.
––წერ.....  გაიმეორა  მან და მოწყალედ გამიღიმა, კი მაგრამ, რისთვის ?....
–––არ ვიცი...... ვუთხარი და უფრო მოვიკუნტე.
––სწორადაც !... სწორადაც რომ არ იცი , სამაგიეროდ მე ვიცი .....მითხრა და ისევ გამიღიმა.
––––თუ ყველაფერი იცით ,–––– გავთამამდი და თავი ავწიე ––––– მაშინ იქნებ დამეხმაროთ?....
–––მეე ?....მე დაგეხმარო ?...–––– გადაიხარხარა  მან ,–––– რა თქმა უნდა!.....  მე ხომ ყველაფერი შემიძლია !... წარსული, აწმყო, მომავალი !.....ყველაფერს ვჭვრეტ, ყველაფერს ვმართავ ..... სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო ადამიანო ,არის შემთხვევები როცა მეც უძლური ვარ....
  თავზარი დამეცა. ნუთუ ?....ნუთუ?.... ისე ვკანკალებდი საფერფლე მაგიდიდან ძირს ჩამოვაგდე, მაგრამ აღება არც მიცდია .
––დიახ ,–– გააგრძელა ღმერთმა,–––  რადგან ადამიანთა სიბრიყვე სისულელე და გაუტანლობა განუკურნებადია––– მან სიგარეტის ნამწვი აიღო და ყურადღებით შეათვალიერა.....  ეტყობა ნახა რომ ეს  8 ნომერი KENT-ი არ იყო და ზიზღით დააგდო ისევ ძირს.......  მერე აუღელვებლად გააგრძელა –––– მე მხოლოდ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს ადამიანები , სიყვარულის გარდა რა შემიძლია?.... და განა ეს საკმარისი არაა ?.... და განა ეს ყველაფერი არაა?.... სიყვარული???..... მაგრამ თუ მათ გულში ბოღმა და სიძულვილია, მე უძლური ვარ, უძლური !....სულ არაფერი შემიძლია და თანაც....
აღარ ვიცოდი უკვე რა მეთქვა ,ამიტომ ვდუმდი, მხოლოდ ვუსმენდი და ვუსმენდი,  ცრემლები მომაწვა !..ახლა უკვე ღვარად რომ მოედინებოდა ჩემი თვალებიდან ... დაიტბორა მთელი ოთახი, ძირს დაყრილი სიგარეტის ნამწვები კუთხეში შეგროვილიყვნენ ,როგორც მკვდარი თევზები , კეისში წყალი შევიდა და ის აფეთქდა......
ჩაბნელდა მონიტორი, მერე ამას ქსელში მოკლე ჩართვაც მოჰყვა და ოთახში სიბნელემ დაისადგურა ,მე ისევ ვტიროდი და ვტიროდი, არც მესმოდა როგორ ხმაურობდნენ ქვედა სართულზე მეზობლები ....
წყალი უკვე მკერდამდე მომწვდა.
–––ღმერთო!... ღმერთო!.... რატომ მიწა არ გამისკდება და არ ჩამიტანს ამ წყეულ ქვეყანაში ?....–––ვგოდებდი ხმამაღლა ,შიშმა მოიცვა ჩემი გონება ,თვალი დავაჭყიტე რომ კარი მეპოვა და იქით გამეცურა, წყალი თვალდათვალ მატულობდა, მე მიკვირდა ღმერთის ასეთი უსუსურება კაცთა მოდგმის ამ სენის წინაშე, გულგრილობისა და ფარისევლობისა!...
დიდხანს ვეძახდი ღმერთს ,მაგრამ ის არ ჩანდა.

.............................................................................................................................................................................................




  აქ ნაწარმოების სიუჟეტური ხაზი ცოტა გაურკვეველია ,ეტყობა ავტორი ცდილობს რამე მოიმოქმედოს, წესრიგი დაამყაროს ,მაგრამ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და ის სამარცხვინოდ გარბის.
კიბეზე მას საკუთარი ნაწარმოებების პერსონაჟები ხვდებიან .ალეწილები.
––როგორ მიდიხართ უკვე მოღალატევ ?...და ფინალი ?....რა ხდება შემდეგ?....
ავტორი ძალიან ნერვიულობს ,თავს აქნევს ცხენივით, ცდილობს გაიქცეს, მაგრამ ბოლოს ხედავს რომ მთელი კიბე გადაკეტილია..... გაქცევა კი უკვე შეუძლებელი!.....
ახლა ის არეული ნაბიჯით გარბის უკან, მსახიობები გაჰყვირიან ,მათ ხმას კედლების ექო აძლიერებს...
––თქვენ არ გაქვთ უფლება ასე დასტოვოთ თეატრი!....
––უსინდისო!... ამას ვიმსახურებთ?...
––დაასრულეთ წარმოდგენა ,მტარვალო!!!....
ზოგი პერსონაჟი ჩემს დაცვას ცდილობს ეტყობა ....რადგან იქ უკან უკვე ხელჩართული ჩხუბია.
აღარავის ვუსმენ და გავრბივარ ,სცენისკენ.
ჩხუბი კულისებიდან ჯერ სცენის კუთხეში ,მერე მაყურებელთა დარბაზში გადადის.
––რა საშინელებაა!..... თქვა ქალბატონმა და მარაო აიფარა სახეზე.
––სულ დაკარგეს სირცხვილი!.... იკივლა მეორემ და გულწასული სკამზე გადაემხო.
დიახ !... სხვა გზა აღარ დამიტოვეს ,ისევ ვერაგულად განათებულ სცენის შუაგულს მივაშურე.
"ღმერთი" ჩხუბის მერე გვერდზე მოქცეულ წვერს ისწორებდა, მერე მედიდურად განაგრძო "პიროტექნიკოსების" მიერ გაშვებულ სიგარეტის კვამლში ლივლივი.......  მე ––– დაცემა!....
–––სახელითა!.... სახელითა მამისა!....–– გაიმეორე!....–– ჩამესმა სუფლიორის ხმა––– სახელითა მამისა და ძისა !....ძისაააა !!!!.....გაიმეორე!.....
––სახელითა მამისა და ძისა ...... მიდი, ჰააა!.....  –––ამომძახეს დარბაზიდან.
მივიხედ–მოვიხედე .გამოვფხიზლდი.
დიახ მეგობრებო, მე განვაგრძობ წარმოდგენას....
დაე ასე იყოს.....
სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, ამინ.


                                                                  ფარდა





სერგეი ნეველი . 18.09.2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები