ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2011


ეს შემოდგომა ქართული

ხიდან ფარფატით ცვივა ყვითელი ფოთლების ჯერი,
მათ ბუნებრივი ხალიჩით მოქარგეს მთა და ველი,
ჰე, შემოდგომა მოსულა, მე რა ხანია ველი,
ირგვლივ დგას სუნი სიმწიფის, მსუყე, დამტკბარი, მწველი.

გადახუნძლულა ტოტები ვაშლის, მსხლისა თუ კომშის,
იქით ყურძენი გვიცინის, აქ წითლად ღუის შტოში,
ხურმა სანთლებად ანთია, ისმის ჩიტების მარში
და ყურძნის წვენი ლიკლიკით მიედინება ღარში.

აგერ, მარნიდან მოისმის შეძახილები ლაღი,
ჭირნახულს აბინავებენ გაძარცვულია ბაღი,
ჩხრიალი გააქვს ლობიოს, სიმინდის დადგა გორა,
ჩალის კონები ჰკიდია სახლის ახლო თუ შორა.

იქით ჰაერში იბნევა მძაფრი სურნელი ბადაგის,
აქეთ მაჭარი შუშხუნებს, ნაპერწკლებს ისვრის, გადადის.
კოხტად ირწევა მზის გულზე ჩურჩხელა, ჩოხა ჩაცმული,
უცხო საყურეს გაგონებს ჩირი – ლამაზად აცმული.

აივსო ბეღელ–ნალია, კიდობანები, კასრები,
ცეცხლის პირს შემოჯდომიან, ღვინოს სინჯავენ კაცები,
ბებიებს მოუძებნიათ თითისტარები, ჩხირები,
თაგუნებს სხვენზე ფეხბურთი უთამაშიათ თხილებით.

ქალნი, ვაჟები უჭვრეტენ ერთურთს შეფარვით, ჩუმადა,
ბევრი ოჯახი იმას ბჭობს ვინ მოიწვიონ თამადად,
დრო შემოსულა ქორწილის, აგე, გაისმის მაყრული...
ასეთი იყო, იქნება ეს შემოდგომა ქართული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები