ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: იუმორისტული
8 ოქტომბერი, 2011


დაბადება (ნამდვილი ამბავი)

  ღამის ორი საათი იქნებოდა. კომპიუტერთან ვიჯექი და "სკაიპში" ვსაუბრობდი, როდესაც ხმამაღალი წამოკივლება მოსწვდა ჩემს სმენას. მივხვდი, რომ ეს სამშობიარო ტკივილების დასაწყისს ნიშნავდა. სასწრაფოდ  მივვარდი და ხელში ავიყვანე, ჩემს ძმას კი ვთხოვე, ქვეშაგები დაეგო მისთვის. გულზე მყავდა მიკრული და აშკარად ვგრძნობდი, როგორ აწვებოდა ჯერაც დაუბადებელი პატარა დედის მუცელს შიგნიდან.
  წამოვლითი ტკივილები ჰქონდა, მიყუჩდებოდა რამდენიმე წუთით, მერე ისევ კვნესას იწყებდა.
  დავაწვინე. მის თვალებში იკითხებოდა მარტო დამტოვეთო. ასე სჩვეოდა: ტკივილებს ყოველთვის მარტო უმკლავდებოდა.
  ცოტაც დავაცადე, იქნებ, რამე დასჭირდეს მეთქი და დავწექი.
  დილით ძალიან ადრე ავდექი და პირდაპირ მასთან შევედი - ტყუპები შესძენოდა. საოცარი თვალები ჰქონდა: სიდინჯეჩამდგარი, სიხარულითა და სითბოთი ანთებული, მზრუნველი... უფრო დაქალებულიყო და გალამაზებულიყო. ეტყობოდა მძიმე წუთები გამოევლო, მაგრამ შვილებთან ჩახუტებას ყველაფერი დაევიწყებინა.
  პატარების მამა არსად ჩანდა. ალბათ, თავის ძმაკაცეთან თუ დაეხეტება ეგ ხეპრე. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მათი ურთიერთობის, მაგრამ ეტყობა სიყვარულს მართლა დიდი ძალა აქვს და ყველა წინააღმდეგობის გადალახვა ძალუძს.
  ეზოში მეზობლის ბიჭი იდგა, ჩემი გოგოს ძველი თაყვანისმცემელი. ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით. ალბათ, პატარებსაც გაუწევდა ღირსეულ მამობას, ჩემს გოგოს რომ მიეღო, მაგრამ ის მას მამაკაცად არასდროს აღიქვამდა, რადგან მასზე გაცილებით უმცროსი იყო და ფაქტიურად მის თვალწინ გაიზარდა.
  სამზარეულოში შევედი ჩაის მოსადუღებლად (გამეგო სადღაც, მეძუძური დედებისთვის ჩაი ძალიან კარგია, რძეს მოუმატებსო). სანამ საქმეს მოვრჩებოდი, ხმაური შემომესმა. სასწრაფოდ შევედი და რას ვხედავ: ეს მეზობლის ბიჭი ჩაცუცქულა  და ვნებამორეული თვალებით მისჩერებია დედას, რომელიც მკერდმოშიშვლებული ძუძუს აძლევს შვილებს. გავგიჟდი ასეთ უმსგავსობაზე (ყველა მამრი ერთნაირია! -დავასკვენი უკვე მეათასედ) და ლანძღვა-გინებით გავაგდე სახლიდან ის უნამუსო.
  ჩაი დავალევინე და დაველოდე სანამ ჩაეძინებოდათ (საოცარი სანახავი იყო დედა, მკერდზე ტკიპასავით მიკრული პირმშოებით), მერე კი გამოვედი და წერას შევუდექი. დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა: ჩემს ოჯახს ხუთი წევრი შეემატა... ხუთივე ხვადი. ჩემი ცუგა კი უკვე აღარც მახსოვს მერამდენედ გახდა დედა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები