ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ის....
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2011


წვიმების სეზონამდე

  ამბობენ, რომ ჩვენი სოფელი ხის მჭრელებისაა. გაზაფხულზე, როცა წვიმები რომელიღაც ნახევრად ჩაცმული ღმერთის პეშვებში ბრუნდებიან, აქაური კაცები თავდახრილები ჩაიბუტბუტებენ ხოლმე, რომ ოჯახისთვის ასე ჯობს, მერე წელზე თოკით იმაგრებენ ცულებს და ნელი ნაბიჯებით მიჰყვებიან გზას მთებისკენ. დედა ამბობს, თუ ყოველ საღამოს სახლის წინ მდგარ მაღალ ხეს სამჯერ  შემოვუვლით, წვიმების სეზონის დაწყებისას მამა შინ უვნებელი დაბრუნდება. მე ხანდახან ვიღლები და მავიწყდება  ხის გარშემო წრეზე სიარული.
  ჰეიმას მამას არ ჰქონდა მამაჩვენებივით დაკოჟრილი ხელები და მალე მოკვდა. ახლა მის სახლში შავთავშლიანი მოხუცი ქალი და გრძელთმიანი გოგო ცხოვრობენ. წვიმების სეზონის დროს ხშირად მივდივართ  მათ სახლთან და ღობის გარედან ვუყურებთ, როგორ ზის ჰეიმა ფანჯარასთან და ქსოვს. ხანდახან უცნაურად შეკრთება ხოლმე , საქსოვს თავს ანებებს და შორეულ მთებს გასცქერის. მერე რაღაც მოგუდული ხმა ისმის სახლიდან და ჰეიმაც გარეთ გამოდის. სვიტერის სახელოებით თითებს იფარავს  და მობუზული იგროვებს ფიჩხს მკლავებში. ხანდახან მინდა, რომ მივეხმარო, მაგრამ ბიჭები დამცინებენ.  ქოხის საკვამურიდან მკრთალი კვამლი ამოდის ხოლმე, ალბათ, ცივა ჰეიმას.
  ზახფულში, როცა მდინარე პატარავდება, აკეცილი შარვლებით მუხლამდე წყალში შევდივართ და თვალდახუჭულები  ვტრიალდებით მზისკენ . ჩვენი მამები ხის მჭრელები არიან და ჩვენ ცურვა არ ვიცით. ხანდახან თევზებს ვიჭერთ  და პატარა ჯოხზე ჩამოცმულები მიგვაქვს შინ. როცა გზად იმ მინდორს გავდივართ, რომელზეც ჰეიმა და შავთავშლიანი ქალი აგროვებენ თივას, მე ზურგს უკან ვმალავ თევზებს. ჰეიმა თმას იწევს და ჩვენს ანკესებს უყურებს. თვალებში მსუბუქი სევდა აქვს ხოლმე ამ დროს.
  საღამოობით, როცა ჩვენ წყაროზე ავდივართ მაყვლით დასვრილი ხელების დასაბანად, ჰეიმა ხის ქვეშ ზის, თმაგაშლილი, მუხლებზე ხელებშემოხვეული და წყლის ხმას უსმენს. ერთხელ გვითხრა, მე არ შემიძლია დარჩენა და თქვენ მაინც გათიეთ აქ ღამე, გაიგეთ, მართლა თუ იძინებსო ღამით წყალი. ჩვენ გაგვეცინა და ის სწრაფად გაგვშორდა. მოთიბული ბალახის სუნს ტოვებდა ჰეიმას გრძელი თმა.
  როცა შემოდგომა მოდის და სიმინდების ძნებად შეკვრის დრო დგება, აქაური ქალები სულ უფროდაუფრო ხშირად ფიქრობენ ქმრებზე. ვუყურებთ დედების სიმინდის ხმელი ფოთლებისგან დასერილ ხელებს და ეჭვი გვეპარება ჩვენი მამების სიტყვებში, რომ ოჯახისთვის ასე ჯობს. ჰეიმა და თავშლიანი ქალი ყველაზე გვიან ამთავრებენ  სიმინდის დაბინავებას. როცა ჩვენ წენგოიანი ხელებით კაკლის ხის ქვეშ ვსხედვართ, გამოივლიან ხოლმე თავჩაქინდრულნი. ჰეიმა გვაკვირდება თითებზე და ჩერდება. ამ დროს მოხუცი მოტრიალდება და გოგოს ეუბნება, მიწიდან ამოგცქერისო უბედური მამაშენი. ჰეიმა ისევ  თავს ხრის და თავშლიან მოხუცს მიჰყვება. გვიან ბრუნდებიან ხოლმე შინ, მხარზე სიმინდის კონით.
  გზები რომ  წითელ-ყვითელი ფოთლებით იფარება და ჰაერშიც შინდის სურნელი დგება, ჩვენი დედები მოსვენებას კარგავენ. შუაღამისას თმაგაშლილები მიდიან ფანჯარასთან და აყურადებენ, ხომ არ გაწვიმდა. დილით ჩვენ მდინარეზე გვიშვებენ, მთიდან პირველი ტივის ჩამოცურება რომ არ გამოგვრჩეს. მერე როცა პირველ მორებს ამოვათრევთ ხოლმე მდინარიდან და შემოდგომის მზეზე დავაწყობთ გასაშრობად, დედები  ხელებმოჩრდილულნი მთისკენ იწყებენ ყურებას. მერე მამებიც ბრუნდებიან კიდევ უფრო მეტად დაკოჟრილი ხელებით.
  ბოლოს ჩამოტანილი მორები კაცებს ჰეიმას სახლში მიაქვთ ხოლმე. მერე ქუდებს იხდიან, თავს უკრავენ მოხუცს და შინ ბრუნდებიან. ჰეიმამ ზუსტად იცის, რამდენ ხანს ეყოფათ ეს შეშა. ისევ მსუბუქი სევდა აქვს თვალებში.
  პირველი წვიმა რომ მოდის, მე მივდივარ ჰეიმას სახლთან და ვუყურებ, როგორ დგება ის ზურგით ფანჯრისკენ და თმას იჭრის. უცნაურია, გაზაფხულზე ისევ გრძელი თმა აქვს ხოლმე. ალბათ, ერთ დღეს ჰეიმას მუჭებით მივუტან წაბლს. ჯერ არ ვიცი..
  ჩვენ ხის მჭრელთა სოფელში ვცხოვრობთ და აქაურ კაცებს დაკოჭრილი ხელები აქვთ. წვიმების სეზონამდე ჩვენც ჰეიმასავით ობლები ვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები