ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2011


მონა გრაფინია

კარანტინი  გამოცხადდა  საგრაფოში,
გაიფიცა  მეტიჩარა  გრაფინია..
გამიხარდა  გაგიჟებას  რადგან  მორჩი,
რადგან  გიჟი  სათქმელადაც  ადვილია.
გაიფიცა  არამარტო  გრაფინია,
არამედაც  მისი  ჯიშის  ორი  მონა,
რომ  ,,გრაფები  მონებს  აღარ  დასცინიან’’ –
ეს  სიცრუე  ჯალათობამ  მოიგონა,
რომ  გრაფები  მონებს  აღარ  დატირიან,
წამდაუწუმ  იმეტებენ  სასიკვდილოდ,
რა  აზრი  აქვს,  ყველაფერი  მარტივია,
რა  აზრი  აქვს  მონები  რომ  დაიტირონ.
დანაყრებულ  მონებს  მზეზე  გამოფენენ
აშკარად  და  მათსავე  რიგს  მიათვლიან  -
თითო  ცოლს  და  თითო  შვილსაც..  მათ  ხომ  მერე
უბნელდებათ  აზრი,  ვისიც  ხილვადია;
ვისი  სიტყვაც  ფიალაში  ჩაქცეულა
სადღეგრძელოდ…  შემოკლებულ  დღის  მაგივრად.
მონათმფლობელს  მოეჩვენა  ასეულად  -
ორად  ორი  დანგრეული  პირამიდა.
დღის  პერანგი  შემოიცვა  ღამით  გრაფმა
და  ლერწამებს  ჩამოწყვიტა  ამბიცია..
მისმა  ცოლმა  სადღაც  გრძნობა  აიქაფა,
თუმცა  ეს  ჯერ  საგრაფოში  არ  იციან.
რომ  გაიგებს  გაგიჟდება  ალბათ  გრაფი,
ანდა  სულაც  არ  შეიტყობს  აღელვებას;
სხვანაირად  დაეცლება  არაქათი,
სხვანაირად  უფრო  ადრე  დაბერდება,
მაგრამ  იქაც  შეჩვეულან  ცოლებისგან
ღალატსა  და  შენაცვლების  მიმდევრობას..
დანაწილდა  საგრაფოში  როლები  და
აღარ  უნდა  აღარავის  ლიდერობა…
კარანტინმა  გაამართლა  საგრაფოში,
დაუბრუნდა  სამუშაოს  გრაფინია
და  მონების  ლიდერობას  რადგან  მორჩი,
სალიდეროდ  ყველა  მონა  ნაყიდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები